კბილების რუკა (ოდონტოგრამა): FDI ნუმერაცია, ზედაპირები, მდგომარეობები, სარძევე კბილები, კბილის ისტორია
Activi Dent-ის კბილების რუკა: FDI ნუმერაცია, მუდმივი და სარძევე კბილები, ხუთი ზედაპირი (M, D, O/I, B/V, L/P), 18 მდგომარეობა ფერებით — კარიესი, ბჟენი, პულპიტი, არხი, გვირგვინი, იმპლანტი, ხიდი, ამოღებული და სხვ.; შრეები „არსებული“, „შესრულებული“, „დაგეგმილი“; დათვალიერების ჩაწერა, კბილის ისტორია, წაშლა, DMFT; პროცედურა გეგმაში ან დღეს.
კბილების რუკა (ოდონტოგრამა) სტომატოლოგიური ბარათის პირველი ჩანართია. რუკაზე ჩანს, რა მდგომარეობაშია ყოველი კბილი ახლა — პროგრამა ამას კბილის მთელი ისტორიიდან ითვლის: რა იპოვა ექიმმა დათვალიერებისას და რა გაკეთდა კლინიკაში.

როგორ არის აწყობილი რუკა
- ნუმერაცია — FDI (ISO 3950): ზედა მარჯვენა 18–11, ზედა მარცხენა 21–28, ქვედა მარცხენა 31–38, ქვედა მარჯვენა 48–41. სარძევე: 55–51, 61–65, 75–71, 81–85. რუკა დახატულია ისე, როგორც ექიმი უყურებს პაციენტს: პაციენტის მარჯვენა მხარე რუკის მარცხნივაა (წარწერები „მარჯვენა“ / „მარცხენა“).
- კბილი დახატულია პროფილში — გვირგვინით და ფესვებით, თავისი ტიპის მიხედვით (საჭრელი, ეშვი, მცირე და დიდი ძირითადი; სარძევე — უფრო პატარა).
- ზედაპირების დისკი — თანკბილვის ხაზის გვერდით, ყოველ კბილს: ცენტრი — საღეჭი (წინა კბილზე კვეთის კიდე), გარეთა სექტორი — ლოყისმხრივი / ვესტიბულური, შიგნითა — ენისმხრივი (ზედა ყბაზე სასისმხრივი), შუა ხაზისკენ — მეზიალური, გარეთ — დისტალური. სექტორზე მაუსის მიტანა აჩვენებს ასოს.
| ასო | ზედაპირი |
|---|---|
| M | მეზიალური |
| D | დისტალური |
| O / I | საღეჭი / წინა კბილზე — კვეთის კიდე |
| B / V | ლოყისმხრივი / წინა კბილზე — ვესტიბულური |
| L / P | ენისმხრივი / ზედა ყბაზე — სასისმხრივი |
მდგომარეობები და ფერები
ზოგი მდგომარეობა ზედაპირზე იწერება, ზოგი — მთელ კბილზე:
| მდგომარეობა | სად | როგორ ჩანს |
|---|---|---|
| კარიესი | ზედაპირი | წითელი ზედაპირი, წითელი წერტილი გვირგვინზე |
| ბჟენი | ზედაპირი | ლურჯი ზედაპირი და ლურჯი ნიშანი |
| ჰერმეტიკი | ზედაპირი | ფირუზისფერი |
| ჯანმრთელი | კბილი ან ზედაპირი | ასუფთავებს: ზედაპირზე — მის ჩანაწერს, მთელ კბილზე — ყველაფერს |
| პულპიტი | კბილი | წითელი ოვალი პულპაში |
| პერიაპიკალური ცვლილება | კბილი | მუქი წრე ფესვის წვერზე |
| არხი დაბჟენილია | კბილი | იისფერი ხაზები არხებში (პულპიტის ნიშანი ქრება) |
| შტიფტი | კბილი | იისფერი შტიფტი ფესვში |
| გვირგვინი | კბილი | ოქროსფერი გვირგვინი და რგოლი დისკის გარშემო |
| ვინირი | კბილი | ვარდისფერი გვირგვინი |
| ხიდის საყრდენი / ხიდის შუალედი | კბილი | ხიდის ზოლი საყრდენებს შორის; შუალედი — გვირგვინი ფესვის გარეშე |
| იმპლანტი | კბილი | იმპლანტის ხრახნი (გვირგვინის გარეშე — აბატმენტით) |
| არ არის / ამოღებულია | კბილი | მკრთალი „აჩრდილი“ და ✕ |
| ფესვის ნაშთი | კბილი | მხოლოდ ფესვები |
| რეტინირებული | კბილი | დახრილი კბილი, ნიშანი „Rt“ |
| მოტეხილობა | კბილი | ტეხილი ხაზი |
| მორყეობა | კბილი | ნიშანი „M1“, „M2“ ან „M3“ (ხარისხი) |
რუკის ქვეშ — ლეგენდა პაციენტის რაოდენობებით (მაგ. „კარიესი 1“, „ბჟენი 3“, „არ არის 1“) და DMFT — კბილები, რომლებსაც კარიესი, ბჟენი, გვირგვინი, იმპლანტი აქვს ან აკლია (ერთი კბილი ერთხელ ითვლება).
დაგეგმილი სამუშაო (მიმდინარე გეგმიდან) ჩანს წყვეტილი კონტურით — იმ ფერით, რაც კბილზე შესრულების შემდეგ დარჩება (მაგ. ოქროსფერი წყვეტილი — დაგეგმილი გვირგვინი), ზედაპირზე კი — წყვეტილი ჩარჩოთი.
შრეები და მუდმივი / სარძევე
რუკის ზემოთ ორი გადამრთველი:
- „ყველა“ / „არსებული“ / „შესრულებული“ / „დაგეგმილი“: „არსებული“ — მხოლოდ დათვალიერებისას ჩაწერილი (რაც პაციენტს უკვე ჰქონდა), „შესრულებული“ — მხოლოდ ის, რაც ამ კლინიკაში გაკეთდა, „ყველა“ — ორივე ერთად და დაგეგმილი სამუშაო.
- „მუდმივი“ / „სარძევე“ — რომელი კბილები ჩანს. 12 წლამდე პაციენტზე რუკა სარძევე კბილებით იხსნება.
შენიშვნა: 2.38-ში „დაგეგმილი“ იგივეს აჩვენებს, რასაც „ყველა“ (არსებული + შესრულებული + დაგეგმილი). მხოლოდ დაგეგმილი სამუშაოს სანახავად გახსენით გეგმა (თავი მკურნალობის გეგმა).
ყურადღება: შერეული თანკბილვა (6–12 წლის ბავშვს ერთად აქვს სარძევე კბილები და ამოსული მუდმივი, მაგ. 16, 26, 36, 46) ერთ რუკაზე არ ჩანს — ან სარძევე, ან მუდმივი. 9 წლის ბავშვის 36-ზე ჩაწერილი ჰერმეტიკი ჩანს მხოლოდ „მუდმივზე“ გადართვისას (და იქ ყველა სხვა მუდმივი კბილიც „ჯანმრთელად“ ჩანს, თუმცა ჯერ არ ამოსულა). ბავშვის მკურნალობისას რეჟიმი ხელით გადართეთ.


კბილის ან ზედაპირის მონიშვნა
- კბილზე (ან მის ნომერზე) დაჭერა — კბილი მოინიშნება; მეორე დაჭერა — მონიშვნა მოიხსნება.
- დისკის სექტორზე დაჭერა — ზედაპირი მოინიშნება (რამდენიმე ზედაპირი — სათითაოდ).
- Ctrl ან Shift + დაჭერა — რამდენიმე კბილი ერთად (მაგ. ხიდის სამი კბილი, ან ყველა კბილი, რომელსაც ერთი და იგივე სჭირდება).
- „მონიშვნა“ (საშლელის ხატულა) ან ✕ — მონიშვნის მოხსნა.
მინიშნება რუკის ქვეშ: „კბილზე დაჭერა — მონიშვნა; ზედაპირზე — ზედაპირი; Ctrl / Shift — რამდენიმე კბილი ერთად.“
მარჯვენა პანელი
როცა არაფერია მონიშნული — მიმოხილვა: კარიესი, ბჟენი, ენდო, გვირგვინი, იმპლანტი, „არ არის“ (რიცხვებით), „მიმდინარე გეგმები“ (დაჭერით იხსნება გეგმა), „იმპლანტები“ (კბილი, სისტემა, ზომა, თარიღი) და მინიშნება „აირჩიეთ კბილი“.
როცა კბილი მონიშნულია — მისი სახელი (მაგ. „36 — ქვედა მარცხენა დიდი ძირითადი“, სარძევეზე — „(სარძევე)“), მონიშნული ზედაპირები („ზედაპირი: O (საღეჭი), D (დისტალური)“) და ოთხი ნაწილი:

1. ჩაწერა რუკაზე (დათვალიერება)
18 ღილაკი — თითო მდგომარეობა თავისი ფერით. ზედაპირის მდგომარეობა (კარიესი, ბჟენი, ჰერმეტიკი) იწერება მონიშნულ ზედაპირებზე — თუ ზედაპირი არ მონიშნეთ, საღეჭზე; დანარჩენი — მთელ კბილზე. „მორყეობის ხარისხი: 1 2 3“ — ჯერ ხარისხი, მერე „მორყეობა“.
დაჭერისთანავე ჩნდება შეტყობინება („36: პულპიტი“) და რუკა იცვლება. ერთი დაჭერით რამდენიმე მონიშნულ კბილზეც იწერება.
ეს არის „არსებული“ შრე: რაც პაციენტს უკვე აქვს — ძველი ბჟენები, გვირგვინები, ამოღებული კბილები, ახლა ნაპოვნი კარიესი. სანიმუშო კლინიკაში ექიმი ამას პირველ კონსულტაციაზე წერს.
2. პროცედურა — გეგმაში დამატება ან დღეს შესრულება
სტომატოლოგიური სერვისების სია (ჯერ სწრაფები; ძებნა კოდით ან სახელით). ყოველ სტრიქონზე ფასი უკვე მონიშნული კბილით და ზედაპირებით არის დათვლილი (მაგ. ორ ზედაპირზე კომპოზიტი — 110 ₾) და ორი ღილაკი:
- „გეგმაში“ (დაფის ხატულა) — პროცედურა ემატება პაციენტის გეგმას: უახლეს „მონახაზს“ ან „შეთავაზებულს“, მათი არარსებობისას — მიმდინარე („დათანხმებული“ / „მიმდინარე“) გეგმას, ხოლო თუ გეგმა არ აქვს — იქმნება ახალი, „მკურნალობის გეგმა“. შეტყობინება: „დაემატა გეგმას „…““.
- „შესრულდა დღეს“ (✓) — პროცედურა მაშინვე სრულდება: ემატება პაციენტის დღევანდელ ვიზიტს არჩეულ ექიმთან (თუ ვიზიტი არ არის — იქმნება), რუკაზე იწერება „შესრულებული“, მასალები ჩამოიწერება. შეტყობინება: „შესრულდა — ვიზიტი #…“.
ყურადღება: რუკიდან „გეგმაში“ დამატებული პროცედურა ყოველთვის გეგმის პირველ ეტაპზე ჯდება („თერაპია და სანაცია“) — გვირგვინი და იმპლანტიც. 2.38-ში დამატებული პუნქტის სხვა ეტაპზე გადატანა არ ხერხდება; ორთოპედიული და ქირურგიული სამუშაო სჯობს პირდაპირ გეგმის ფორმიდან დაამატოთ, სადაც ეტაპს ირჩევთ.
ყურადღება: თუ რამდენიმე კბილი მონიშნულია და აირჩევთ სერვისს, რომელიც ვიზიტით ან ყბით ითვლება (მაგ. „პროფესიული ჰიგიენა“, „კონსულტაცია“), პროგრამა მას თითო კბილზე ცალკე დაამატებს — სამი მონიშნული კბილით ჰიგიენა სამჯერ ჩაიწერება. ასეთი სერვისის დამატებამდე მოხსენით კბილების მონიშვნა.
3. დაგეგმილი და სურათები
„დაგეგმილი“ — ამ კბილის დაგეგმილი პროცედურები და გეგმის სტატუსი; დაჭერა გეგმას ხსნის. „სურათები“ (Dent Clinic) — რენტგენები და ფოტოები, რომლებზეც ეს კბილია მიბმული; დაჭერა სურათს ხსნის.
4. კბილის ისტორია
ერთი კბილის ყველა ჩანაწერი, ახლიდან ძველისკენ: თარიღი, მდგომარეობა, ზედაპირი და „დათვალიერება · ექიმი“ ან „შესრულდა · ექიმი“. ჩანაწერის გარეშე კბილზე: „ჩანაწერები ჯერ არ არის — კბილი ჯანმრთელად ითვლება“.

როგორ ითვლება კბილის მდგომარეობა
პროგრამა კბილის ჩანაწერებს თარიღის მიხედვით კითხულობს:
- ზედაპირზე რჩება ბოლო ჩანაწერი (ჯერ კარიესი, მერე ბჟენი — ზედაპირი ბჟენია);
- „არ არის“ კბილზე ყველაფერს შლის; „იმპლანტი“ ამოღებულ კბილს ცვლის; „ხიდის შუალედი“ — ამოღებული კბილი ხიდის ნაწილით;
- „არხი დაბჟენილია“ პულპიტის ნიშანს აქრობს;
- „ჯანმრთელი“ მთელ კბილზე ყველაფერს ასუფთავებს, ზედაპირზე — მხოლოდ იმ ზედაპირს.
შესრულებული პროცედურა რუკაზე თავისით იწერება — სერვისის „რუკაზე რჩება“ მდგომარეობით (თავი ფასები, ერთეულები და მასალები): კომპოზიტური ბჟენი → „ბჟენი“ მონიშნულ ზედაპირებზე, ექსტრაქცია → „არ არის“, ცირკონის გვირგვინი → „გვირგვინი“, იმპლანტი → „იმპლანტი“.
შეცდომის წაშლა
კბილის ისტორიაში დათვალიერების ჩანაწერის გვერდით — ნაგვის ურნა: „… წაიშლება რუკიდან (ისტორიაში დარჩება როგორც წაშლილი)“ → „წაშლა“. ჩანაწერი რუკიდან ქრება, ისტორიაში კი რჩება გადახაზული, აუდიტში — „რუკიდან წაიშალა: …“.
შესრულებული პროცედურის ჩანაწერი რუკიდან ასე არ იშლება („შესრულებული პროცედურა იშლება ვიზიტიდან (პროცედურის გაუქმებით)“) — გააუქმეთ პროცედურა ვიზიტში (თავი ვიზიტი), და ის რუკიდანაც გაქრება.
შენიშვნა: კბილზე ერთი ნიშნის მოხსნა (მაგ. „პერიაპიკალური ცვლილება“ მკურნალობის შემდეგ) ცალკე ღილაკით არ ხდება. ორი გზაა: წაშალეთ თავდაპირველი დათვალიერების ჩანაწერი (თუ ის შეცდომა იყო) ან ჩაწერეთ „ჯანმრთელი“ მთელ კბილზე და მერე ხელახლა ის, რაც კბილზე რჩება (ბჟენი, არხი…). „არხი დაბჟენილია“ თავისით მხოლოდ პულპიტს აქრობს.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.