პროგრამის ფანჯარა: მენიუ, ზედა ზოლი, როლების ხედი, თემა და დრო
Activi Hotel-ის მთავარი ფანჯარა: გვერდითა მენიუ და რას ხედავს ადმინისტრატორი, მენეჯერი და რეცეფციონისტი, ზედა ზოლი, მიმოხილვა, მუქი თემა, სრული ეკრანი, კლავიატურის მალსახმობები და პროგრამის დრო.
ამ თავში აღწერილია მთავარი ფანჯარა: სად რა არის, რას ხედავს თითოეული როლი და როგორ მოვარგოთ ფანჯარა სამუშაოს.
გვერდითა მენიუ
მენიუ ჯგუფებადაა დაყოფილი. რომელ პუნქტს ხედავს თანამშრომელი, დამოკიდებულია მის როლზე და ადმინისტრატორის მიერ მიცემულ წვდომაზე (თავი თანამშრომლები):
| ჯგუფი | გვერდი | რისთვისაა | ვინ ხედავს |
|---|---|---|---|
| მთავარი | მიმოხილვა | დღის შემოსავალი, ჩეკები, გრაფიკი | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| მთავარი | ჯავშნები / ნომრები | კალენდარი, ნომრები დღეს, დასუფთავება, ყოველი ჯავშნის ბარათი და ფოლიო | ყველა |
| მთავარი | სტუმრები | სტუმრების ბაზა, ვიზიტების ისტორია, შავი სია | ყველა |
| მთავარი | ბარი / სალარო | ბარის სალარო, „ნომერზე ჩაწერით“ | ყველა |
| მთავარი | რესტორანი | დარბაზის გეგმა და შეკვეთები მაგიდაზე | ყველა |
| მთავარი | სამზარეულო | სამზარეულოს ეკრანი | ყველა |
| მთავარი | გადახდები | ყველა ჩეკი: ავანსები, გაწერები, ბარი, დაბრუნება | ყველა |
| მთავარი | სალაროს დახურვა | X/Z-რეპორტი, ნაღდის შემოტანა/გატანა | ყველა |
| ანალიტიკა | სასტუმროს ანგარიშები | დატვირთვა, ADR, RevPAR, შემოსავალი წყაროებით | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| ანალიტიკა | ანგარიშები | შემოსავალი, მოგება, პროდუქცია, თანამშრომლები | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| მენეჯმენტი | სასტუმროს პარამეტრები | წესები, ოთახის ტიპები, სეზონები, სართულები და ოთახები | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| მენეჯმენტი | მენიუ / ბარი / მინიბარი, მარაგი, მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტები | საქონელი, ფასები, მარაგი | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| მენეჯმენტი | კომპანიები / დებიტორები | კომპანიები და მათი დავალიანება | ყველა |
| მენეჯმენტი | ხარჯები, ინვოისები | საოპერაციო ხარჯები; ინვოისები | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| ბუღალტერია | ბუღალტერია და მისი გვერდები | ჩანს, თუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის) | ბუღალტერიის უფლებით |
| სისტემა | თანამშრომლები, პარამეტრები | ანგარიშები და პროგრამის პარამეტრები | ადმინისტრატორი |
| სისტემა | ჩემი პროფილი | საკუთარი პაროლი და სესიები | ყველა |

რეცეფციონისტი (როლი „რეცეფციონისტი“) ხედავს სამუშაო გვერდებს: ჯავშნები / ნომრები, სტუმრები, ბარი / სალარო, რესტორანი, სამზარეულო, გადახდები, სალაროს დახურვა, კომპანიები / დებიტორები და ჩემი პროფილი. პარამეტრებს, ფასებს და ანგარიშებს ის არ ხედავს.

მენიუს ბოლოში ჩანს სასტუმროს სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „ქსელის ბაზა · …“) და ვერსიის სტრიქონი „Activi Hotel v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ახალ ვერსიას ამოწმებს (თავი განახლებები).
მენიუს ჩაკეცვა
ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის: სრული (ხატულები და წარწერები), ხატულები (ვიწრო ზოლი — კალენდარს მეტი ადგილი რჩება) და დამალული (ზედა ზოლში ჩნდება ☰ „მენიუ“). არჩეული მდგომარეობა ამ კომპიუტერზე ინახება.
ზედა ზოლი
მარცხნიდან მარჯვნივ:
- გვერდის სათაური — სად იმყოფებით;
- საათი და თარიღი — პროგრამის დრო (ზუსტი დროის სერვერით შემოწმებული, იხ. ქვემოთ);
- დახმარება (სამაშველო რგოლის ხატულა) — შეტყობინება მხარდაჭერისთვის (თავი დახმარება);
- თემის შეცვლა (მთვარე / მზე) — მუქი და ღია თემა;
- თქვენი სახელი და როლი — დაჭერით იხსნება „ჩემი პროფილი“;
- გასვლა — სისტემიდან გამოსვლა.
ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდის ან ლიცენზიის ვადის შესახებ, ახალი ვერსიის შესახებ და (ადმინისტრატორისთვის) — „ჩეკზე მაღაზიის რეკვიზიტები არ იბეჭდება — შეავსეთ…“.
გვერდი „ჯავშნები / ნომრები“
ეს რეცეფციის მთავარი გვერდია (სათაური „სასტუმრო“). სათაურის ქვეშ ჩანს დღევანდელი თარიღი, ოთახების რაოდენობა და შესვლა/გასვლის საათი, ზემოთ — სამი ჩანართი და ღილაკები:
| ელემენტი | რას ხსნის |
|---|---|
| კალენდარი | ოთახები × დღეები, ჯავშნები ზოლებად (თავი ჯავშნების კალენდარი) |
| ნომრები დღეს | ყოველი ოთახი ახლა: ვინ ცხოვრობს, ვინ მოდის, ვინ მიდის (თავი ნომრები დღეს და შესახლება) |
| დასუფთავება | დასალაგებელი, სუფთა, შემოწმებული, მწყობრიდან გამოსული ოთახები (თავი დასუფთავება) |
| ოთახები და ფასები | „სასტუმროს პარამეტრები“ (მხოლოდ ადმინისტრატორი და მენეჯერი) |
| ახალი ჯავშანი | ჯავშნის ფორმა (თავი ახალი ჯავშანი) |
ბოლოს არჩეული ჩანართი ამ კომპიუტერზე ინახება — მეორე დღეს იგივე ხედით გაიხსნება.
მიმოხილვა
ადმინისტრატორი და მენეჯერი გვერდზე „მიმოხილვა“ ხედავენ დღევანდელ შემოსავალს, ჩეკების რაოდენობას, საშუალო ჩეკს და მოგებას (გუშინდელთან შედარებით), ბოლო 14 დღის გრაფიკს, გადახდის მეთოდებს, ბოლო ჩეკებს და ტოპ პროდუქციას. ღილაკი „ნომრების დაფა →“ რეცეფციაზე გადაგიყვანთ. სასტუმროსთვის უფრო ზუსტი ციფრები — დატვირთვა, ADR, RevPAR — არის გვერდზე „სასტუმროს ანგარიშები“ (თავი ანგარიშები).
შენიშვნა: „მიმოხილვა“ მაღაზიისთვისაა შექმნილი და სასტუმროში ზოგი ციფრი უცნაურად გამოიყურება: ავანსის ჩეკი სიაში 0,00 ₾-ით ჩანს (ავანსი შემოსავალი არ არის), „ტოპ პროდუქციაში“ კი ცალკე ხაზებად ჩნდება გაწერის ჩეკების ოთახის ღამეები („ოთახი 305 — 4 ღამე…“). სასტუმროს შედეგისთვის იყენეთ „სასტუმროს ანგარიშები“.
მუქი თემა
ზედა ზოლის მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის ღილაკი — ღიას. პირველად პროგრამა Windows-ის პარამეტრს მიჰყვება, შემდეგ არჩეული თემა ამ კომპიუტერზე ინახება. იგივე გადამრთველია „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „თემა“. მუქი თემა მოსახერხებელია ღამის ცვლაში.

სრული ეკრანი
შესვლის შემდეგ პროგრამა მთელ ეკრანს იკავებს; F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს. რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას, გამორთეთ „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“.
კლავიატურის მალსახმობები
| კლავიში | სად | რას აკეთებს |
|---|---|---|
F11 | ყველგან | სრული ეკრანი ჩართვა / გამორთვა |
Esc | ნებისმიერი ფანჯარა | ფანჯრის დახურვა |
Enter | ფორმა | შენახვა / შესვლა |
F2 | ბარი / სალარო | ძებნის ველზე გადასვლა |
1…9 | გადახდის ფანჯარა | გადახდის სახის არჩევა (ნომერი წერია ღილაკზე) |
Enter | გადახდის ფანჯარა | აკრეფილი თანხის დამატება; თუ თანხა აკრეფილი არ არის — გადახდის დადასტურება |
კალენდარი მაუსით (ან თითით) იმართება: ზოლის გადათრევა, კიდის გაწევა, ცარიელ უჯრებზე გადატარება.
შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია; ენის ან შრიფტის ზომის ცალკე პარამეტრი არ არის.
პროგრამის დრო
ჩეკების, შესახლებისა და გაწერის დრო პროგრამის საათით ითვლება, რომელიც ზუსტი დროის სერვერით მოწმდება (ნაგულისხმევად time.google.com, ყოველ 30 წუთში) — ასე ჩეკი სწორ დროს ატარებს მაშინაც, როცა კომპიუტერის საათი ჩამორჩება. „დღეს“ (ვინ მოდის, ვინ მიდის, ვინ გადააცილა გასვლას) ამ საათით განისაზღვრება. მდგომარეობა ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათში „დრო“: „პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“ და „წყარო“; იქვე — სხვა დროის სერვერი, „შემოწმება“ ან „გამორთვა“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.