სალარო და დღის დახურვა: ნაღდის შემოტანა/გატანა, X და Z-რეპორტი
როგორ დავხუროთ დღე Activi POS-ში: მოსალოდნელი ნაღდი, ნაღდის შემოტანა და გატანა, X-რეპორტი, კუპიურების დათვლა, Z-რეპორტი და ავტომატური დახურვა შუაღამისას.
გვერდი „სალაროს დახურვა“ აჩვენებს, რამდენი ნაღდი უნდა იყოს სალაროში, და აქ ხდება ნაღდის შემოტანა/გატანა და დღის დახურვა Z-რეპორტით.

როგორ იხსნება დღე
დღის „გახსნა“ ხელით საჭირო არ არის: სავაჭრო დღე იხსნება ავტომატურად — პირველ გაყიდვაზე, ნაღდის მოძრაობაზე ან ამ გვერდის გახსნისას. ზემოთ ჩანს „გახსნილია“ და გახსნის დრო.
საწყისი ნაღდი — ნაღდი, რომელიც წინა დღის დახურვისას დაითვალეთ (თუ არ დაითვალეთ — წინა დღის მოსალოდნელი ნაღდი). მისი ხელით შეყვანა არ ხდება; თუ დილით სალაროში ხურდა შეიტანეთ, გაატარეთ ის როგორც „ნაღდის შემოტანა“.
დღის ციფრები
| ფილა | რას აჩვენებს |
|---|---|
| საწყისი ნაღდი | დღის დასაწყისის ნაღდი |
| ნაღდი გაყიდვები | ნაღდით მიღებული თანხა ხურდის გამოკლებით |
| ბარათი | ბარათით გადახდილი |
| ნისია | ვალით გაყიდული |
| შემოტანა / გატანა | ნაღდის მოძრაობა |
| დაბრუნებები | დაბრუნებული ჩეკების თანხა და რაოდენობა |
ბარათი „სალაროში მოსალოდნელი ნაღდი“ ითვლის: საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები − ნაღდი დაბრუნება + შემოტანა − გატანა = მოსალოდნელი. იქვე ჩანს ჩეკების რაოდენობა და ბრუნვა.
შენიშვნა: მოსალოდნელ ნაღდში ითვლება მხოლოდ სალაროს ოპერაციები ამ გვერდიდან. თუ ნაღდით გადაიხადეთ ხარჯი ან მომწოდებელი, ან მომხმარებელმა ნისია ნაღდით დაფარა, და ეს ფული სალაროდან გავიდა/შევიდა, გაატარეთ ის აქაც — „ნაღდის გატანა“ ან „ნაღდის შემოტანა“.
ნაღდის შემოტანა და გატანა
ღილაკები „ნაღდის შემოტანა“ და „ნაღდის გატანა“ ჩანს უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“.
- დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.
- ჩაწერეთ „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ (მაგალითად „ხურდისთვის“ ან „მომწოდებლის გადახდა“).
- დააჭირეთ „დადასტურება“.
ყველა მოძრაობა ჩანს ბარათში „ნაღდის მოძრაობა“ — დრო, თანამშრომელი, მიზეზი და თანხა.

X-რეპორტი (შუალედური)
„X-რეპორტი“ დღის მიმდინარე ციფრებს აჩვენებს და არაფერს ნულავს — მისი ნახვა დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება. ღილაკი „ბეჭდვა“ მას ბეჭდავს.
რეპორტში: გახსნის და ამობეჭდვის დრო, ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, მ.შ. დღგ, დაბრუნება, ნაღდი / ბარათი / ნისია, საწყისი ნაღდი, შემოტანა, გატანა და მოსალოდნელი ნაღდი. თუ დღის განმავლობაში რამდენიმე მოლარე ყიდდა, ბოლოს ჩანს თითოეულის ბრუნვა.

დღის დახურვა
ღილაკი „დღის დახურვა“ ჩანს უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“ (სტანდარტულად ყველა როლს აქვს).
- დააჭირეთ „დღის დახურვა“. ფანჯარაში ჩანს „მოსალოდნელი ნაღდი“.
- დაითვალეთ სალაროში არსებული ნაღდი: ჩანართში „კუპიურების დათვლა“ ჩაწერეთ თითოეული კუპიურისა და მონეტის რაოდენობა (100 ₾-დან 5 თეთრამდე) — ჯამს პროგრამა თავად ითვლის; ან ჩანართში „სწრაფი თანხა“ ჩაწერეთ დათვლილი თანხა ერთ ველში (თუ არ ითვლით, დატოვეთ ცარიელი).
- პროგრამა აჩვენებს სხვაობას: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“. საჭიროების შემთხვევაში ჩაწერეთ „შენიშვნა“.
- დააჭირეთ „დახურვა“. თუ სხვაობა 1 ₾ ან მეტია, პროგრამა დამატებით გკითხავთ: „დახუროთ მაინც?“.
დახურვის შემდეგ ჩნდება „დღე დაიხურა“ და იხსნება Z-რეპორტი ნომრით (Z-00012), დათვლილი ნაღდით, სხვაობით და კუპიურების დათვლით. დააჭირეთ „ბეჭდვა“. შემდეგი გაყიდვა ახალ დღეს გახსნის.

შენიშვნა: X და Z-რეპორტი იბეჭდება Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე (ბეჭდვის ფანჯრით), მაშინაც კი, თუ ჩეკები USB ან ქსელურ თერმულ პრინტერზე იბეჭდება. ფისკალური აპარატის X და Z-ანგარიშები ცალკეა — იხილეთ თავი ფისკალური აპარატი, პრინტერი და ტერმინალი.
ავტომატური დახურვა შუაღამისას
თუ დღე ღია დარჩა, პროგრამა მას ავტომატურად ხურავს ღამის 00:00-ის შემდეგ (თუ კომპიუტერი და პროგრამა ჩართულია) შენიშვნით „ავტომატური დახურვა 00:00“. ასეთ დახურვას ნაღდი დათვლილი არ აქვს, ამიტომ შემდეგი დღის საწყისი ნაღდი იქნება მოსალოდნელი თანხა. დახურული დღეების სიაში ასეთ დღეს ნიშანი „ავტო“ აქვს.
რჩევა: დახურეთ დღე ყოველ საღამოს ხელით, ნაღდის დათვლით — ასე დანაკლისი ან ზედმეტი მაშინვე გამოჩნდება.
დახურული დღეები
ადმინისტრატორი და მენეჯერი გვერდის ბოლოს ხედავენ ბარათს „დახურული დღეები“: Z-ის ნომერი, გახსნის და დახურვის დრო, მოსალოდნელი და დათვლილი ნაღდი და სხვაობა (ბოლო 200 დღე).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.