Activi
Activi Dent · თავი 36

ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება

Activi Dent — პრობლემების მოგვარება: შეცდომა რუკაზე, პროცედურა რუკაზე არ ჩანს, ახალი სერვისი სიაში არ ჩანს, სარძევე და მუდმივი კბილები, ხელმოწერილი გეგმა ისევ შეთავაზებულია, ფასდაკლების უფლება, იმპლანტი სხვა ექიმის საკომისიოში, ავანსი და განვადება, ორმაგი სტრიქონი, დაზღვევა 70%, იმპლანტი რეესტრში, ორთოდონტია კალენდარში, ტექნიკოსის ხარჯი, DICOM, დაკეტილი ნაწილი, ბექაპი და სხვა.

თუ პრობლემა აქ აღწერილი არ არის, გამოიყენეთ ღილაკი „დახმარება“ (თავი დახმარება და Activi Remote).

კბილების რუკა

რუკაზე შეცდომით ჩავწერე (მაგ. კარიესი სხვა კბილზე). როგორ წავშალო?

მონიშნეთ კბილი → „კბილის ისტორია“ → ნაგვის ურნა ჩანაწერის გვერდით → „წაშლა“. ჩანაწერი რუკიდან ქრება, ისტორიაში გადახაზული რჩება. ასე იშლება მხოლოდ დათვალიერების ჩანაწერი; შესრულებული პროცედურა — ვიზიტიდან (თავი კბილების რუკა).

პროცედურა შევასრულე, მაგრამ რუკაზე არაფერი შეიცვალა

ორი მიზეზი: (1) სერვისს „სტომატოლოგიის პარამეტრებში“ არ აქვს „რუკაზე რჩება“ — შეუვსეთ (მაგ. „ბჟენი“); (2) პროცედურა კბილის გარეშე დაემატა (კბილი არ იყო მონიშნული, ან სტრიქონი ჩაწერის სერვისიდან მოვიდა). ძველ ვიზიტზე რუკა თავისით არ გასწორდება — ჩაწერეთ ხელით, დათვალიერების ღილაკით.

ახალი სერვისი, რომელიც დავამატე, ვიზიტში და რუკაზე არ ჩანს

„ფასები / სერვისები“-ში დამატებულ სერვისს სტომატოლოგიური მხარე არ აქვს. „სტომატოლოგიის პარამეტრები“ → სერვისი → ერთეული (კბილი, ზედაპირი, არხი…) → „შენახვა“ (თავი ფასები, ერთეულები და მასალები).

9 წლის ბავშვს 36-ზე ჰერმეტიკი დავადე — რუკაზე არ ჩანს

12 წლამდე პაციენტის რუკა სარძევე კბილებით იხსნება, 36 კი მუდმივია. რუკის ზემოთ — „მუდმივი“. შერეული თანკბილვა (სარძევე და მუდმივი ერთად) ერთ რუკაზე 2.38-ში არ ჩანს.

ფილტრი „დაგეგმილი“ იგივეს აჩვენებს, რასაც „ყველა“

ასეა 2.38-ში. დაგეგმილი სამუშაო რუკაზე წყვეტილი კონტურით ჩანს „ყველაში“; მხოლოდ დაგეგმილის სანახავად — გეგმა ან მისი ამონაბეჭდი.

ჰიგიენა (ან კონსულტაცია) სამჯერ ჩაიწერა

რამდენიმე კბილი იყო მონიშნული: ვიზიტით ან ყბით დათვლილი სერვისი პროგრამა თითო კბილზე ამატებს. ზედმეტი სტრიქონები ვიზიტიდან ამოშალეთ (ნაგვის ურნა „ჩატარდაში“) და ასეთი სერვისის წინ მოხსენით კბილების მონიშვნა.

მკურნალობის გეგმა

პაციენტმა გეგმას ხელი მოაწერა, ახლა კი „შეთავაზებული“ წერია და ხელმოწერა გაქრა

დათანხმებულ გეგმაში რამე შეიცვალა და ჯამი შეიცვალა (დაემატა ან მოიხსნა პუნქტი, ფასი, ფასდაკლება). პროგრამა ასე ითხოვს ხელახალ თანხმობას — „პაციენტის თანხმობა“ ხელახლა. „მიმდინარე“ გეგმაზე (რამე უკვე შესრულდა) ეს არ ხდება — ხელმოწერა ძველ ჯამზე რჩება, ამიტომ ცვლილების შემდეგ დაბეჭდეთ და მოაწერინეთ ქაღალდზე.

„ფასდაკლების უფლება არ გაქვთ“

გეგმის „ფასდაკლება %“, სტრიქონის ფასდაკლება ან კატალოგზე დაბალი ფასი საჭიროებს უფლებას „ფასდაკლება გაყიდვისას“; სტომატოლოგს ის ნაგულისხმევად არ აქვს. მიეცით ინდივიდუალურად (თავი თანამშრომლები და როლები) ან ფასდაკლება მენეჯერმა ჩაწეროს.

იმპლანტი, რომელიც ქირურგმა ჩასვა, თერაპევტის საკომისიოში მოხვდა

იმპლანტი გეგმის ფორმიდან, ღილაკით „შესრულდა“ შესრულდა — ასე ის გეგმის ექიმის (თერაპევტის) ვიზიტს დაემატა. სწორი გზა: ქირურგის ვიზიტში → „გეგმიდან“ → ✓. უკვე მომხდარი: სანამ ვიზიტი ღიაა, პროცედურა ამოშალეთ და ქირურგის ვიზიტიდან შეასრულეთ; დასრულებულს ადმინისტრატორი „ხელახლა გახსნით“ (თუ ინვოისში არ არის).

გვირგვინი გეგმის პირველ ეტაპში ჩავარდა. როგორ გადავიტანო „ორთოპედიაში“?

პუნქტის სხვა ეტაპზე გადატანა 2.38-ში არ ხდება: წაშალეთ ის და დაამატეთ გეგმის ფორმიდან („პროცედურის დამატება“ — ეტაპის არჩევით). რუკიდან „გეგმაში“ ყოველთვის პირველ ეტაპზე ჯდება.

ფასების სია შევცვალე — ძველ გეგმაში ფასი არ შეიცვალა

ასეა: გეგმა ფასს მისი დამატების დღიდან ინახავს (პაციენტი ამ ფასს დაეთანხმა). ახალი ფასი საჭიროა? შეცვალეთ სტრიქონში ფასი (უფლებით) — დათანხმებული გეგმა ისევ შეთავაზებული გახდება.

გეგმა ვერ ვშლი

იშლება მხოლოდ მონახაზი (და შეთავაზებული / უარყოფილი / გაუქმებული), რომელშიც არაფერი შესრულებულა და გრაფიკით არაფერი გადახდილა. სხვა შემთხვევაში — „გაუქმება“.

ფული

პაციენტს ავანსი აქვს, ვიზიტზე კი დავალიანება წერია

ავანსი თავისით მხოლოდ სტომატოლოგიური ნაწილიდან დამატებულ პროცედურებს ფარავს (თუ ჩართულია „ავანსი ფარავს შესრულებულ პროცედურებს ავტომატურად“). ჩაწერის სერვისი ან ვიზიტის ფორმაში ხელით დამატებული სტრიქონი ავანსიდან თავისით არ იფარება: გადახდის ფანჯარაში — „ავანსიდან დაფარვა“.

განვადების გრაფიკი მეტს ითხოვს, ვიდრე პაციენტს ემართება

გრაფიკი გეგმის მთელ ჯამზე იწერება და არ ითვალისწინებს დაზღვევის წილს და გრაფიკის გარეშე უკვე გადახდილ სამუშაოს. შეადგინეთ „ხელახლა“ ნაკლები შენატანებით; ზედმეტად შემოსული თანხა პაციენტის ავანსად რჩება (თავი სალარო).

განვადების შენატანი შეცდომით მივიღე

გააუქმეთ გადახდა ელ. ბარათის „გადახდებიდან“ (თუ ავანსი ჯერ არ გამოყენებულა). გრაფიკში შენატანი გადახდილად რჩება — შეადგინეთ გრაფიკი „ხელახლა“.

მკურნალობა დასრულდა, პაციენტს ავანსი დარჩა — როგორ დავუბრუნო?

ავანსის დაბრუნების ღილაკი 2.38-ში არ არის. გამოუყენებელი ავანსის გადახდა გააუქმეთ; ნაწილობრივ გამოყენებულის ნაშთი გაეცით სალაროდან („ნაღდის გატანა“, მიზეზით) და შეუთანხმეთ ბუღალტერს.

ვიზიტში ორი ერთნაირი სტრიქონია — ერთი კბილის გარეშე

ჩაწერას სერვისი ჰქონდა (მაგ. „კომპოზიტური ბჟენი“) და „მოვიდა“-მ ის ვიზიტში ჩასვა. ზედმეტი (კბილის გარეშე) სტრიქონი ვიზიტის ფორმაში ✕-ით მოხსენით; სამკურნალო ჩაწერაზე სერვისი დატოვეთ ცარიელი (თავი კალენდარი).

დაზღვეულ პაციენტს ბჟენის 70% „საყოველთაო ჯანდაცვამ“ გადაიხადა

ახალ ბაზაში სახელმწიფო პროგრამას 70% უწერია. „დაზღვევა“ → „საყოველთაო ჯანდაცვა“ → ნაგულისხმევი % შეცვალეთ (ხშირად 0%) და წესებით დატოვეთ მხოლოდ ის, რასაც ხელშეკრულება ფარავს. უკვე დასრულებული ვიზიტები არ გადაითვლება.

რატომ არ ემთხვევა „შემოსავალი“ და „მომსახურება“?

შემოსავალი — შემოსული ფულია (მათ შორის გეგმების წინასწარი შენატანები), მომსახურება — შესრულებული სამუშაო. დიდი გეგმების კლინიკაში შემოსავალი ხშირად მეტია (თავი ანგარიშები).

სპეციალობები

იმპლანტი ჩავსვი, მაგრამ „იმპლანტებში“ არ ჩანს

„იმპლანტის ჩადგმა“ პროცედურა ფულს და რუკას აკეთებს, რეესტრს — არა. „იმპლანტები“ → „ახალი იმპლანტი“ (სისტემა, LOT, ტორკი…) — თავი იმპლანტები.

ორთოდონტიული ვიზიტები კალენდარში არ ჩანს

ორთოდონტიული გრაფიკი შემთხვევის შიგნითაა; კალენდარში ჩაწერა ცალკე გააკეთეთ. „ჩატარდა“ ვიზიტის ჩანაწერია, კლინიკის ვიზიტს არ ხსნის (თავი ორთოდონტია).

ტექნიკური შეკვეთა უნდა გავაუქმო

გაუქმების ღილაკი 2.38-ში არ არის. თუ ტექნიკოსს არაფერი ეკუთვნის, ღირებულება 0-ზე დააყენეთ და შენიშვნაში ჩაწერეთ მიზეზი.

ტექნიკოსს ბანკით ვუხდით, „ხარჯმა“ კი სალარო შეამცირა

„ხარჯი“ ღილაკი ყოველთვის ნაღდიდან წერს. ბანკით გადახდისას ის არ გამოიყენოთ — გაატარეთ ბუღალტერიაში, ან დააბალანსეთ „ნაღდის შემოტანით“ (თავი ტექნიკური ლაბორატორია).

CBCT (DICOM) არ იხსნება ან მხოლოდ ერთი ჭრილი ჩანს

პროგრამა შეუკუმშავ DICOM-ს და ერთ ჭრილს აჩვენებს. შეკუმშული ან მრავალჭრილიანი კვლევა „ჩამოტვირთეთ“ და გახსენით CBCT-ის პროგრამაში.

შეიძლება RVG სენსორი ან ორთოპანტომოგრაფი პირდაპირ მივაერთო?

არა — აპარატის პროგრამიდან სურათი შეინახეთ ფაილად (PNG / JPG / DICOM) და ატვირთეთ „რენტგენი და ფოტოში“.

ადმინისტრირება

„ხელმისაწვდომია Dent Clinic-ში“

ეს ნაწილი თქვენს პაკეტში არ შედის (თავი პაკეტები). პაკეტის შეცვლის შემდეგ — „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „გადამოწმება“.

Activi MED-ის ლიცენზიით Activi Dent არ იხსნება

Activi Dent-ს სჭირდება სტომატოლოგიის მოდული ლიცენზიაში. MED-ის (კლინიკის) ლიცენზია Dent-ს არ ხსნის; პირიქით — Dent-ის ლიცენზია MED-ის ნაწილებს ხსნის.

რენტგენები ბექაპში შედის?

არა — med-docs საქაღალდე არც ავტომატურ, არც სარეზერვო ასლში არ შედის. მთელი data-clouddent რეგულარულად დააკოპირეთ (თავი ბექაპი).

აუდიტში წერია chart, plan, implant — რას ნიშნავს?

ეს სტომატოლოგიური ჩანაწერებია (რუკა, გეგმა, იმპლანტი…) — 2.38-ში „ობიექტის“ სვეტში ტექნიკური სიტყვით ჩანს. მოძებნეთ დეტალების ტექსტით (თავი აუდიტი და კონფიდენციალობა).

HMIS-ში ვიზიტები როგორ გავაგზავნო?

Activi Dent-ში HMIS-ის გაგზავნის გვერდი 2.38-ში არ არის („კონექტორებში“ მხოლოდ პარამეტრებია). დაგვიკავშირდით.

კრესლოს დატვირთვა ძალიან დაბალია, თუმცა ექიმი სავსეა

ანგარიში ყოველ კრესლოს კლინიკის მთელ საათებთან ადარებს (ორშ–შაბ, 09:00–20:00), ექიმის საათებთან კი არა; „რენტგენიც“ კრესლოდ ითვლება. ციფრი კრესლოების ერთმანეთთან შესადარებლადაა (თავი ანგარიშები).

ექიმი სხვა ექიმის ვიზიტის ჩანაწერს ვერ ხედავს

„კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ → „სამედიცინო ჩანაწერებზე წვდომა“ → „ექიმები — ყველა ჩანაწერს“. კბილების რუკა და გეგმა ყველა ექიმს ყოველთვის უჩანს.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.