Activi
Activi Hotel · თავი 3

ოთახები, ოთახის ტიპები, ფასები, სეზონები და სასტუმროს წესები

სასტუმროს მოწყობა Activi Hotel-ში: შესვლა/გასვლის საათი, შაბათ-კვირის ღამეები, ქალაქის გადასახადი, გაუქმებისა და no-show-ის ჯარიმა, ოთახის ტიპები (ფასი, შაბათ-კვირა, დამატებითი პირი და საწოლი), სეზონები მინიმალური ღამეებით, სართულები და ოთახები — ფასის გამოთვლის მაგალითებით.

სასტუმროს მოწყობა ერთ გვერდზეა: „სასტუმროს პარამეტრები“ (მენიუ → „მენეჯმენტი“, ან რეცეფციის ღილაკი „ოთახები და ფასები“). ის ხელმისაწვდომია ადმინისტრატორისა და მენეჯერისთვის და ოთხი ჩანართისგან შედგება: „წესები“, „ოთახის ტიპები და ფასები“, „სეზონები / ტარიფები“, „სართულები და ოთახები“.

ცვლილება მაშინვე ჩანს კალენდარში და ჯავშნის ფორმაში. უკვე გაკეთებული ჯავშნის ფასი თავისით არ იცვლება — ის გადაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ჯავშანს რედაქტირებთ ან გადაიტანთ.

წესები

წესები: შესვლა და გასვლა, შაბათ-კვირის ღამეები, დასუფთავება, ქალაქის გადასახადი, გაუქმება და no-show
წესები: შესვლა და გასვლა, შაბათ-კვირის ღამეები, დასუფთავება, ქალაქის გადასახადი, გაუქმება და no-show

შესვლა და გასვლა

  • „შესვლის დრო (check-in)“ და „გასვლის დრო (check-out)“ — მაგ. 14:00 და 12:00. ისინი ჩანს რეცეფციის სათაურში; პროგრამა ამ საათებით არაფერს ბლოკავს და არ ფასდება (ადრეული შესვლა ან გვიანი გასვლა — სერვისად ფოლიოში, თავი ფოლიო).
  • „შაბათ-კვირის ღამეები (ფასი)“ — რომელი ღამეები ფასდება „შაბათ-კვირის ფასით“. ნაგულისხმევად პარასკევი და შაბათი (პარასკევიდან შაბათამდე და შაბათიდან კვირამდე ღამეები). ღილაკებზე დაჭერით შეგიძლიათ სხვა დღეები მონიშნოთ.
  • „დასუფთავება: გაწერისას ოთახი ავტომატურად „დასალაგებელი“ ხდება“ — ჩართულია ნაგულისხმევად (თავი დასუფთავება).

შენიშვნა: კალენდარში ფერით მონიშნულია შაბათი და კვირა (კალენდარული დღეები), ფასი კი ზემოთ არჩეული ღამეებით ითვლება. ამიტომ კალენდრის „კვირის“ სვეტი ფერადია, მაგრამ კვირის ღამე (კვირიდან ორშაბათამდე) ჩვეულებრივი ფასისაა, პარასკევის ღამე კი — შაბათ-კვირისა.

ქალაქის (ტურისტული) გადასახადი

  • „თანხა — ერთ ზრდასრულზე, ერთ ღამეზე“ — 0 ნიშნავს, რომ არ იანგარიშება (ნაგულისხმევი).
  • „ბავშვებიც იხდიან“ — მონიშვნისას ბავშვებიც ითვლება.

გადასახადი ემატება ჯავშნის ფასს ცალკე ხაზად, ფასდაკლება მასზე არ მოქმედებს, ფოლიოსა და გაწერის ჩეკზე ჩანს „ქალაქის (ტურისტული) გადასახადი“, ბუღალტერიაში კი ის შემოსავალი კი არა, ვალდებულებაა (ანგარიში 2110) და დღგ-ს არ ექვემდებარება.

გაუქმება და არ გამოცხადება (no-show)

ველინაგულისხმევირას ნიშნავს
უფასო გაუქმება — მოსვლამდე მინიმუმ (დღე)3თუ სტუმარი ჯავშანს მოსვლამდე 3 ან მეტი დღით ადრე აუქმებს — ჯარიმის გარეშე
გვიან გაუქმების ჯარიმაპირველი ღამის ღირებულება„პირველი ღამის ღირებულება“, „ჯავშნის პროცენტი“ (ველით „გაუქმების ჯარიმა, %“) ან „ჯარიმის გარეშე“
არ გამოცხადების ჯარიმაპირველი ღამის ღირებულებაიგივე სამი ვარიანტი, ველით „no-show ჯარიმა, %“

ჯარიმა ჯერ ავანსიდან იფარება, ნაშთი სტუმარს უბრუნდება; ოდენობას ადგილზე ცვლის მხოლოდ „ფასდაკლების“ უფლების მქონე (თავი გაწერა და გადახდა).

ყურადღება: „პირველი ღამის ღირებულებას“ პროგრამა ითვლის როგორც ჯავშნის საშუალო ღამის ფასს (ოთახის ჯამი ÷ ღამეები), არა პირველი ღამის რეალურ ფასს. მაგ. ჯავშანი 230 + 230 + 200 = 660 ₾ / 3 ღამე → ჯარიმა 220 ₾ (არა 230 ₾). საჭიროებისას ჯარიმა ფანჯარაში ხელით შეცვალეთ.

ბოლოს — „შენახვა“ („პარამეტრები შენახულია“).

ოთახის ტიპები და ფასები

ოთახის ტიპი არის ის, რასაც ყიდით: მისი ფასი მიჰყვება ყველა ამ ტიპის ოთახს.

ოთახის ტიპები: ადგილი, ფასი, შაბათ-კვირა, დამატებითი პირი და საწოლი, ოთახების რაოდენობა
ოთახის ტიპები: ადგილი, ფასი, შაბათ-კვირა, დამატებითი პირი და საწოლი, ოთახების რაოდენობა
  1. „ახალი ტიპი“ (ან ფანქარი არსებულზე).
  2. „სახელი“ — მაგ. „დელუქსი“.
  3. „ადგილი (სტანდარტული)“ — რამდენ სტუმარზეა ფასი გათვლილი.
  4. „ფასი ღამეში“ და „შაბათ-კვირის ფასი“ (ცარიელი = იგივე).
  5. „დამატებითი პირი / ღამე“ — ყოველ სტუმარზე, ვინც „ადგილს“ აჭარბებს (ბავშვიც ითვლება).
  6. „დამატებითი საწოლი / ღამე“ — ყოველ დამატებით საწოლზე.
  7. „ფერი კალენდარზე“ → „შენახვა“.
ტიპის რედაქტირება: „დელუქსი“
ტიპის რედაქტირება: „დელუქსი“

ტიპის წაშლა შეუძლებელია, სანამ მას ოთახები აქვს („ამ ტიპის ოთახები არსებობს — ჯერ ოთახებს შეუცვალეთ ტიპი“).

სანიმუშო სასტუმროს ტიპები:

ტიპიადგილიფასიშაბ-კვდამ. პირიდამ. საწოლი
სტანდარტი2150 ₾170 ₾40 ₾35 ₾
დელუქსი2200 ₾230 ₾45 ₾40 ₾
ოჯახური4260 ₾300 ₾35 ₾35 ₾
ლუქსი3320 ₾380 ₾60 ₾45 ₾

სეზონები / ტარიფები

სეზონის დღეებში ღამე ფასდება სეზონის ფასით (ცალკე შაბათ-კვირისთვის); სეზონს შეიძლება მინიმალური ღამეები ჰქონდეს.

სეზონები: რთველი, ახალი წელი, დაბალი სეზონი — ტიპი, პერიოდი, ფასი, მინიმუმ ღამე
სეზონები: რთველი, ახალი წელი, დაბალი სეზონი — ტიპი, პერიოდი, ფასი, მინიმუმ ღამე
  1. „ახალი სეზონი“.
  2. „სახელი“ (მაგ. „რთველი“), „ოთახის ტიპი“ („ყველა ტიპი“ ან კონკრეტული).
  3. „დან“ და „მდე (ჩათვლით)“ — ღამეები, რომლებიც სეზონს ეკუთვნის.
  4. „ფასი ღამეში“, „შაბათ-კვირის ფასი“ (ცარიელი = იგივე), „მინიმუმ ღამე“.
  5. „ჩართულია“ → „შენახვა“.
სეზონი „რთველი“ სტანდარტისთვის: 8–25 ოქტომბერი, 180 / 200 ₾, მინიმუმ 2 ღამე
სეზონი „რთველი“ სტანდარტისთვის: 8–25 ოქტომბერი, 180 / 200 ₾, მინიმუმ 2 ღამე

სეზონის წაშლისას უკვე გაკეთებული ჯავშნების ფასი არ იცვლება. სეზონი შეიძლება დროებით გამორთოთ („ჩართულია“ მოხსნით) — სიაში „გამორთული“ ჩანს.

რჩევა: სეზონი გააკეთეთ თითოეულ ტიპზე ცალ-ცალკე. სეზონს „ყველა ტიპი“ ერთი ფასი აქვს ყველა ოთახისთვის — ლუქსიც და სტანდარტიც ერთნაირად დაფასდება. თუ ერთ ღამეს ორი სეზონი ფარავს, იმარჯვებს კონკრეტული ტიპის სეზონი, თანაბრებში — ბოლოს შექმნილი.

როგორ ითვლება ღამის ფასი

ყოველი ღამე ცალკე ფასდება, ამ თანმიმდევრობით:

  1. სეზონი — თუ ღამე სეზონშია: სეზონის ფასი (შაბათ-კვირის ღამეს — სეზონის შაბათ-კვირის ფასი, თუ მითითებულია);
  2. ოთახის ტიპი — სხვა შემთხვევაში: ტიპის ფასი (ან შაბათ-კვირის ფასი);
  3. ოთახის საკუთარი ფასი — მხოლოდ თუ ტიპს ფასი არ აქვს.

შემდეგ ემატება დამატებითი პირი და საწოლი, აკლდება ფასდაკლება (მხოლოდ ოთახის ნაწილს) და ბოლოს ემატება ქალაქის გადასახადი.

მაგალითი 1: სამი ღამე ჩვეულებრივ დღეებში

სტანდარტი, 2 ოქტომბერი (პარასკევი) → 5 ოქტომბერი, 2 ზრდასრული:

ღამერატომფასი
2 ოქტ (პარასკევი)შაბათ-კვირის ღამე170 ₾
3 ოქტ (შაბათი)შაბათ-კვირის ღამე170 ₾
4 ოქტ (კვირა)ჩვეულებრივი ღამე150 ₾
სულსაშუალოდ 163,33 ₾ / ღამე490 ₾

მაგალითი 2: ყველაფერი ერთად

იგივე დღეები, 2 ზრდასრული + 1 ბავშვი, 1 დამატებითი საწოლი, ფასდაკლება 10%, ქალაქის გადასახადი 2 ₾ (ბავშვები არ იხდიან):

ხაზიგამოთვლათანხა
ოთახი — 3 ღამე170 + 170 + 150490,00 ₾
დამატებითი პირი × 13 სტუმარი 2-ადგილიან ოთახში: 40 × 3 ღამე120,00 ₾
დამატებითი საწოლი × 135 × 3 ღამე105,00 ₾
ფასდაკლება 10%715 × 10%−71,50 ₾
ქალაქის გადასახადი (2 × 3)2 ზრდასრული × 3 ღამე × 2 ₾12,00 ₾
სულ655,50 ₾

შენიშვნა: ბავშვი, რომელიც ადგილს აჭარბებს, ითვლება „დამატებით პირად“, დამატებითი საწოლი კი ცალკე ფასდება — პროგრამა მათ ერთმანეთს არ უკავშირებს. თუ ბავშვის საწოლის ფასი უკვე „დამატებით პირშია“, საწოლს ნუ მონიშნავთ. ბავშვის ცალკე (შეღავათიანი) ფასი 2.38-ში არ არის.

მაგალითი 3: ჯავშანი სეზონის საზღვარზე და მინიმალური ღამეები

სტანდარტი, 7 ოქტომბერი → 10 ოქტომბერი: 7 ოქტ — ჩვეულებრივი 150 ₾, 8 ოქტ — „რთველი“ 180 ₾, 9 ოქტ (პარასკევი) — „რთველი“ შაბათ-კვირა 200 ₾; სულ 530 ₾. სეზონის მინიმუმი (2 ღამე) მოქმედებს, თუ ჯავშნის თუნდაც ერთი ღამე სეზონშია: ერთღამიან ჯავშანზე 10 ოქტომბერს ფორმა გაფრთხილებს „ამ თარიღებზე მინიმუმ 2 ღამე“ (თავი ახალი ჯავშანი).

სართულები და ოთახები

სართულები და ოთახები: თითო სართულზე ოთახები ტიპითა და ადგილით
სართულები და ოთახები: თითო სართულზე ოთახები ტიპითა და ადგილით
  • სართულის დამატება: ზედა ველში სახელი (მაგ. „მე-4 სართული“) → „სართულის დამატება“.
  • ოთახის დამატება: სართულის ბარათზე „ოთახი“ → „ნომერი“, „სართული“, „ტიპი“, „ადგილი“, „საკუთარი ფასი (სათადარიგო)“ („იყენებს, თუ ტიპს ფასი არ აქვს“) → „შენახვა“. ტიპის არჩევისას ადგილი და ფასი ტიპიდან ივსება.
  • რედაქტირება — ფანქარი ოთახზე; წაშლა — ✕.
ოთახის რედაქტირება: ნომერი, სართული, ტიპი, ადგილი, საკუთარი ფასი
ოთახის რედაქტირება: ნომერი, სართული, ტიპი, ადგილი, საკუთარი ფასი

წაშლის შეზღუდვები:

  • ოთახს, რომელზეც აქტიური (დაჯავშნილი ან შესახლებული) ჯავშანია, ვერ წაშლით („ოთახზე აქტიური ჯავშანია“);
  • სართულს, რომლის ოთახებზეც აქტიური ჯავშნებია, ვერ წაშლით.

ყურადღება: სართულის წაშლა მის ყველა ოთახს შლის („… და მისი ოთახები წაიშლება“), ოთახის წაშლა (✕) კი დადასტურების გარეშე ხდება. წაშლილი ოთახის ძველ (გაწერილ) ჯავშნებს ოთახის ნომერი ეკარგება — სტუმრის ისტორიაში ის ცარიელი ჩანს. ოთახი, რომელიც დროებით არ იყიდება, ნუ წაშლით — მონიშნეთ „მწყობრიდან გამოსულად“ (თავი დასუფთავება).

შენიშვნა: ოთახების რიგი სართულზე და ტიპების რიგი სიაში დამატების რიგით განისაზღვრება — მისი შეცვლა 2.38-ში შეუძლებელია.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.