გაწერა და გადახდა, ჩეკი, ავანსის დაბრუნება, გაუქმება და არ გამოცხადება (no-show)
სტუმრის გაწერა Activi Hotel-ში: გადახდის ფანჯარა (ნაღდი, ბარათი, გადმორიცხვა, კომპანიის ანგარიში), შერეული გადახდა და ხურდა, გაწერის ჩეკი და ფისკალური ჩეკი, ავანსის ნაშთის დაბრუნება, რა ხდება გაწერის შემდეგ, ჯავშნის გაუქმება და no-show ჯარიმით — რეალური მაგალითით.
გაწერა ხურავს ფოლიოს: სტუმარი იხდის ყველაფერს, რაც დარჩა, პროგრამა ქმნის ერთ ჩეკს, ჯავშანი „გაწერილი“ ხდება, ოთახი კი — თავისუფალი და „დასალაგებელი“.
გაწერა ნაბიჯ-ნაბიჯ
- გახსენით ჯავშანი — ან „ნომრები დღეს“-ში ოთახის ბარათზე დააჭირეთ „გაწერა“ (გადახდის ფანჯარა პირდაპირ გაიხსნება).
- შეამოწმეთ ფოლიო: ღამეები, სერვისები, ბარი/რესტორანი/მინიბარი, ავანსი. ხომ არ დარჩა მინიბარი ჩასაწერი?
- ბარათის ქვედა ღილაკი: „გაწერა · 411,00 ₾“ (ჯგუფზე — „ჯგუფის გაწერა“).
- გადახდის ფანჯარაში აირჩიეთ გადახდის სახე, აკრიფეთ თანხა და „დამატება“ (ან
Enter); შერეულისას — ერთმანეთის მიყოლებით. - „გადახდის დადასტურება“ (ხელით ტერმინალზე — „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“).
- ჩნდება ჩეკი; ნაღდისას — „დააბრუნეთ ხურდა“. „ბეჭდვა“ / „კარგი“.

გადახდის ფანჯარა
| ელემენტი | რას აკეთებს |
|---|---|
| გადასახდელი | ფოლიოს „გადასახდელი“ — ავანსი უკვე გამოკლებულია |
| გადახდის სახეები | ნაღდი, თითო ჩართული ბარათის ტერმინალი (ბანკის სახელით), გადმორიცხვა; თუ კომპანია არჩეულია — „კომპანიის ანგარიშზე (ინვოისი)“. ნომერი (1, 2, 3…) — კლავიატურის მალსახმობი |
| თანხის ველი და ციფრები | აკრეფილი თანხა არჩეულ სახეზე; ცარიელი ველი = დარჩენილი თანხა; „ზუსტი“ — დარჩენილი ზუსტად |
| ხაზები | უკვე დამატებული თანხები (✕ — მოხსნა) |
| გადახდილი / დარჩა / ხურდა | ჯამები; ზედმეტი მხოლოდ ნაღდით შეიძლება — ის ხურდაა |
ბარათით, გადმორიცხვით და კომპანიის ანგარიშზე თანხა გადასახდელს ვერ აჭარბებს. ტერმინალების მუშაობა — თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი.
მაგალითი: ნინო გელაშვილის გაწერა
ფოლიო (თავი ფოლიო): სულ 561 ₾, ავანსი 150 ₾, გადასახდელი 411 ₾. სტუმარი იხდის 300 ₾ ბარათით და 120 ₾ ნაღდით:
| თანხა | |
|---|---|
| გადასახდელი | 411,00 ₾ |
| ბარათი (BOG) | 300,00 ₾ |
| ნაღდი | 120,00 ₾ |
| გადახდილი | 420,00 ₾ |
| ხურდა | 9,00 ₾ |

გაწერის ჩეკზე (CP-000424):
| ჩეკის ხაზი | თანხა | ახსნა |
|---|---|---|
| ოთახი 102 — 3 ღამე (2026-09-29 → 2026-10-02) | 450,00 ₾ | ყოფნის შემოსავალი |
| სამრეცხაო | 25,00 ₾ | ხელით სერვისი |
| ჯამი | 475,00 ₾ | ამ ჩეკის საკუთარი შემოსავალი |
| ნომერზე ჩაწერილი (ბარი, რესტ.) | 86,00 ₾ | რესტორანი და მინიბარი — მათ საკუთარი ჩეკები აქვს, აქ მხოლოდ იფარება |
| სულ | 561,00 ₾ | |
| ავანსით დაფარული | −150,00 ₾ | 25 სექტემბრის ავანსი |
| მ.შ. დღგ 18% | 72,46 ₾ | 475 × 18 / 118 — მხოლოდ ამ ჩეკის შემოსავალზე |
| ნაღდი / ბარათი / ხურდა | 120,00 / 300,00 / 9,00 ₾ |
შენიშვნა: რესტორანი, ბარი და მინიბარი გაწერის ჩეკზე ცალ-ცალკე პოზიციებად არ იწერება — ერთი ხაზია „ნომერზე ჩაწერილი“. თითოეულ მათგანს თავისი ჩეკი აქვს (ჩაწერის მომენტში დაბეჭდილი), რომ შემოსავალი და დღგ ორჯერ არ ჩაითვალოს. დეტალური სია სტუმარს აჩვენეთ ფოლიოში ან მიეცით ინვოისი.
რა ხდება გაწერის შემდეგ
- ჯავშანი — „გაწერილი“, ნიშანი — „გადახდილია“; ფოლიოში „გადახდები“: „გაწერა · #424 · ნაღდი + ბარათი + ავანსიდან · 561,00 ₾“;
- ოთახი — თავისუფალი და „დასალაგებელი“ (თუ დასუფთავება ჩართულია);
- კალენდარში ზოლი ქრება (ჩანს „გაწერილების“ მონიშვნით);
- სტუმრის ბარათში ემატება ვიზიტი და დახარჯული თანხა.

შენიშვნა: გაწერილი ჯავშნის ფოლიოში ქვედა ჯამები („ოთახი“, „სულ“) 0,00 ₾-ს აჩვენებს — ეს ჩვენების თავისებურებაა 2.38-ში. რეალური თანხა ჩანს „გადახდებში“ (გაწერა · 561,00 ₾) და ჩეკზე.
ფისკალური ჩეკი
თუ ფისკალური აპარატი ჩართულია, გაწერის ჩეკი აპარატზე თავისით იგზავნება („ფისკალური ჩეკი №…“). აპარატი ხედავს ამ ჩეკის პოზიციებს (ღამეები, სერვისები, ქალაქის გადასახადი) და გადახდას: ბარათი და გადმორიცხვა — ბარათად, ავანსიდან და ნომერზე — კრედიტად, ნაღდი — ნაღდად. ავანსის ჩეკი ფისკალურ აპარატზე არ იბეჭდება; ბარის, რესტორნისა და მინიბარის ჩეკები იბეჭდება ჩაწერისას.
ავანსი მეტია, ვიდრე ფოლიო
თუ ავანსი ფოლიოს აჭარბებს, ბარათზე წერია „დასაბრუნებელი სტუმრისთვის“, ღილაკი — „გაწერა · დასაბრუნებელი 50,00 ₾“. გადახდის ფანჯარა არ იხსნება, ჩეკის ფანჯარაში კი ჩანს „დაუბრუნეთ სტუმარს“ — „ავანსის ნაშთი — დასაბრუნებელი ნაღდით“. ნაშთი ყოველთვის ნაღდით ბრუნდება (ბარათზე ან ანგარიშზე დაბრუნება პროგრამაში არ არის) — უჯრიდან ფული გაიცემა და სალაროს დახურვისას ჩაითვლება.
კომპანია იხდის
ღილაკი „კომპანია იხდის?“ გაწერის ღილაკთან → აირჩიეთ კომპანია. გადახდის ფანჯარაში ჩნდება „კომპანიის ანგარიშზე (ინვოისი)“: მთელი თანხა (ან ნაწილი) ჩაიწერება კომპანიის დავალიანებაში, ჯავშანი კი გაიწერება ნიშნით „კომპანიის ანგარიშზე“. თუ ფოლიოს გადახდის წესად უკვე „კომპანიის ანგარიშზე“ არის არჩეული, კომპანია თავისით ჩნდება.
დავალიანების მიღება — თავი ჯგუფები და კომპანიები.
ჯავშნის გაუქმება
დაჯავშნილ (ჯერ არ შესახლებულ) ჯავშანზე — „გაუქმება“ (საჭიროა „შეკვეთის / ჯავშნის გაუქმების“ უფლება). ფანჯარა აჩვენებს წესს და ჯარიმას:
- მოსვლამდე 3 ან მეტი დღით ადრე (ნაგულისხმევი წესით) — „უფასო გაუქმება (5 დღით ადრე)“, ჯარიმა 0; ავანსი სრულად უბრუნდება სტუმარს;
- გვიან — „წესი: პირველი ღამის ღირებულება — 170,00 ₾“ (ან ჯავშნის პროცენტი).

ქვემოთ: „ავანსი“, „ჯარიმა“ და შედეგი — „დაუბრუნდება სტუმარს (ნაღდით)“ ან „დამატებით გადასახდელი“. ღილაკი „გაუქმება · გადახდა 170,00 ₾“ ხსნის გადახდას (თუ ავანსი ჯარიმას ფარავს — პირდაპირ აუქმებს). ჯარიმა „ფასდაკლების“ უფლების მქონეს შეუძლია შეცვალოს (მაგ. 0-ზე — სტუმრის პატივისცემით).
სტუმარი არ გამოცხადდა (no-show)
მოსვლის დღეს ან შემდეგ, დაჯავშნილ ჯავშანზე — „არ გამოცხადდა“. ჯარიმა ითვლება „არ გამოცხადების ჯარიმის“ წესით და ჯერ ავანსიდან იფარება.

მაგალითი: Sophie Martin, დელუქსი 2 → 5 ოქტომბერი (230 + 230 + 200 = 660 ₾), ავანსი 230 ₾ გადმორიცხვით. „პირველი ღამის ღირებულება“ = 660 ÷ 3 = 220 ₾ → ავანსიდან იფარება 220 ₾, 10 ₾ სტუმარს ნაღდით უბრუნდება. ღილაკი „მონიშვნა“.
გაუქმებისა და no-show-ის შემდეგ ოთახი იმ დღეებზე თავისუფლდება; ჯავშანი რჩება ისტორიაში (no-show — კალენდარში წითლად), ჯარიმა კი ცალკე ჩეკია („ჯარიმა — არ გამოცხადება (ოთახი 204, ჯავშანი #130)“), რომელიც შემოსავალში ჩანს როგორც „ჯარიმები (გაუქმება / no-show)“.
ყურადღება: ჯგუფში, რომელიც ერთად იხდის, ერთი ოთახის გაუქმებისას ჯგუფის ავანსი არ იხარჯება — ის რჩება დანარჩენი ოთახებისთვის; ჯარიმა ცალკე გადაიხდება.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.