ბექაპი და მონაცემების აღდგენა
როგორ ინახავს Activi POS მონაცემების ასლებს: ავტომატური ყოველდღიური ბექაპი, სარეზერვო ფაილის ჩამოტვირთვა, დაშიფრული ასლი სერვერზე და აღდგენა.
მაღაზიის მონაცემები ერთ კომპიუტერზე ინახება, ამიტომ მათი ასლები აუცილებელია. Activi POS ასლებს ავტომატურად ქმნის, თქვენ კი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოტვირთოთ სრული სარეზერვო ფაილი.
ყველაფერი ამ თავში აღწერილი იმყოფება „პარამეტრები“ → „მონაცემები“ ჩანართზე (მხოლოდ ადმინისტრატორისთვის).
ავტომატური ბექაპი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) თავად ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე, ბაზის საქაღალდეში backups (მთავარი ბაზისთვის — %APPDATA%\CloudPos\data\backups). ფაილს ჰქვია cloudpos-წელი-თვე-დღე.db. ინახება ბოლო 14 ყოველდღიური ასლი, უფრო ძველები თავისით იშლება.
ბარათში „ავტომატური ბექაფი“ ჩანს ბოლო ასლის თარიღი და შენახული ასლების რაოდენობა. ღილაკი „ბექაფის შექმნა ახლა“ ქმნის დღევანდელ ასლს, თუ ის ჯერ არ შექმნილა.

ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზე ინახება. თუ დისკი გაფუჭდა ან კომპიუტერი დაიკარგა, ისინიც დაიკარგება — ამიტომ პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან (ფლეშზე, ღრუბელში).
სარეზერვო ფაილის ჩამოტვირთვა
ბარათში „მონაცემები“ → „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“. ჩამოიტვირთება ფაილი cloudpos-backup_თარიღი.json — მასში ყველა მონაცემია: პროდუქცია, გაყიდვები, მომხმარებლები, თანამშრომლები, საწყობი, ბუღალტერია.
ფაილში არ შედის ამ კომპიუტერის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი და ბარათის ტერმინალების პარამეტრები — ისინი კომპიუტერს ეკუთვნის, არა მონაცემებს.

აღდგენა ფაილიდან
- „მონაცემები“ → „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“.
- აირჩიეთ ადრე ჩამოტვირთული
.jsonფაილი. - დაადასტურეთ: „ყველა მიმდინარე მონაცემი ჩანაცვლდება ფაილის მონაცემებით. ეს მოქმედება შეუქცევადია.“
- აღდგენის შემდეგ ყველა მომხმარებელი გამოდის სისტემიდან — შედით ხელახლა.
ამ კომპიუტერის ლიცენზია, RS.ge-ს და ტერმინალების პარამეტრები აღდგენისას უცვლელი რჩება. პრინტერის, სასწორის და ფისკალური აპარატის პარამეტრები კი ფაილიდან მოდის.
ყურადღება: აღდგენა მიმდინარე მონაცემებს მთლიანად ცვლის და მანამდე ავტომატურ ასლს არ ქმნის. სანამ აღადგენთ, ჩამოტვირთეთ მიმდინარე მდგომარეობის სარეზერვო ფაილიც.
აღდგენა ავტომატური ასლიდან
ყოველდღიური .db ასლის აღსადგენი ღილაკი პროგრამაში არ არის. თუ ასეთი აღდგენა დაგჭირდათ, დაუკავშირდით მხარდაჭერას — ტექნიკოსი დისტანციურად დაგეხმარებათ.
დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის მონაცემების ასლს Activi-ის სერვერზე, სადაც ბოლო 14 ასლი ინახება. ფაილი იშიფრება თქვენს კომპიუტერზევე (AES-256) ლიცენზიის კოდით და კომპიუტერის ID-ით — სერვერზე ის მხოლოდ დაშიფრული სახით წევს. ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს.
ამ ასლის პარამეტრები და აღდგენა მხარდაჭერის ტექნიკოსის ხელშია: თუ სერვერზე შენახული ასლიდან აღდგენა გჭირდებათ, დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველა მონაცემს — გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, თუ ნამდვილად თავიდან იწყებთ (მაგალითად, საცდელი მონაცემების შემდეგ).
- დააჭირეთ „განულება“.
- საჭიროების შემთხვევაში მონიშნეთ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს (დასახელება, მისამართი, ს/კ, დღგ, ჩეკის ტექსტი)“.
- აკრიფეთ ეკრანზე ნაჩვენები 6 ციფრი და დააჭირეთ „სამუდამოდ წაშლა“.
განულებამდე პროგრამა ავტომატურად ინახავს ბაზის ასლს. განულების შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი მომხმარებელი — admin / 1111; მენეჯერი და მოლარე თავიდან უნდა შექმნათ.

კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი.
- ახალ კომპიუტერზე დააყენეთ Activi POS და შედით ადმინისტრატორით.
- აღადგინეთ ფაილი (იხ. ზემოთ).
- ლიცენზიის გადასატანად დაგვიკავშირდით — ძველი კომპიუტერის მოხსნა ჩვენი მხრიდან ხდება (თავი ლიცენზია).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.