Activi
Activi POS · თავი 10

გადახდა: ნაღდი, ბარათი, ნისია, შერეული გადახდა და ხურდა

გადახდა Activi POS-ში: ნაღდი და ხურდა, ბარათი (ხელით და ინტეგრირებული ტერმინალით), ნისია მომხმარებელზე, გადმორიცხვა, ერთ ჩეკზე რამდენიმე გადახდის სახე, ჩეკის ბეჭდვა და ფისკალური ჩეკი.

როცა ჩეკი შედგენილია, დააჭირეთ „გადახდა“ ან F9. იხსნება ფანჯარა „გადახდა“ — ქვეშ წერია, ვისზე იწერება ჩეკი („საცალო მომხმარებელი“ ან „მომხმარებელი: …“).

გადახდის ფანჯარა: გადასახდელი, გადახდის სახეები, თანხის ველი, „ზუსტი“, სწრაფი თანხები და კლავიატურა
გადახდის ფანჯარა: გადასახდელი, გადახდის სახეები, თანხის ველი, „ზუსტი“, სწრაფი თანხები და კლავიატურა

ნაღდით გადახდა ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. გადახდის სახე „ნაღდი“ ნაგულისხმევად არჩეულია.
  2. აკრიფეთ მყიდველისგან მიღებული თანხა და დააჭირეთ „დამატება“ (ან Enter, ან ქვედა დიდ ღილაკს „თანხის დამატება“) — ან დააჭირეთ სწრაფ ღილაკს, რომელიც თანხას მაშინვე ამატებს. „ზუსტი“ ამატებს ზუსტად დარჩენილ თანხას; ცარიელი ველით „დამატება“ — იგივე.
  3. როცა „დარჩა“ ნულია, დააჭირეთ „გადახდის დადასტურება“ (ან Enter).

ზედმეტი თანხა მხოლოდ ნაღდით შეიძლება — სხვაობა ხურდად ითვლება.

ნაღდი 20 ₾ 14,10 ₾-იან ჩეკზე — ხურდა 5,90 ₾
ნაღდი 20 ₾ 14,10 ₾-იან ჩეკზე — ხურდა 5,90 ₾

ფანჯრის ნაწილები

  • „გადასახდელი“ — ჩეკის ჯამი.
  • გადახდის სახეები (დანომრილი 1, 2, 3…): „ნაღდი“, „ბარათი“ (ან თითოეული ტერმინალი თავისი სახელით), „გადმორიცხვა“ (თუ ჩართულია), „განვადება“ (თუ ჩართულია და ბანკი დამატებულია — თავი განვადება) და „ნისია / კონსიგნაცია“. რომელი ჩანს, ადმინისტრატორი წყვეტს: „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „გადახდის მეთოდები“ (ნაგულისხმევად ჩართულია ნაღდი, ბარათი და ნისია). კლავიატურის ციფრი (1–9) შესაბამის სახეს ირჩევს.
  • დამატებული თანხები — თითო სტრიქონი თითო გადახდის სახეზე, ✕-ით მოსახსნელი.
  • „გადახდილი“, „დარჩა“, „ხურდა“ — ცოცხლად ითვლება (აკრეფილი თანხაც უკვე ითვლება).
  • მარჯვნივ — თანხის ველი (ზედ წერია არჩეული სახე), ღილაკი „ზუსტი“, სწრაფი თანხები (მომრგვალებული, მაგ. „15 ₾“, „20 ₾“, „50 ₾“), ციფრული კლავიატურა და „დამატება“.

ხურდა და ჩეკი

გადახდის შემდეგ:

  • თუ ხურდა არ არის — „გადახდა წარმატებულია“ („… ₾ მიღებულია · ჩეკი შენახულია“) და ჩეკის ასლი ეკრანზე;
  • თუ ხურდა უნდა დააბრუნოთ — სათაური „დააბრუნეთ ხურდა“, დიდი თანხა „ხურდა დასაბრუნებელი“ და „ჩეკი / მიღებული“. დააბრუნეთ ხურდა და დააჭირეთ „ხურდა დაბრუნდა — ახალი გაყიდვა“ (ან Enter).
„დააბრუნეთ ხურდა“ და ჩეკის ასლი
„დააბრუნეთ ხურდა“ და ჩეკის ასლი

ღილაკი „ბეჭდვა“ ჩეკს ბეჭდავს. თუ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“ ჩართულია (ნაგულისხმევად ჩართულია), ჩეკი თავად იბეჭდება, ხოლო როცა ხურდა არ არის, ფანჯარაც თავად იხურება — სალარო მზადაა შემდეგი მყიდველისთვის. ნაღდით გადახდილი ჩეკის ავტომატური ბეჭდვისას იხსნება ფულის უჯრაც (თუ ის გამართულია).

ჩეკზე იბეჭდება: მაღაზიის სახელი და რეკვიზიტები, ჩეკის ნომერი (CP-…), ფისკალური ჩეკის ნომერი (თუ არის), თარიღი, მოლარე, მომხმარებელი, პოზიციები, „ჯამი“, ფასდაკლება, „სულ“, „მ.შ. დღგ“, გადახდის სახეები (ბარათისთვის — RRN, თუ არის), ხურდა, ჩეკის ბოლო ტექსტი და ჩეკის ნომრის შტრიხკოდი. ჩეკის ელფოსტით ან SMS-ით გაგზავნა პროგრამაში არ არის.

შერეული გადახდა (ნაწილი ნაღდით, ნაწილი ბარათით)

  1. დატოვეთ არჩეული „ნაღდი“, აკრიფეთ ნაღდი თანხა (მაგ. 30) და Enter.
  2. აირჩიეთ „ბარათი“ და დააჭირეთ „ზუსტი“ (ან „დამატება“ ცარიელი ველით) — ბარათზე დაემატება დარჩენილი თანხა.
  3. დააჭირეთ „გადახდის დადასტურება“.

თითო გადახდის სახეზე ერთი სტრიქონია: იმავე სახის ხელახლა დამატება მის თანხას ცვლის. ბარათზე, ნისიაზე ან გადმორიცხვაზე ჯამზე მეტს ვერ დაწერთ: „ბარათი: … — ზედმეტი მხოლოდ ნაღდით შეიძლება“.

შერეული გადახდა: 30 ₾ ნაღდი და დანარჩენი ბარათით
შერეული გადახდა: 30 ₾ ნაღდი და დანარჩენი ბარათით

ნისია (გაყიდვა ვალით)

  1. სალაროზე ჯერ აირჩიეთ მომხმარებელი (თავი გაყიდვა).
  2. გადახდის ფანჯარაში აირჩიეთ „ნისია / კონსიგნაცია“ და დაამატეთ თანხა. ფანჯარაში ჩანს: „… ჩაიწერება „…“-ის ნისიაში. ამჟამინდელი ვალი: …“.
  3. დაადასტურეთ.

ნისია შეიძლება იყოს გადახდის ნაწილიც (მაგალითად ნაწილი ნაღდით, დანარჩენი ვალით). მომხმარებლის გარეშე პროგრამა ნისიას არ გაძლევთ: „ნისიისთვის ჩეკზე აირჩიეთ მომხმარებელი“. საკრედიტო ლიმიტი არ მოწმდება. ვალის დაფარვა — თავში კლიენტები და მომწოდებლები.

ნისია მომხმარებელზე
ნისია მომხმარებელზე

გადმორიცხვა

თუ „გადახდის მეთოდებში“ ჩართულია „გადმორიცხვა“, ის ჩანს ცალკე გადახდის სახედ — საბანკო გადარიცხვით გადახდილი ჩეკისთვის. გადმორიცხვა ნაღდში არ ითვლება და X/Z-რეპორტში ცალკე ხაზად ჩანს.

განვადება

თუ ჩართულია, „განვადება“ სალაროზე პარტნიორ ბანკებს აჩვენებს და თანხას ბანკის განვადებაზე ტარებს — უნაღდოდ (უჯრას არ ხსნის, ნაღდში არ ითვლება). შეიძლება იყოს შერეული გადახდის ნაწილიც. დეტალურად — თავში განვადება.

ბარათით გადახდა

თუ ტერმინალი პარამეტრებში არ არის დამატებული, „ბარათი“ უბრალოდ აღრიცხავს, რომ თანხა ბარათით გადაიხადეს — ტერმინალზე თანხას მოლარე თავად კრეფს.

თუ ტერმინალები დამატებულია („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „გადახდის ტერმინალები“, თავი ფისკალური აპარატი, პრინტერი და ტერმინალი), გადახდის სახეებში თითოეული ტერმინალი თავისი სახელით ჩანს (ქვეშ — „ხელით“ ან „ავტომატური“).

ხელით (ცალკე მდგარი) ტერმინალი

ფანჯარაში ჩანს „…: გადაახდევინეთ … ₾ — დადასტურების შემდეგ დააჭირეთ „გადახდა დადასტურდა“ — ჩეკი მაშინ გატარდება და ნაშთი ჩამოიჭრება.“

  1. აკრიფეთ თანხა ტერმინალზე და დაელოდეთ დადასტურებას.
  2. სურვილისამებრ ჩაწერეთ „RRN / ავტორიზაციის კოდი (არასავალდებულო)“.
  3. დააჭირეთ „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“ — ჩეკი მაშინვე ტარდება.

ინტეგრირებული ტერმინალი

დააჭირეთ „ტერმინალზე გაგზავნა · … ₾“ — თანხა თავად მიდის ტერმინალზე („ველოდები ტერმინალს… (ფანჯარა არ დახუროთ)“). ღილაკი აქტიურდება მაშინ, როცა ჩეკის დანარჩენი გადახდა უკვე შევსებულია („ჯერ შეავსეთ დანარჩენი გადახდა“). დამტკიცებისთანავე ჩეკი თავისით ტარდება — ბარათით გადახდასა და ჩეკის შენახვას პროგრამა ერთად აკეთებს, ასე რომ „გადახდის დადასტურება“ ცალკე აღარ არის საჭირო.

ყურადღება: ტერმინალის პასუხამდე ფანჯარა არ იხურება („ტერმინალი მუშაობს — დაელოდეთ პასუხს“). თუ ბარათით დამტკიცებული თანხის ჩეკი რაიმე მიზეზით ვერ შეინახა (მაგალითად, სანამ ჩეკს ადგენდით, საქონელი სხვა სალაროზე გაიყიდა), პროგრამა ამას პირდაპირ გეტყვით: „ბარათით … ₾ დამტკიცდა (RRN …), მაგრამ ჩეკი ვერ შეინახა: …. გააუქმეთ ოპერაცია ტერმინალზე.“ — ასეთ შემთხვევაში გააუქმეთ ოპერაცია ტერმინალზე და გაიმეორეთ გადახდა.

ტერმინალის შესაძლო შეტყობინებები: „ტერმინალმა გადახდა უარყო“, „ტერმინალმა დროულად არ უპასუხა“, „ბანკმა უარყო“, „ბანკთან კავშირი არ არის“.

ფისკალური აპარატი

თუ ფისკალური აპარატი ჩართულია, ყოველი გაყიდვა ავტომატურად იგზავნება აპარატზე („ფისკალური ჩეკი იბეჭდება…“) და შედეგის ფანჯარაში ჩანს „ფისკალური ჩეკი №…“; ჩეკი პროგრამის პრინტერზე ამ ნომრით იბეჭდება. თუ აპარატი არ პასუხობს, ჩნდება შეტყობინება „ფისკალური აპარატი: …“, მაგრამ გაყიდვა პროგრამაში მაინც ინახება. იხილეთ თავი ფისკალური აპარატი, პრინტერი და ტერმინალი.

შეცდომები გადახდისას

შეტყობინებამიზეზი
„დარჩა გადასახდელი … ₾“დამატებული თანხები ჯამს არ ფარავს
„ბარათი: … — ზედმეტი მხოლოდ ნაღდით შეიძლება“ბარათზე ჯამზე მეტი თანხა აკრიფეთ
„ჩეკი უკვე სრულად გადახდილია“დასამატებელი აღარაფერია
„ნისიისთვის ჩეკზე აირჩიეთ მომხმარებელი“ნისია მომხმარებლის გარეშე
„ფასდაკლების უფლება არ გაქვთ“ჩეკზე ფასდაკლებაა, თანამშრომელს კი ეს უფლება არ აქვს
„არასაკმარისი მარაგი: …“სანამ ჩეკს ადგენდით, საქონელი სხვა სალაროზე გაიყიდა

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.