Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 25

ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება

ხშირი კითხვები Activi გასართობ ცენტრზე: ტაიმერები, სამაჯურები, ბარათები, ჯგუფები, რეცეპტები და მარაგი, ჩეკის ბეჭდვა, ტერმინალი, ქსელი, პაროლი, ლიცენზია და ბექაპი — პრობლემა და გამოსავალი.

შემოსვლები და ტაიმერები

„სამაჯურის კოდი … ამჟამად გამოყენებულია“ — რას ნიშნავს?

ეს კოდი შიგნით მყოფ ბავშვს აქვს — ან წინა ბავშვის „გასვლა“ არ დადასტურებულა. მოძებნეთ კოდი დაფის ძებნაში: თუ ბავშვი უკვე წავიდა, დააჭირეთ „გასვლა“; სხვა შემთხვევაში აიღეთ სხვა სამაჯური ან ველი ცარიელი დატოვეთ (კოდი თავისით მიენიჭება).

ბავშვი წავიდა, დაფაზე კი წითლად ჩანს

ტაიმერი მინუსში გააგრძელებს თვლას, სანამ „გასვლას“ არ დაადასტურებთ. გამოიმუშავეთ წესი: სამაჯური გასასვლელთან იხსნება და იქვე დასტურდება „გასვლა“. დღის ბოლოს დაფა ცარიელი უნდა იყოს.

ყვითელ ფერზე ან ვადის ამოწურვაზე ხმა არ ისმის

შეამოწმეთ დინამიკის ღილაკი დაფის თავში („ხმა ჩართულია“) და კომპიუტერის ხმა. ხმა მუშაობს მას შემდეგ, რაც პროგრამის ფანჯარაზე ერთხელ მაინც დააჭერთ. სიგნალი ისმის მხოლოდ სტატუსის შეცვლისას (მწვანე → ყვითელი, ყვითელი → წითელი), არა მუდმივად.

როგორ შევცვალო, რამდენი წუთით ადრე გაყვითლდეს?

„ცენტრის პარამეტრები“ → „დრო და ფასები“ → „ყვითელი ფერი დასრულებამდე (წთ)“ → „შენახვა“.

ვადაგადაცილებულ ბავშვს ზედმეტი თანხა რატომ არ ერიცხება ავტომატურად?

ჩვეულებრივ ვიზიტზე პროგრამა გთავაზობთ „დროის დამატებას“, მაგრამ გადახდას არ აიძულებს — ეს მიმღების გადაწყვეტილებაა. ავტომატურად წუთობრივად იხდება მხოლოდ კლიენტის ბარათის ბალანსის გადაჭარბება (თავი აქტიური ვიზიტები).

შეცდომით სხვა პაკეტით დავარეგისტრირე

ვიზიტის პაკეტი ვერ შეიცვლება. დააჭირეთ „გასვლა“, დააბრუნეთ შესვლის ჩეკი „ჩეკებში“ (მხოლოდ მთლიანად) და დაარეგისტრირეთ თავიდან სწორი პაკეტით.

სხვა სალაროზე დარეგისტრირებული ბავშვი ჩემს დაფაზე არ ჩანს

დაფა ყოველ 15 წამში ახლდება. თუ არც ამის შემდეგ ჩანს, შეამოწმეთ, ორივე სალარო ერთ ბაზაზე მუშაობს თუ არა (მენიუს ბოლოში — „ქსელის ბაზა · …“ ან „ლოკალური ბაზა“) — თავი ქსელი.

ბარათები და ჯგუფები

„ბარათი უკვე გამოიყენება (სამაჯური …)“

ამ ბარათით ბავშვი უკვე შიგნითაა. ერთი ბარათით ერთდროულად ერთი ვიზიტია — მეორე ბავშვი დაარეგისტრირეთ ჩვეულებრივად (ან ოჯახს შეუქმენით მეორე ბარათი).

ბარათით შესულ ბავშვს „+1 სთ“ არ ემატება

ასეა გათვლილი: ბარათით შესვლისას ტაიმერი მთელ ბალანსზეა. შეავსეთ ბარათი („კლიენტები (ბარათები)“ → „შევსება“) — ბავშვის ტაიმერი ახალ ბალანსს თავისით მიჰყვება.

მოლარე ბარათს ვერ ავსებს

შევსება და კორექტირება ადმინისტრატორისა და მენეჯერისთვისაა. მოლარე ბარათით შესვლას არეგისტრირებს და ბარათის ისტორიას ხედავს.

ჯგუფს ფასდაკლება არ ჩაუჯდა

ფასდაკლება ირთვება „ფასდაკლება ბავშვიდან“ რაოდენობიდან (ნაგულისხმევად 3). 2 ბავშვზე ველი გამორთულია. ზღვრები იცვლება „ცენტრის პარამეტრები“ → „ჯგუფი“.

სოციალური ფასდაკლების მონიშვნა არ ჩანს

ის ჩანს მხოლოდ მაშინ, როცა აქცია ჩართულია და ახლა მისი დღე და საათია (ნაგულისხმევად თვის 1–10, ორშაბათი–პარასკევი, 11:00–15:00). შეამოწმეთ „ცენტრის პარამეტრები“ → „სოციალური აქცია“ — ნიშანი „ახლა მოქმედებს“.

კაფე, რეცეპტები და მარაგი

„„კაპუჩინო“-ის ინგრედიენტები საწყობში არ არის“

რომელიმე ინგრედიენტის ნაშთი ერთ ულუფაზე ნაკლებია. გახსენით პროდუქტი — რეცეპტში თითოეულ ინგრედიენტთან წერია „საწყობში: …“. მიიღეთ ის „მარაგი“ → „საქონლის მიღება“-თი, ან ინვენტარიზაციით გაასწორეთ ნაშთი, თუ ის რეალურად არის.

ინგრედიენტი სალაროზე ჩანს / არ ჩანს

სალაროზე არ ჩანს პროდუქტი, რომელსაც მონიშნული აქვს „საწყობის ინგრედიენტია…“. თუ ყავის მარცვალი სალაროზე ჩანს, მონიშნეთ ეს ველი; თუ წვენი არ ჩანს — მოხსენით.

რძე მლ-ში მაქვს, პროგრამაში კი მხოლოდ ცალი და კილოგრამია

შექმენით რძე ერთეულით „კილოგრამი“ (1 ლ ≈ 1 კგ) და რეცეპტში ჩაწერეთ გრამები = მილილიტრები, ან ერთეულით „ცალი“ (1 ცალი = 1 ლ) და რეცეპტში ჩაწერეთ 0,15 — თავი რეცეპტები.

თვითღირებულება რეცეპტის რედაქტორში და სიაში ერთი თეთრით განსხვავდება

რედაქტორი ზუსტი ფასებით ითვლის, შენახული თვითღირებულება — ხაზების დამრგვალებით. სხვაობა დამრგვალებისაა და მარჟაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს.

მარაგი უარყოფითი/არასწორია

ჩაატარეთ ინვენტარიზაცია („საწყობის დოკუმენტები“ → „ინვენტარიზაცია“, კატეგორიის მიხედვით) — ნაშთები დათვლილით გასწორდება.

ჩეკი, პრინტერი, ტერმინალი

ჩეკი არ იბეჭდება

  1. „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ — შეამოწმეთ რეჟიმი და დააჭირეთ „ტესტური ბეჭდვა“.
  2. „Windows-ის დრაივერით“ რეჟიმში ჩეკი Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე მიდის — შეამოწმეთ, რომ ის სწორია.
  3. ქსელური პრინტერი — IP მისამართი და პორტი (ჩვეულებრივ 9100), პრინტერი ჩართულია და ერთ ქსელშია.
  4. „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“ — ჩართულია?

ჩეკზე ცენტრის მისამართი და ს/კ არ ჩანს

შეავსეთ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“.

ბარათით გადახდა დამტკიცდა, ჩეკი კი არ შეინახა

პროგრამა ამას პირდაპირ წერს („…დამტკიცდა, მაგრამ ჩეკი ვერ შეინახა… გააუქმეთ ოპერაცია ტერმინალზე“). გააუქმეთ ოპერაცია ტერმინალზე და გაიმეორეთ გადახდა.

დაბრუნებისას ბარათზე თანხა თავისით არ დაბრუნდა

ავტომატურად ბრუნდება მხოლოდ ინტეგრირებულ ტერმინალზე გადახდილი თანხა. სხვა შემთხვევაში ჩეკის ფანჯარაში წერია, რამდენი დააბრუნოთ ტერმინალზე ხელით (Refund).

სალაროს დღე

დილით წინა დღე ისევ ღიაა

ავტომატური დახურვა 00:00-ზე ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ამ დროს სერვერ-კომპიუტერზე პროგრამა ჩართულია. დახურეთ დღე ხელით („სალაროს დახურვა“ → „დღის დახურვა“) და მთავარ კომპიუტერზე ჩართეთ „Windows-თან ერთად ჩართვა (ფონზე)“.

მოსალოდნელი ნაღდი არ ემთხვევა

შეამოწმეთ: ნაღდის შემოტანა/გატანა ჩაწერილია? დღის განმავლობაში დამატებული ხარჯები მოსალოდნელს აკლდება; მომწოდებლისთვის ნაღდით გადახდაც. ნაღდით დაბრუნებული ჩეკები — „დაბრუნებებში“.

ქსელი, შესვლა, ლიცენზია

სალარო მთავარ კომპიუტერს ვერ პოულობს

მთავარ კომპიუტერზე პროგრამა ჩართული უნდა იყოს (ფანჯრის დახურვის შემდეგაც ის ფონზე მუშაობს — ხატულა საათთან). ორივე ერთ ქსელში უნდა იყოს; Firewall-მა არ უნდა დაბლოკოს TCP 3034 და UDP 3029. სცადეთ მისამართით: „+ სერვერის დამატება…“ → 192.168.x.x.

დამავიწყდა პაროლი

თანამშრომლის პაროლს ადმინისტრატორი ცვლის („თანამშრომლები“ → ფანქარი → „ახალი პაროლი“). ადმინისტრატორის პაროლის აღდგენისთვის დაუკავშირდით მხარდაჭერას — აღდგენის ხელსაწყო მხოლოდ ადმინის პაროლს აბრუნებს 1111-ზე და მონაცემებს არ ეხება (თავი თანამშრომლები).

„ბევრი მცდელობა — ანგარიში დაიბლოკა 15 წუთით“

დაელოდეთ 15 წუთს ან სთხოვეთ ადმინისტრატორს „ბლოკის მოხსნა“.

პროგრამა დაბლოკილია / „საცდელი პერიოდი დასრულდა“

ადმინისტრატორმა მიაბას ლიცენზიის კოდი პირდაპირ დაბლოკვის ეკრანზე. თუ ლიცენზია მიბმულია, შეამოწმეთ ინტერნეტი და დააჭირეთ „ხელახლა შემოწმება“ — თავი ლიცენზია.

სად არის ჩემი მონაცემები და როგორ გადავიტანო?

%APPDATA%\CloudPos\data-cloudfun — ყოველდღიური ასლები backups ქვესაქაღალდეშია. გადატანა — თავი ბექაპი და აღდგენა.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.