Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 19

ქსელი და მონაცემთა ბაზები: რამდენიმე სალარო, სერვერი ფონზე, დემო და ახალი ბაზა

Activi გასართობი ცენტრი ლოკალურ ქსელში: მთავარი კომპიუტერი და სალაროები, ქსელში ძებნა, სერვერის ფონზე მუშაობა ფანჯრის დახურვისას (2.38), Windows-თან ერთად ჩართვა, ახალი და დემო ბაზა, ბაზების გადართვა და სამუშაო ადგილები.

ცენტრის ყველა მონაცემი — ვიზიტები, ბარათები, სტუმრები, კაფე, ჩეკები — ერთ მონაცემთა ბაზაშია. ბაზა ერთ კომპიუტერზე ინახება, მაგრამ მასზე ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერი შეიძლება მუშაობდეს ლოკალური ქსელით: მაგალითად მიმღების სალარო, კაფე-ბარის სალარო და მენეჯერის კომპიუტერი. ყველა ხედავს ერთსა და იმავე დაფას — შემოსვლების დაფა ყოველ 15 წამში ახლდება.

ცნებები

  • ბაზა — ერთი ცენტრის (ფილიალის) ყველა მონაცემი, საკუთარი თანამშრომლებით და ბუღალტერიით.
  • მთავარი კომპიუტერი (სერვერი) — სადაც ბაზა ინახება. ის ჩართული უნდა იყოს, სანამ სხვები მუშაობენ.
  • სალარო (კლიენტი) — კომპიუტერი, რომელიც მთავარ კომპიუტერს ქსელით უკავშირდება და საკუთარ ბაზას არ იყენებს.

გასართობ ცენტრს საკუთარი ბაზა აქვს (%APPDATA%\CloudPos\data-cloudfun, ქსელის პორტი 3034) — თუ იმავე კომპიუტერზე Activi POS-იც დგას, მათი მონაცემები ერთმანეთს არ ერევა.

ბაზების მართვა

დაინსტალირებულ პროგრამაში: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „ბაზები“. თავში ოთხი ღილაკია:

ღილაკირას აკეთებს
სერვერების კონფიგურაციაამ კომპიუტერის ბაზები, შენახული და ქსელში ნაპოვნი სერვერები
ქსელში ძებნაეძებს ლოკალურ ქსელში სხვა კომპიუტერების ბაზებს
არსებული ბაზის დამატებასიაში ამატებს სხვა საქაღალდეში (მაგ. სხვა დისკზე) არსებულ ბაზას
ახალი ბაზაქმნის ახალ ბაზას (ცარიელს ან დემოს)

სიაში თითოეულ ბაზასთან ჩანს: სახელი, ნიშნები („გახსნილია“, „დემო“, „სხვა საქაღალდე“), ქსელის მისამართი („ქსელში: 192.168.1.10:3034“ ან „ქსელში არ ჩანს · პორტი …“), საქაღალდე, მონიშვნა „ქსელში ყოველთვის“, საქაღალდის გახსნა, სახელის შეცვლა და „გახსნა“.

ბაზები: სამუშაო ბაზა (გახსნილია) და დემო ბაზა
ბაზები: სამუშაო ბაზა (გახსნილია) და დემო ბაზა

ახალი ბაზა (ცარიელი ან დემო)

  1. „ახალი ბაზა“.
  2. „სახელი“ (მაგ. „ფილიალი ვაკე“).
  3. „სად შეიქმნას“: „სტანდარტული ადგილი“ ან „საქაღალდის არჩევა…“.
  4. მონიშვნა „დემო მონაცემებით“ — ბაზა შეიქმნება სავარჯიშო მონაცემებით; ცარიელისთვის მოხსენით.
  5. „შექმნა“ → „ბაზა შეიქმნა … გავხსნა ახლავე? შესვლა: admin / 1111, მენეჯერი 2222, მოლარე 3333“.
ახალი ბაზა
ახალი ბაზა

ამ კომპიუტერის ლიცენზია ახალ ბაზასაც მიჰყვება. ახალი ბაზა ქსელში პორტით 3040-დან ზემოთ ჩანს.

ბაზის გახსნა (გადართვა)

დააჭირეთ ბაზასთან „გახსნა“ და დაადასტურეთ — პროგრამა გადაიტვირთება არჩეული ბაზით. წინა ბაზა ადგილზე რჩება. ბაზის წაშლა პროგრამიდან შეუძლებელია; „სიიდან მოშორება“ (სხვა საქაღალდის ბაზებისთვის) მხოლოდ სიიდან აქრობს.

„ქსელში ყოველთვის“ — მონიშნული ბაზა ქსელისთვის ხელმისაწვდომია მაშინაც, როცა ამ კომპიუტერზე სხვა ბაზაა გახსნილი.

მეორე სალაროს მიერთება

  1. მთავარ კომპიუტერზე პროგრამა ჩართული უნდა იყოს. თუ Windows-ის Firewall-მა იკითხა („Allow access“), დაადასტურეთ.
  2. დააყენეთ Activi გასართობი ცენტრი მეორე კომპიუტერზე.
  3. პირველ გაშვებაზე აირჩიეთ „არსებული ბაზა…“ → „სხვა კომპიუტერზე (ქსელში)“ და სიიდან მთავარი კომპიუტერის ბაზა. ან, თუ პროგრამა უკვე გაშვებულია, შესვლის ფანჯრის ველში „ბაზა / სერვერი“ აირჩიეთ სერვერი ჯგუფიდან „ქსელის სერვერები“ ან „+ სერვერის დამატება…“ → მთავარი კომპიუტერის მისამართი (მაგ. 192.168.1.10) → „დაკავშირება“.
  4. პროგრამა გადაიტვირთება და მთავარი კომპიუტერის ბაზით იმუშავებს — იგივე თანამშრომლები, დაფა, ბარათები და კაფე.

იგივე შეიძლება შესულ სალაროზეც: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ქსელში ძებნა“ → ფანჯარა „ქსელში არსებული ბაზები“ → „დაკავშირება“ (ან „ან მისამართით“). ასეთ კომპიუტერზე მენიუს ბოლოში წერია „ქსელის ბაზა · …“, ხოლო „ბაზების“ ბარათში — „ეს კომპიუტერი მუშაობს სხვა კომპიუტერის ბაზაზე: …“ და ღილაკი „ამ კომპიუტერის ბაზაზე დაბრუნება“.

ტაბლეტი ან ტელეფონი

მთავარი კომპიუტერის ბაზა ბრაუზერითაც იხსნება იმავე ქსელში: http://მთავარი-კომპიუტერის-IP:3034 (მაგ. http://192.168.1.10:3034). ზოგი შესაძლებლობა (USB პრინტერზე პირდაპირ ბეჭდვა, ბაზების მართვა, დისტანციური დახმარება) მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაშია.

სერვერი ფონზე (2.38)

2.38-დან მთავარი კომპიუტერი სალაროებს აღარ თიშავს, როცა მის ფანჯარას ✕-ით ხურავთ: პროგრამა იმალება ტრეიში (ხატულა საათთან) და ბაზა მუშაობას აგრძელებს. პირველად ჩნდება შეტყობინება „Activi ფონზე მუშაობს — სალაროები დაკავშირებული რჩება“.

  • გახსნა — დააჭირეთ ტრეის ხატულას (ან მენიუში „გახსნა“).
  • სრულად გამორთვა — ტრეის ხატულა → მარჯვენა ღილაკი → „სრულად გამორთვა“. თუ ამ დროს სხვა სალაროები მუშაობენ, პროგრამა გაგაფრთხილებთ: „N სალარო მუშაობს ამ ბაზაზე — გაჩერდებიან“.

პარამეტრები: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა“:

პარამეტრივარიანტები„ავტომატურად“ ნიშნავს
ფანჯრის დახურვისას — ფონზე მუშაობაავტომატურად / ჩართული / გამორთული✕ ფანჯარას მალავს, თუ ეს კომპიუტერი სხვების სერვერია (ბოლო კვირაში მას სხვა კომპიუტერები დაუკავშირდნენ, ან რომელიმე ბაზა „ქსელში ყოველთვისაა“); სხვა შემთხვევაში ✕ პროგრამას თიშავს
Windows-თან ერთად ჩართვა (ფონზე)ავტომატურად (სერვერზე) / ჩართული / გამორთულიკომპიუტერის ჩართვისას პროგრამა ფონზე ჩაირთვება, თუ ის სერვერია

ბარათი აჩვენებს მიმდინარე მდგომარეობას, მაგ. „ეს კომპიუტერი სხვა კომპიუტერების სერვერია (ბოლო დღეებში დაკავშირებული: 2, ახლა: 2)…“ და „ახლა: ✕ ფანჯარას მალავს, ბაზა მუშაობს“.

ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა
ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა

სალარო-კომპიუტერზე (რომელიც სხვის ბაზას იყენებს) ✕ ჩვეულებრივ თიშავს პროგრამას — ეს ბარათი იქ არ ჩანს.

რჩევა: მთავარ კომპიუტერზე დატოვეთ ორივე პარამეტრი „ავტომატურად“ — მაშინ კომპიუტერის ჩართვისას სერვერი თავისით ჩაირთვება ფონზე, სალაროები დილით უპრობლემოდ დაუკავშირდებიან, ხოლო დღის ავტომატური დახურვა 00:00-ზე შესრულდება.

თუ მთავარი კომპიუტერი გამორთულია

სალარო ჩართვისას დაახლოებით 45 წამის განმავლობაში ცდილობს მთავარ კომპიუტერთან დაკავშირებას („მთავარ კომპიუტერს ვუკავშირდები…“). თუ ვერ დაუკავშირდა, ის ხსნის საკუთარ ცალკე ბაზას და შესვლის ფანჯარაში აჩვენებს: „მთავარ კომპიუტერთან (…) კავშირი ვერ დამყარდა — ახლა ამ კომპიუტერის ცალკე ბაზაა გახსნილი…“. ამ ბაზაში თქვენი თანამშრომლები და მონაცემები არ არის — ჩართეთ მთავარი კომპიუტერი, შეამოწმეთ ქსელი და დააჭირეთ „ხელახლა ცდა“.

სამუშაო ადგილები

ლიცენზია შეიძლება კომპიუტერების რაოდენობას ზღუდავდეს. „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → ბარათი „კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)“: რომელი კომპიუტერები მუშაობენ ბაზაზე (მთავარი — „მთავარი კომპიუტერი (ბაზა)“, სხვები — „პროგრამა“ ან „ბრაუზერი“ IP-ით), როდის შევიდნენ პირველად და ბოლოს. ძველი კომპიუტერის ადგილის გასათავისუფლებლად — „მოხსნა“. საცდელ პერიოდში რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)
კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)

თუ ადგილი აღარ არის, ახალ კომპიუტერზე ჩანს „ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“ — ადგილი გაათავისუფლეთ მთავარი კომპიუტერიდან.

მნიშვნელოვანი წესები

  • ბაზა არ შეიძლება იყოს გაზიარებულ ქსელურ საქაღალდეში — ორი კომპიუტერი ერთ ფაილს დააზიანებს. ბაზა მთავარ კომპიუტერზე დატოვეთ, სხვები ქსელით დაუკავშირდებიან.
  • ყველა კომპიუტერი ერთ ლოკალურ ქსელში უნდა იყოს. ბაზა ქსელში მუშაობს TCP პორტზე 3034 (დამატებითი ბაზები — 3040-დან), ძებნა — UDP პორტზე 3029. თუ Firewall ბლოკავს, სალარო მთავარ კომპიუტერს ვერ იპოვის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.