ახალი ჯავშანი: სტუმარი, თარიღები, ოთახი, ფასი, ავანსი და ჯგუფური ჯავშანი
ჯავშნის გაკეთება Activi Hotel-ში: სტუმრის ძებნა ბაზაში ან ახალი სტუმარი დოკუმენტით, თარიღები და ღამეები, წყარო, ზრდასრულები, ბავშვები და დამატებითი საწოლი, ფასდაკლება, ფასი ღამეების მიხედვით, ფასი ხელით, მინიმალური ღამეები, ავანსი, ჯავშნის რედაქტირება და ჯგუფური ჯავშანი რამდენიმე ოთახზე.
ჯავშანს აკეთებს ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც „ჯავშნები / ნომრები“ უჩანს. ფორმა იხსნება სამი გზით: ღილაკით „ახალი ჯავშანი“, კალენდარში ცარიელ უჯრებზე გადატარებით (ოთახი და თარიღები უკვე არჩეულია) ან „ნომრები დღეს“-ში თავისუფალ ოთახზე დაჭერით (ოთახი არჩეულია).
ნაბიჯ-ნაბიჯ
- „ახალი ჯავშანი“ → ზედა გადამრთველი: „ერთი ოთახი“.
- სტუმარი: აკრიფეთ სახელი, გვარი ან ტელეფონი — ქვემოთ ჩნდება „სტუმრების ბაზიდან“ შესაბამისი სტუმრები. თუ სტუმარი უკვე ყოფილა, აირჩიეთ ის სიიდან; თუ ახალია — შეავსეთ ველები.
- ყოფნა: „შესვლა“ და „გასვლა“ (ან „ღამე“ − / +), „წყარო“.
- სტუმრები: „ზრდასრული“, „ბავშვი“, „დამატებითი საწოლი“; საჭიროებისას „ფასდაკლება %“.
- ოთახი: აირჩიეთ თავისუფალი ოთახი (სიაში მხოლოდ ამ თარიღებზე თავისუფალი ოთახებია).
- შეამოწმეთ ფასი მარჯვენა სვეტში „ფასი“.
- „შენიშვნა“ (მაგ. „გვიან ჩამოსვლა“) და, თუ სტუმარი წინასწარ იხდის, „ავანსი (არასავალდებულო)“.
- „დაჯავშნა“ — „ოთახი 101 დაიჯავშნა · 700,00 ₾“. ავანსის შეყვანისას მაშინვე იხსნება გადახდის ფანჯარა (იხ. ქვემოთ), შემდეგ — ჯავშნის ბარათი.

სტუმარი
| ველი | შენიშვნა |
|---|---|
| სახელი, გვარი, ტელეფონი | სახელი სავალდებულოა; ტელეფონით ძებნა 3 ციფრიდან მუშაობს |
| დოკუმენტი | „პირადი ნომერი“ ან „პასპორტი“ |
| პირადი № / პასპორტის № | ამ ნომრით პროგრამა სტუმარს მეორედ აღარ ქმნის — თუ ასეთი ნომრით სტუმარი უკვე არის, ჯავშანი მას მიება |
| მოქალაქეობა | ნაგულისხმევად „საქართველო“, სიიდან ან ხელით |
| დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა | არასავალდებულო |

სიიდან არჩეულ სტუმარს სათაურში უწერია „ბაზიდან · 4 ვიზიტი“. თუ სტუმარი შავ სიაშია, სიაში წითლად ჩანს „შავ სიაშია“ და ფორმაში — გაფრთხილება მიზეზით („დაჯავშნა შეუძლია მხოლოდ მენეჯერს“).
ყურადღება: 2.38-ში ფორმა შავ სიაში მყოფ სტუმარზე ჯავშანს არავის აძლევს — მენეჯერსა და ადმინისტრატორსაც „დაჯავშნისას“ უჩნდება „სტუმარი „…“ შავ სიაშია“. თუ ასეთ სტუმარს მაინც იღებთ, მენეჯერმა ჯერ მოხსნას ის შავი სიიდან (თავი სტუმრები), შემდეგ გააკეთეთ ჯავშანი.
შენიშვნა: სტუმრის ბაზიდან არჩევის შემდეგ თუ ველს შეცვლით (მაგ. სახელს), არჩევა იხსნება და შეიქმნება ახალი სტუმარი. არსებული სტუმრის მონაცემები შეცვალეთ გვერდზე „სტუმრები“.
ყოფნა და წყარო
- შესვლა / გასვლა — ღამეები ითვლება შესვლის დღიდან გასვლის დღემდე. „ღამე“-ს − / + გასვლის დღეს ცვლის.
- წყარო — საიდან მოვიდა ჯავშანი: პირდაპირ, ტელეფონით, ელ-ფოსტით, Booking.com, Airbnb, სააგენტო, ვებგვერდი, სხვა. ჩანს ჯავშნის ბარათზე.
შენიშვნა: „Booking.com“ და „Airbnb“ აქ მხოლოდ წარწერაა. Activi Hotel 2.38 ამ საიტებთან არ არის დაკავშირებული (არხების მენეჯერი არ აქვს) — მათი ჯავშნები ხელით შეიტანეთ, ხოლო ოთახის დახურვა საიტზე თავად გააკეთეთ.
ჯავშანი ერთ წელზე გრძელი ვერ იქნება.
სტუმრები, ფასდაკლება და ფასი
მარჯვენა სვეტი „ფასი“ ითვლის ზუსტად ისე, როგორც პროგრამა შეინახავს:
- ყოველი ღამე თავისი ფასით (შაბათ-კვირის ღამე და სეზონის ღამე ფერადი ჩარჩოთია), ქვემოთ — „სეზონი: რთველი“;
- „ოთახი — 3 ღამე“, „დამატებითი პირი × 1“, „დამატებითი საწოლი × 1“, „ფასდაკლება 10%“, „ქალაქის გადასახადი“;
- „სულ“ და „საშუალოდ … / ღამე“.
თუ სტუმრები ოთახის ადგილს აჭარბებს, ფორმა წერს „3 სტუმარი 2-ადგილიან ოთახში — დამატებითი პირი ფასდება ცალკე“. გამოთვლის წესი და მაგალითები — თავი ოთახები, ტიპები და ფასები.
ზემოთ სურათზე: სტანდარტი, 9 → 12 ოქტომბერი („რთველის“ სეზონი): 200 + 200 + 180 = 580 ₾, მესამე სტუმარი (ბავშვი) 2-ადგილიან ოთახში 40 × 3 = 120 ₾ — სულ 700 ₾, საშუალოდ 233,33 ₾ / ღამე.
ფასი ხელით
„ფასი ხელით (ღამე)“ — მონიშნეთ და ჩაწერეთ ერთი ღამის ფასი: ყველა ღამე ამ ფასით დაფასდება (სეზონი და შაბათ-კვირა აღარ მოქმედებს), დამატებითი პირი/საწოლი და ფასდაკლება კვლავ ემატება. ფასდაკლება და ხელით ფასი ხელმისაწვდომია მხოლოდ „ფასდაკლების“ უფლების მქონე თანამშრომლისთვის (რეცეფციონისტს ნაგულისხმევად აქვს — თავი თანამშრომლები).
მინიმალური ღამეები
თუ ჯავშნის ღამე სეზონშია, რომელსაც მინიმუმი აქვს, და ღამეები ნაკლებია, ფორმა წერს „ამ თარიღებზე მინიმუმ 2 ღამე“ და „დაჯავშნა“ არ მუშაობს. სტუმარი მაინც ერთ ღამეს ითხოვს? მონიშნეთ „მაინც დაჯავშნა“.

ავანსი
ველში „ავანსი (არასავალდებულო)“ ჩაწერეთ თანხა → „დაჯავშნა“ → იხსნება გადახდის ფანჯარა „ავანსი“: აირჩიეთ „ნაღდი“, ბარათის ტერმინალი ან „გადმორიცხვა“, თანხა („ზუსტი“) → „გადახდის დადასტურება“ (ხელით ტერმინალზე — „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“). იბეჭდება ავანსის ქვითარი.

ავანსი შეიძლება მოგვიანებითაც მიიღოთ — ჯავშნის ბარათზე ღილაკით „ავანსი“ (ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც საჭიროა). ავანსი შემოსავალი არ არის: ბუღალტერიაში ის სტუმრის ავანსად (ვალდებულება, 2150) ინახება და შემოსავალი ხდება გაწერისას. ფისკალურ აპარატზე ავანსი არ იბეჭდება — ფისკალური ჩეკი გაწერისას იბეჭდება (თავი გაწერა და გადახდა).
ყურადღება: თუ ავანსის გადახდის ფანჯარას დახურავთ, ჯავშანი მაინც რჩება — უბრალოდ ავანსის გარეშე. ავანსი მიიღეთ ბარათიდან „ავანსი“-თი.
ჯავშნის რედაქტირება
ჯავშნის ბარათზე „რედაქტირება“ ხსნის იმავე ფორმას: შეგიძლიათ შეცვალოთ სტუმრის მონაცემები, თარიღები, ოთახი, სტუმრების რაოდენობა, ფასდაკლება, ხელით ფასი, წყარო და შენიშვნა → „შენახვა“ („ჯავშანი შეიცვალა“). ფასი თავიდან ითვლება.
- შესახლებულ სტუმარს შესვლის თარიღი არ ეცვლება.
- გაწერილი, გაუქმებული და no-show ჯავშანი არ რედაქტირდება.
- თარიღები და ოთახი უფრო სწრაფად იცვლება კალენდარში გადათრევით (თავი ჯავშნების კალენდარი).
ჯგუფური ჯავშანი
ჯგუფი — რამდენიმე ოთახი ერთსა და იმავე თარიღებზე (ტური, ქორწილი, კონფერენცია).
- „ახალი ჯავშანი“ → „ჯგუფი (რამდენიმე ოთახი)“.
- სტუმარი — ჯგუფის ხელმძღვანელი (ან საკონტაქტო პირი).
- თარიღები, „ზრდასრული“ და „ბავშვი“ — თითო ოთახზე, ფასდაკლება, წყარო.
- „ოთახები“ — მონიშნეთ ყველა საჭირო ოთახი (დაკავებული ოთახები არ ინიშნება).
- „ჯგუფის სახელი“ (მაგ. „ტური — შვედეთის ჯგუფი“) და „ვინ იხდის“: „ერთი გადამხდელი“ (ერთი საერთო ფოლიო ყველა ოთახზე) ან „თითო ოთახი ცალკე“.
- „ფასი“ სვეტში ჩანს თითო ოთახის ფასი და „ჯგუფი სულ“ → „დაჯავშნა — 3 ოთახი“.

ჯგუფის ყველა ოთახი ხელმძღვანელის სახელზე იწერება; ჯგუფის ავანსი ერთ საერთო ფოლიოში მიდის. ჯგუფთან მუშაობა — თავი ჯგუფები და კომპანიები.
შენიშვნა: ჯგუფურ ფორმაში არ არის „დამატებითი საწოლი“ და „ფასი ხელით“, ხოლო სეზონის მინიმალური ღამეები არ მოწმდება. საჭიროებისას ცალკეული ოთახის ჯავშანი შემდეგ შეასწორეთ „რედაქტირებით“.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.