გაყიდვა სალაროში: სკანერი, რაოდენობა, ფასდაკლება და გადადებული ჩეკი
როგორ გავყიდოთ Activi POS-ის სალაროში: შტრიხკოდის სკანერი, ძიება, რაოდენობის შეცვლა, ასაწონი საქონელი და სასწორი, ფასდაკლება, მომხმარებლის არჩევა, ჩეკის გადადება და ფულის უჯრის გახსნა.
გვერდი „სალარო“ ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია. აქ დგება ჩეკი; გადახდა აღწერილია შემდეგ თავში — გადახდა.
ცვლის ან დღის „გახსნა“ გაყიდვამდე საჭირო არ არის — პირველი გაყიდვა სავაჭრო დღეს თავად ხსნის.
სალაროს ხედები
სალაროს გარეგნობას ადმინისტრატორი ირჩევს: „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“. არჩეული ხედი ჩაირთვება ყველა კომპიუტერზე, რომელიც ამ ბაზას იყენებს.
| ხედი | რისთვის |
|---|---|
| სალარო-აპარატი (ნაგულისხმევი) | ჩეკი ცხრილად, დიდი ციფრული კლავიატურა და მოქმედებების ზოლი; საქონელი იძებნება კოდით ან დასახელებით, ეკრანზე არ იფინება |
| ტაჩ-სალარო | ფოტოებიანი ფილები და ციფრული კლავიატურა — სენსორული POS-კომპიუტერისთვის |
| ბარათები | ფოტოებიანი ბარათები, ბალანსირებული ზომა |
| კომპაქტური სია | ერთ ეკრანზე ბევრი პროდუქტი — შტრიხკოდით მუშაობისთვის |
| დიდი ფილები | მსხვილი ღილაკები და ფასები — თაჩსკრინისთვის |
| მენიუ — კატეგორიები გვერდით | კატეგორიები მარცხენა სვეტში (უფრო კაფეებისთვის) |

ხედი „სალარო-აპარატი“

- ზემოთ — საძიებო ველი („დაასკანერეთ შტრიხკოდი ან აკრიფეთ კოდი / დასახელება… (F2)“), მომხმარებლის არჩევა („👤 საცალო მომხმარებელი“) და ღილაკი „ახალი მომხმარებელი“.
- ცენტრში — ჩეკი: „#“, „შტრიხკოდი“, „დასახელება“, „რაოდ.“, „ფასი“, „ჯამი“. ახალი პოზიცია სიის თავში ემატება და მაშინვე მოინიშნება. ✕ შლის პოზიციას.
- მარჯვნივ — ციფრული კლავიატურა (ეკრანზე ჩანს აკრეფილი რიცხვი და მონიშნული პოზიცია) და ღილაკები „რაოდ.“, „კოდი“, „ფასდაკ.“.
- ქვემოთ — ღილაკები: ზემოთ/ქვემოთ (პოზიციის არჩევა), + და − (რაოდენობა ერთით), ნაგვის ყუთი (მონიშნული პოზიციის წაშლა), ხელი („გადადება“), „გადადებული ჩეკები“ (ნიშანზე — რაოდენობა), ✕ („ჩეკის გასუფთავება“) და, თუ შესაძლებელია, „უჯრის გახსნა“; მარჯვნივ — „სულ“, „მ.შ. დღგ“ და „გადახდა F9“.
საქონლის დამატება
შტრიხკოდის სკანერით
უბრალოდ დაასკანერეთ — ველზე დაჭერა საჭირო არ არის. პროგრამა სკანერს ცნობს იმით, რომ ის კოდს ძალიან სწრაფად „კრეფს“ და ბოლოს Enter-ს აგზავნის. წარმატებისას ისმის მოკლე მაღალი ხმა, თუ პროდუქტი ვერ მოიძებნა — დაბალი ხმა და შეტყობინება „პროდუქტი ვერ მოიძებნა: კოდი“. იგივე საქონლის ხელახლა სკანირება რაოდენობას ერთით ზრდის. სკანირება არ მუშაობს, როცა გახსნილია გადახდის ან სხვა ფანჯარა.
ძიებით
დააჭირეთ F2 (ან საძიებო ველს) და აკრიფეთ დასახელების ნაწილი, შტრიხკოდი ან პროდუქტის ნომერი. ჩამოსაშლელ სიაში ჩანს 8-მდე შესაბამისი პროდუქტი — კოდით (შტრიხკოდი ან #ნომერი), მარაგით და ფასით. დააჭირეთ საჭიროს, ან Enter, თუ ერთადერთი დარჩა.

ციფრული კლავიატურით
აკრიფეთ პროდუქტის კოდი (შტრიხკოდი ან ნომერი) და დააჭირეთ „კოდი“.
რაოდენობა
- სანამ დაამატებთ: აკრიფეთ რიცხვი ციფრულ კლავიატურაზე, შემდეგ დაასკანერეთ ან აირჩიეთ პროდუქტი — დაემატება აკრეფილი რაოდენობა.
- დამატების შემდეგ: ახლად დამატებული პოზიცია უკვე მონიშნულია; სხვისთვის დააჭირეთ სტრიქონს (ან ზემოთ/ქვემოთ ღილაკებს), აკრიფეთ რიცხვი და დააჭირეთ „რაოდ.“; ან გამოიყენეთ + და −.
- პოზიციის წაშლა: ✕ სტრიქონზე, ნაგვის ყუთი ქვედა ზოლში, ან − ღილაკი, სანამ რაოდენობა ნულამდე ჩამოვა.
ცალობით საქონელზე რაოდენობა მთელი რიცხვია, კილოგრამიანზე — სამ ათწილადამდე. პროგრამა მარაგზე მეტის გაყიდვას არ გაძლევთ: „„…“ მარაგში არ არის“ ან „დარჩა მხოლოდ …“.
ასაწონი საქონელი და სასწორი
„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → ბარათი „სასწორი“:
- ქსელური სასწორი — მონიშნეთ „ქსელური სასწორი ჩართულია…“, მიუთითეთ სასწორის „IP მისამართი“, „პორტი“ (CAS — ხშირად 4001, Mettler — 8000), „პროტოკოლი“ („ბრძანება → პასუხი (CAS, Digi)“, „Mettler Toledo (SICS)“ ან „უწყვეტი გადმოცემა“) და „წონის ერთეული პასუხში“, შემდეგ შეამოწმეთ ღილაკით „წონის წაკითხვა“ და შეინახეთ. ჩართვის შემდეგ სალაროზე კილოგრამიან პროდუქტზე დაჭერისას (ან მისი სკანირებისას) წონა თავად ჩაიწერება („სასწორი ნულზეა — დადეთ საქონელი“, თუ სასწორზე არაფერია).
- სასწორის შტრიხკოდები — თუ სასწორი ბეჭდავს ეტიკეტს წონით, ჩართეთ „სასწორის შტრიხკოდები“ და მიუთითეთ „შტრიხკოდის პრეფიქსი“ („ჩვეულებრივ 2 ან 21-29“). ეტიკეტის კოდი: პრეფიქსი + 5 ციფრი პროდუქტის კოდი + 5 ციფრი წონა გრამებში. ეტიკეტის დასკანერებისას პროგრამა კოდიდან კითხულობს პროდუქტს (პროდუქტის ნომერს ან შტრიხკოდის შესაბამის ციფრებს) და წონას.

შენიშვნა: მაღაზიის შიდა შტრიხკოდებიც 2-ით იწყება. თუ დასკანერებული კოდი ზუსტად ემთხვევა ცალობითი პროდუქტის შტრიხკოდს, ის ჩვეულებრივ პროდუქტად აღიქმება და არა სასწორის ეტიკეტად.
მომხმარებელი ჩეკზე
ნაგულისხმევად ჩეკი იწერება „საცალო მომხმარებელზე“. მომხმარებლის არჩევა ჩამოსაშლელი სიიდან საჭიროა ნისიით (ვალით) გაყიდვისთვის; მისი სახელი ჩეკზეც დაიბეჭდება. ვალიანი მომხმარებლის გვერდით სიაში ჩანს „· ვალი …“. ახალი მომხმარებლის დამატება შეიძლება სალაროდან გაუსვლელად — ღილაკით „ახალი მომხმარებელი“ (ადამიანის ხატულა +); შენახვის შემდეგ ის ჩეკზე თავად აირჩევა.
ფასდაკლება
ფასდაკლება ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებით „ფასდაკლება გაყიდვისას“ და ვრცელდება მთელ ჩეკზე:
- „სალარო-აპარატის“ ხედში: აკრიფეთ პროცენტი და დააჭირეთ „ფასდაკ.“ (მაგალითად 10 → 10%);
- სხვა ხედებში: ველი „ფასდაკლება“ გადამრთველით „%“ ან „₾“.
ჩეკზე ჩანს „ფასდაკლება −…“. ცალკეულ პოზიციაზე ფასდაკლება და სალაროზე ფასის შეცვლა შეუძლებელია — ფასი პროდუქტის ბარათიდან მოდის (თავი პროდუქცია).
ჩეკის გადადება
თუ მყიდველს რაღაც დაავიწყდა, ჩეკი შეგიძლიათ გადადოთ და სხვა მყიდველს მოემსახუროთ:
- დააჭირეთ „გადადება“ (ხელის ხატულა) — ჩეკი ინახება და ეკრანი სუფთავდება („ჩეკი გადადებულია“).
- დაბრუნებისას დააჭირეთ „გადადებული ჩეკები“ (ნიშანზე ჩანს რაოდენობა) და შესაბამის ჩეკთან — „გახსნა“.

- გადადებული ჩეკის გახსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მიმდინარე ჩეკი ცარიელია („ჯერ დაასრულეთ ან გადადეთ მიმდინარე ჩეკი“).
- გადადებული ჩეკები ყველა სალაროსა და თანამშრომლისთვის საერთოა; სხვა თანამშრომლის გადადებულ ჩეკს მისი სახელი აწერია.
- გახსნისას ფასები განახლდება მიმდინარე ფასებით, ფასდაკლება კი თანხით (₾) აღდგება. გადადებული ჩეკი მარაგს არ „იტოვებს“.
- ნაგვის ყუთი გადადებულ ჩეკს შლის დადასტურების შემდეგ („გადადებული ჩეკის წაშლა“).
ჩეკის გასუფთავება
ჯერ გაუტარებელი ჩეკის მთლიანად გაუქმება: „სალარო-აპარატში“ — ✕ ღილაკი ქვედა ზოლში („ჩეკის გასუფთავება“), სხვა ხედებში — „გასუფთავება“. პროგრამა ჯერ იკითხავს: „ჩეკიდან წაიშლება N პოზიცია (… ₾). გავასუფთავო?“. გასუფთავება მომხმარებელსა და ფასდაკლებასაც აბრუნებს საწყისზე.
ფულის უჯრის გახსნა
ღილაკი „უჯრის გახსნა“ (სალარო-აპარატში — უჯრის ხატულა ქვედა ზოლში) ჩანს, თუ თანამშრომელს აქვს უფლება „ნაღდის შემოტანა / გატანა“ და ჩეკის პრინტერი USB ან ქსელურ რეჟიმშია. ნაღდით გადახდილი ჩეკის ავტომატური ბეჭდვისას უჯრა თავად იხსნება (თავი ფისკალური აპარატი, პრინტერი და ტერმინალი).
ხედი „ტაჩ-სალარო“ და ფილებიანი ხედები
ამ ხედებში მარცხნივ პროდუქციის ფილებია (ფოტო, ფასი, მარაგი), ზემოთ — კატეგორიები („✨ ყველა“ და სხვ.), მარჯვნივ — „მიმდინარე ჩეკი“. პროდუქტზე დაჭერა მას ჩეკში ამატებს; ფილაზე ნიშანი აჩვენებს, რამდენი უკვე ჩეკშია. სტრიქონზე რაოდენობა იცვლება − და + ღილაკებით ან ველში აკრეფით (0 პოზიციას შლის). ჩეკის თავში ღილაკებია „გადადებული“, „უჯრის გახსნა“ (თუ შესაძლებელია) და „გასუფთავება“, ქვემოთ — „ფასდაკლება“, „გადადება“ და „გადახდა F9“. „ტაჩ-სალაროში“ ღილაკი „კლავიატურა“ ციფრულ კლავიატურას აჩენს და მალავს.

ჩეკზე შენიშვნის დამატება სალაროში არ არის.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.