ხშირი კითხვები Activi Hotel-ზე
პასუხები ხშირ კითხვებზე: Booking.com და ონლაინ ჯავშანი, ჰოსტელი, დამატებითი ღამე და ოთახის შეცვლა, ადრეული შესვლა, ფოლიოს გაყოფა კომპანიასა და სტუმარს შორის, ავანსის დაბრუნება, გადაცილებული გასვლა, ჯგუფის ნაწილის გაწერა, ღამის აუდიტი, სარეგისტრაციო ბარათი, ვალუტა, ინტერნეტის გარეშე მუშაობა.
ჯავშნები
Booking.com-ის ან Airbnb-ის ჯავშნები თავისით შემოდის?
არა. Activi Hotel 2.38 დაჯავშნის საიტებთან და არხების მენეჯერთან დაკავშირებული არ არის. მათი ჯავშნები ხელით შეიტანეთ, „წყაროდ“ აირჩიეთ „Booking.com“ ან „Airbnb“, ხოლო ოთახის თავისუფლება საიტზე თავად განაახლეთ. ონლაინ დაჯავშნის ფორმა სასტუმროს ვებგვერდისთვის პროგრამას ასევე არ აქვს.
ჰოსტელისთვის გამოდგება? საწოლით შეიძლება გაყიდვა?
პროგრამა ყიდის მთლიან ოთახს: ერთ ოთახზე ერთ დროს ერთი ჯავშანია. საერთო ოთახის საწოლებს ცალ-ცალკე ვერ გაყიდით. გამოსავალი — თითო საწოლი დაამატეთ ცალკე „ოთახად“ (მაგ. D4-1, D4-2… ტიპით „საწოლი საერთო ოთახში“, 1 ადგილით) — მაშინ თითოეული ცალკე იჯავშნება, კალენდარში კი საწოლების მწკრივები ჩანს.
სტუმარი კიდევ ერთ ღამეს რჩება — როგორ დავამატო?
კალენდარში მისი ზოლის მარჯვენა კიდე ერთი დღით გადაწიეთ, ან „რედაქტირება“ → „გასვლა“ / „ღამე +“ → „შენახვა“. ფასი და ფოლიო თავისით განახლდება. თუ ოთახი ხვალ სხვას აქვს დაჯავშნილი, პროგრამა არ შეგიშვებთ — ჯერ გადაიტანეთ ერთ-ერთი ჯავშანი.
სტუმარს ოთახი უნდა შევუცვალო შუა ყოფნაში
კალენდარში შესახლებული სტუმრის ზოლი გადაათრიეთ ახალი ოთახის მწკრივში. ფასი მთელ ყოფნაზე ახალი ოთახის ტიპით გადაითვლება (ღამეებს ძველ და ახალ ოთახს შორის ვერ გაყოფთ); თუ ფასი არ უნდა შეიცვალოს, მონიშნეთ „ფასი ხელით“. ძველი ოთახი „დასალაგებელი“ ხდება.
როგორ წავშალო ჯავშანი?
ჯავშანი არ იშლება — ის უქმდება („გაუქმება“), და რჩება ისტორიაში. თუ ჯავშანი შეცდომით გაკეთდა, გააუქმეთ ჯარიმა 0-ით.
ადრეული შესვლა ან გვიანი გასვლა როგორ ავიღო?
შესვლა/გასვლის საათს პროგრამა არ აფასებს. ადრეულ შესვლას ან გვიან გასვლას ფოლიოში სერვისად დაამატეთ (მაგ. „გვიანი გასვლა 18:00-მდე — 50 ₾“). თუ სტუმარი წინა დღეს ღამით მოვიდა, ჯავშანი ერთი დღით ადრე დაიწყეთ — ეს დამატებითი ღამეა.
ბავშვისთვის ცალკე ფასი შეიძლება?
ცალკე ბავშვის ფასი არ არის. ბავშვი ითვლება სტუმრად: თუ სტუმრები ოთახის ადგილს აჭარბებს, ემატება „დამატებითი პირის“ ფასი. ქალაქის გადასახადი ბავშვებზე — მხოლოდ „ბავშვებიც იხდიან“ მონიშვნით.
ფული
კომპანია იხდის ოთახს, სტუმარი — ბარს. შეიძლება ფოლიოს გაყოფა?
ცალკე ფოლიოები ერთ ჯავშანზე არ იქმნება, მაგრამ გაწერისას ერთ ფანჯარაში თანხის გაყოფა შეიძლება: „კომპანია იხდის?“ → აირჩიეთ კომპანია → გადახდის ფანჯარაში „კომპანიის ანგარიშზე (ინვოისი)“ ჩაწერეთ ოთახის თანხა, დანარჩენი — ნაღდით ან ბარათით სტუმრისგან. ერთი ჩეკი იქნება, კომპანიის ვალში კი მხოლოდ მისი ნაწილი ჩაიწერება.
ავანსი შეცდომით ავიღე — როგორ დავაბრუნო?
2.38-ში ავანსის ჩეკი გვერდიდან „გადახდები“ არ ბრუნდება. ავანსი რჩება ფოლიოზე და გაწერისას აკლდება; თუ ის ფოლიოზე მეტია, სხვაობა სტუმარს ნაღდით უბრუნდება. ჯავშნის უფასო გაუქმებისას ავანსი სრულად ბრუნდება (ნაღდით).
სხვა ვალუტით (დოლარი, ევრო) შეიძლება გადახდა?
ფასები, ფოლიო და გადახდები მხოლოდ ლარშია. უცხოურ ვალუტას გადაიყვანეთ ლარში და გაატარეთ ლარის თანხა.
ბარათზე თანხის „დაბლოკვა“ (წინასწარი ავტორიზაცია) შესახლებისას?
არ არის. ავანსი ჩვეულებრივი გადახდაა — ბარათით, ნაღდით ან გადმორიცხვით.
ღამის აუდიტი აქვს?
ცალკე ღამის აუდიტი არ არის. ღამეები ჯავშნის ფასშია და ფოლიოში უკვე ჩანს, შემოსავალი გაწერისას აღირიცხება, დღის ფული კი იხურება „სალაროს დახურვით“ (Z-რეპორტი). დღიური დატვირთვა და ღამეების შემოსავალი — „სასტუმროს ანგარიშებში“.
რეცეფცია
სტუმარი წავიდა, მაგრამ ოთახი ისევ დაკავებულია
ის არ არის გაწერილი — პროგრამა სტუმარს თავისით არ აწერს. „ნომრები დღეს“ → ფილტრი „გასვლა“: გადაცილებულ ოთახს წითელი ნიშანი აქვს. გახსენით და დააჭირეთ „გაწერა“ (ან „დარიცხვა დღემდე“, თუ ღამეები უნდა დაემატოს).
გაწერილი სტუმარი კალენდრიდან გაქრა
გაწერილები ნაგულისხმევად დამალულია. მონიშნეთ კალენდრის ზედა ზოლში „გაწერილები“.
ჯგუფიდან ერთი ოთახი ადრე მიდის
თუ ჯგუფში „თითო ოთახი ცალკე“ იხდის — ამ ოთახს ჩვეულებრივ გაწერთ. თუ „ერთი გადამხდელია“, „ჯგუფის გაწერა“ ყველა შესახლებულ ოთახს ერთად აწერს: ადრე წასული ოთახისთვის გამოიყენეთ „ვადამდე გასვლა“ (ფასი შემცირდება), ოთახი კი ჯგუფის გაწერამდე დაკავებულად დარჩება — ან ჯგუფი გაწერეთ ერთად, ბოლო დღეს.
სარეგისტრაციო ბარათის დაბეჭდვა ან დოკუმენტის სკანირება?
არ არის. დოკუმენტის ტიპი, ნომერი, მოქალაქეობა და დაბადების თარიღი იწერება სტუმრის ბარათში; ასლს (ფოტოს) პროგრამა არ ინახავს. სტუმრების სია — „სტუმრები“ → „Excel“.
დამლაგებელს მხოლოდ დასუფთავება როგორ ვაჩვენო?
ცალკე როლი არ არის. დამლაგებელს მიეცით ანგარიში წვდომით მხოლოდ „ჯავშნები / ნომრები“ — მენიუში სხვა არაფერი ექნება, მაგრამ ამ გვერდზე კალენდარსა და ჯავშნებსაც დაინახავს (თავი დასუფთავება).
პროგრამა
რესტორნისთვის ცალკე ლიცენზია ან Activi Rest მჭირდება?
არა. ბარი, რესტორანი და სამზარეულო Activi Hotel-ის ნაწილია და „სასტუმროს“ მოდულით ირთვება. Activi Rest საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ რესტორანი სრულიად ცალკე ბიზნესია.
ინტერნეტი გაითიშა — რა ხდება?
რეცეფცია, ბარი და ტაბლეტები ლოკალურ ქსელში მუშაობას აგრძელებს. ინტერნეტი საჭიროა ლიცენზიის შემოწმებისთვის (ინტერნეტის გარეშე — ნაგულისხმევად 7 დღე), განახლებებისთვის, RS.ge-სთვის და დახმარების მოთხოვნისთვის.
სახლიდან ან ტელეფონით, სასტუმროს გარეთ, შემიძლია ჯავშნების ნახვა?
პროგრამა მუშაობს სასტუმროს ლოკალურ ქსელში; ინტერნეტით გარედან წვდომა მასში არ არის. დისტანციური დახმარება Activi-ის მხარდაჭერისთვის — Activi Remote.
სად ინახება მონაცემები და რა ხდება, თუ კომპიუტერი გაფუჭდა?
%APPDATA%\CloudPos\data (ან data-cloudhotel). ყოველდღე იქმნება ავტომატური ასლი, ლიცენზიით — დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზეც. პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან (თავი ბექაპი და აღდგენა).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.