Activi
Activi Hotel · თავი 7

ფოლიო: ღამეები, სერვისები, მინიბარი, ბარი და რესტორანი, ავანსი და გადახდის წესი

სტუმრის ფოლიო Activi Hotel-ში: ოთახის ღამეები, ხელით დამატებული სერვისები (სამრეცხაო, ტრანსფერი), მინიბარი მარაგიდან, ბარისა და რესტორნის ნომერზე ჩაწერა, ქალაქის გადასახადი, ავანსები, გადასახდელი და დასაბრუნებელი, გადახდის წესი — სტუმარი, ინვოისი ან კომპანიის ანგარიში — სრული მაგალითით.

ფოლიო — სტუმრის ანგარიში, რომელიც ჯავშნის ბარათის მარჯვენა ნაწილშია: „ყველაფერი, რაც გაწერისას გადაიხდება“. ის ივსება მთელი ყოფნის განმავლობაში და იხურება გაწერით.

ფოლიო: ოთახი 102 — 3 ღამე, სამრეცხაო, რესტორანი, მინიბარი, ავანსი 150 ₾, გადასახდელი 411 ₾
ფოლიო: ოთახი 102 — 3 ღამე, სამრეცხაო, რესტორანი, მინიბარი, ავანსი 150 ₾, გადასახდელი 411 ₾

ფოლიოს ხაზები

ხაზიხატულასაიდან მოდის
ოთახი — N ღამე🛏ჯავშნის ფასი (ღამეები, დამატებითი პირი/საწოლი, ფასდაკლება)
სერვისი+ხელით დამატებული: სამრეცხაო, ტრანსფერი, ადრეული შესვლა… — წაიშლება ✕-ით
ბარი: …🍷ბარის სალაროდან „ნომერზე ჩაწერა“
რესტორანი: …🍽რესტორნის მაგიდიდან „ნომერზე ჩაწერა“
მინიბარი: …🥛ფოლიოს ღილაკი „მინიბარი“
ქალაქის (ტურისტული) გადასახადი📄თუ ჩართულია „სასტუმროს პარამეტრებში“

ბარის, რესტორნისა და მინიბარის ხაზებს თან ახლავს წყარო და დრო („რესტორანი · 30 სექ, 20:30“); კურსორის მიტანისას — ჩეკის ნომერი. მათ ფოლიოდან ვერ წაშლით — ისინი ცალკე ჩეკებია (იხ. ქვემოთ).

ქვემოთ — ჯამები:

  • „ოთახი და სერვისები“ — ღამეები + ხელით სერვისები;
  • „ბარი / რესტორანი / მინიბარი“ — ნომერზე ჩაწერილი;
  • „ქალაქის გადასახადი“;
  • „სულ“, „ავანსი“ (მინუსით) და „გადასახდელი“ — ან, თუ ავანსი მეტია, „დასაბრუნებელი სტუმრისთვის“.

ქვემოთ — „გადახდები“: ფოლიოს ყველა ავანსი, გაწერა და ჯარიმა (ნომერი, დრო, როგორ — „ნაღდი“, „ბარათი“, „გადმორიცხვა“, „კომპანია“, „ავანსიდან“; დაბრუნებულზე — „დაბრუნებული“) და „ინვოისები“.

სერვისის დამატება

  1. ფოლიოს ქვედა ველში — „სერვისი (მაგ. სამრეცხაო, ტრანსფერი)“: დასახელება.
  2. რაოდენობა (ნაგულისხმევად 1) და „ფასი“ — ერთეულის ფასი.
  3. „დამატება“ — „სერვისი დაემატა ფოლიოს“.

სერვისი ხელმისაწვდომია, სანამ ჯავშანი დაჯავშნილი ან შესახლებულია (წინასწარ შეკვეთილი ტრანსფერიც შეიძლება ჩაწეროთ). წაშლა — ✕ ხაზზე (საჭიროა „შეკვეთის / ჯავშნის გაუქმების“ უფლება).

შენიშვნა: ხელით სერვისი ფასით იწერება და საწყობს არ ეხება. სერვისების ფასების სია (მაგ. „სამრეცხაო — 25 ₾“) 2.38-ში არ არის — ფასს ყოველ ჯერზე წერთ. თუ სერვისი მარაგიდან იხარჯება (მაგ. სასმელი), გამოიყენეთ „მინიბარი“ ან ბარი.

მინიბარი

შესახლებული სტუმრის ფოლიოში — ღილაკი „მინიბარი“:

  1. იხსნება „მინიბარი — ოთახი 102“ („მარაგიდან ჩამოიწერება და ფოლიოში ჩაიწერება“). ჩანს კატეგორიის „მინიბარი“ საქონელი ფასითა და მარაგით; ძებნით — ნებისმიერი პროდუქტი.
  2. დააჭირეთ თითო ნივთს იმდენჯერ, რამდენიც სტუმარმა გამოიყენა (− აკლებს).
  3. „ოთახზე ჩაწერა · 13,00 ₾“ — „მინიბარი — 13,00 ₾ ჩაიწერა ოთახზე 102“.
მინიბარი: კოკა-კოლა და ჩიფსი, „ოთახზე ჩაწერა“
მინიბარი: კოკა-კოლა და ჩიფსი, „ოთახზე ჩაწერა“

მინიბარის ჩაწერა ჩვეულებრივი გაყიდვაა: საქონელი მარაგიდან ჩამოიწერება და ფოლიოში თითო ხაზად ჩნდება („მინიბარი: ბორჯომი 0.5ლ × 2“). მარაგზე მეტს ვერ ჩაწერთ. მინიბარის საქონელი შექმენით კატეგორიაში, რომლის სახელიც „მინიბარს“ შეიცავს — მაშინ ფანჯარა მხოლოდ მას აჩვენებს (თავი მენიუ, მარაგი და მომწოდებლები).

ბარი და რესტორანი ნომერზე

ბარში ან რესტორანში სტუმარი ამბობს „ჩამიწერეთ ნომერზე“: გადახდის ფანჯარაში აირჩიეთ „ნომერზე ჩაწერა“ და სტუმარი (ოთახის ნომრით ან სახელით) — ანგარიში ფოლიოში გადავა. დაწვრილებით — თავი ბარი, რესტორანი და სამზარეულო. ჩაწერა შეიძლება მხოლოდ შესახლებულ სტუმარზე.

ავანსი

ბარათის ღილაკი „ავანსი“ → „ავანსის მიღება“: თანხა (შეთავაზებულია მთელი გადასახდელი) → „გადახდაზე გადასვლა“ → გადახდის ფანჯარა (ნაღდი, ბარათი, გადმორიცხვა) → ქვითარი „ავანსი მიღებულია“.

ავანსის მიღება: 170 ₾
ავანსის მიღება: 170 ₾
  • ავანსი შეიძლება რამდენჯერმე მიიღოთ — ისინი ჯამდება;
  • გაწერისას ავანსი თავისით აკლდება გადასახდელს;
  • თუ ავანსი ფოლიოზე მეტია, გაწერისას სხვაობა სტუმარს ნაღდით უბრუნდება („დაუბრუნეთ სტუმარს“);
  • ავანსი სტუმარს უბრუნდება ჯავშნის უფასო გაუქმებისას (ნაღდით) ან გაწერისას, თუ ის ფოლიოზე მეტია (თავი გაწერა და გადახდა).

ყურადღება: შეცდომით მიღებულ ავანსს 2.38-ში გვერდიდან „გადახდები“ ვერ დააბრუნებთ — ავანსის ჩეკს ღილაკი „დაბრუნება“ არ აქვს (ჩეკის ჯამი 0 ₾-ია, თანხა „ავანსის“ ხაზშია). თუ ავანსი არასწორი თანხით მიიღეთ, დატოვეთ ის ფოლიოზე — გაწერისას ზედმეტი სტუმარს დაუბრუნდება — ან მიმართეთ მხარდაჭერას.

გადახდის წესი: სტუმარი, ინვოისი, კომპანია

ფოლიოს თავში — გადამრთველი „გადახდა“:

წესირას ნიშნავსნიშანი
სტუმარი იხდისნაგულისხმევი — სტუმარი იხდის გაწერისასავანსი / დარჩა / გადახდილია
ინვოისითიხდის კომპანია ინვოისით (კომპანია — არასავალდებულო)„ინვოისით“
კომპანიის ანგარიშზეთანხა ჩაიწერება კომპანიის დავალიანებაში (კომპანია სავალდებულოა)„კომპანიის ანგარიშზე“

კომპანია ირჩევა სიიდან „კომპანიები / დებიტორები“. „კომპანიის ანგარიშზე“ არჩეულ ჯავშანზე გაწერის ღილაკთან უკვე წერია „კომპანია: შპს „…““ და გადახდის ფანჯარაში ჩნდება „კომპანიის ანგარიშზე (ინვოისი)“.

კომპანიის ანგარიშზე: ოთახი 205, მივლინება
კომპანიის ანგარიშზე: ოთახი 205, მივლინება

შენიშვნა: გადახდის წესი ნიშანს და გაწერის შეთავაზებას ცვლის, თავად კი ფულს არ მოძრაობს. ინვოისის შექმნა და კომპანიის დავალიანება — თავი ჯგუფები და კომპანიები.

მაგალითი: სამი ღამე სერვისით და ნაწილობრივი წინასწარი გადახდით

ნინო გელაშვილი, ოთახი 102 (სტანდარტი), 29 სექტემბერი (სამშაბათი) → 2 ოქტომბერი (პარასკევი), 2 ზრდასრული.

  1. 24 სექტემბერს ნატომ ტელეფონით გააკეთა ჯავშანი: სამი ჩვეულებრივი ღამე × 150 ₾ = 450 ₾.
  2. 25 სექტემბერს სტუმარმა ბარათით გადაიხადა ავანსი 150 ₾ („ავანსი · #289 · ბარათი“). ნიშანი: „ავანსი 150 ₾“.
  3. 29 სექტემბერს — შესახლება 14:06-ზე.
  4. 30 სექტემბერს რესტორანში ივახშმეს და ჩაიწერეს ნომერზე: ხაჭაპური იმერული 18 ₾ + მწვადი ღორის 24 ₾ + ქინძმარაული (ჭიქა) 2 × 12 ₾ = 66 ₾.
  5. 1 ოქტომბერს — მინიბარი: ბორჯომი 2 × 6 ₾ + შოკოლადი 8 ₾ = 20 ₾; რეცეფციამ ჩაწერა სერვისი „სამრეცხაო“ 25 ₾.

ფოლიო გაწერის დღეს:

ხაზითანხა
ოთახი 102 — 3 ღამე450,00 ₾
სამრეცხაო25,00 ₾
ოთახი და სერვისები475,00 ₾
რესტორანი (ხაჭაპური, მწვადი, ქინძმარაული × 2)66,00 ₾
მინიბარი (ბორჯომი × 2, შოკოლადი)20,00 ₾
ბარი / რესტორანი / მინიბარი86,00 ₾
სულ561,00 ₾
ავანსი−150,00 ₾
გადასახდელი411,00 ₾

გაწერა და ჩეკი ამ ფოლიოთი — თავი გაწერა და გადახდა.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.