Activi Rest: მიმოხილვა, დაყენება და პირველი გაშვება
რა არის Activi Rest, მთავარი ცნებები — დარბაზი, მაგიდა, შეკვეთა, სამზარეულოს სადგური, რეცეპტი — სისტემური მოთხოვნები, დაყენება, პირველი გაშვება, ბაზის არჩევა და შესვლა.
Activi Rest არის რესტორნის, კაფესა და ბარის მართვის პროგრამა: დარბაზის გეგმა მაგიდებით, შეკვეთა მაგიდაზე, სამზარეულოს ტალონები და სამზარეულოს ეკრანი, პირველადი ჩეკი, გადახდა ნაღდით და ბარათით, მენიუ რეცეპტებით და ინგრედიენტების ჩამოწერით, სალაროს დახურვა, ანგარიშები და ბუღალტერია — ერთ ფანჯარაში.
ეს სახელმძღვანელო აღწერს ვერსიას 2.38.

მთავარი ცნებები
| ცნება | რას ნიშნავს პროგრამაში |
|---|---|
| დარბაზი | ოთახი მაგიდებით (მაგ. „მთავარი დარბაზი“, „ტერასა“, „VIP ოთახი“). თითოეულს თავისი გეგმა აქვს — მაგიდები იქ დგას, სადაც სინამდვილეში |
| მაგიდა | გეგმაზე დახატული მაგიდა სახელით და ადგილების რაოდენობით. ფერი აჩვენებს მდგომარეობას: თავისუფალი, დაკავებული ან „ჩეკი გატანილია“ |
| შეკვეთა | მაგიდის ღია ანგარიში: კერძები და სასმელები, რომლებიც სტუმრებმა შეუკვეთეს. იხსნება მაგიდაზე დაჭერით და იხურება გადახდით |
| სამზარეულოს სადგური | სადაც კერძი მზადდება: „ცხელი სამზარეულო“, „ცივი სამზარეულო“, „ბარი“. თითოეულს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ქსელური პრინტერი |
| სამზარეულოს ეკრანი | გვერდი „სამზარეულო“ — გაგზავნილი შეკვეთები ეკრანზე; მზარეული კერძს „მზადაა“-დ ნიშნავს და მიმტანი ამას თავის შეკვეთაში ხედავს |
| პირველადი ჩეკი | ანგარიში, რომელსაც სტუმარს გადახდამდე აძლევთ. ის ფისკალური ჩეკი არ არის — ჩეკი გადახდისას იბეჭდება |
| მენიუ | კერძები და სასმელები ფასებით, კატეგორიებითა და სადგურით |
| რეცეპტი | რა ინგრედიენტი რამდენი იხარჯება ერთ ულუფაზე; გაყიდვისას ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება |
ყოველი გადახდილი შეკვეთა ჩვეულებრივი ჩეკია: ის ჩანს გვერდზე „ჩეკები“, ითვლება სალაროს დახურვისას და ბუღალტერიაში თავისით ტარდება.
სისტემური მოთხოვნები
- ოპერაციული სისტემა: Windows 10 ან Windows 11, 64-ბიტიანი.
- დამატებითი პროგრამები: არ სჭირდება — მონაცემთა ბაზა პროგრამაშივეა ჩაშენებული.
- ინტერნეტი: ყოველდღიური მუშაობა ინტერნეტის გარეშეც შეიძლება. ინტერნეტი საჭიროა ლიცენზიის გააქტიურებისა და პერიოდული შემოწმებისთვის, განახლებებისთვის, RS.ge-სთვის და დახმარების მოთხოვნისთვის.
- აპარატურა (არასავალდებულო): ჩეკის პრინტერი, სამზარეულოს ქსელური პრინტერები, ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალი, ფისკალური აპარატი; მიმტანებისთვის — ტაბლეტი ან ტელეფონი იმავე Wi-Fi ქსელში (თავი ქსელი, ტაბლეტები და მონაცემთა ბაზები).
დაყენება
- ჩამოტვირთეთ ინსტალერი გვერდიდან activi.ge/download. ფაილს ჰქვია
Activi-Rest-Setup-ვერსია.exe(მაგალითადActivi-Rest-Setup-2.38.0.exe). - გაუშვით ფაილი. თუ Windows იკითხავს ნებართვას, დაადასტურეთ.
- წაიკითხეთ და მიიღეთ სალიცენზიო შეთანხმება.
- საჭიროებისას შეცვალეთ დაყენების საქაღალდე (ჩვეულებრივ ნაგულისხმევი ჯობს).
- დაასრულეთ. სამუშაო მაგიდაზე და Start მენიუში ჩნდება მალსახმობი „Activi Rest“ და პროგრამა თავისით იხსნება.
შენიშვნა: ინსტალერი თან აყენებს Activi Remote-ს — დისტანციური დახმარების პროგრამას (თუ კომპიუტერზე უკვე არის, მეორედ აღარ დგება). რისთვის გამოიყენება — თავი დახმარება და Activi Remote.
პირველი გაშვება: რომელ ბაზაზე იმუშავებს
Activi Rest იყენებს Activi-ის მთავარ ბაზას — იმავეს, რასაც Activi POS (%APPDATA%\CloudPos\data).
- თუ კომპიუტერზე Activi-ის სხვა პროგრამის მონაცემები ჯერ არ არის, პროგრამა არაფერს გეკითხებათ: ქმნის ბაზას და გიჩვენებთ შესვლის ფანჯარას.
- თუ კომპიუტერზე უკვე მუშაობს, მაგალითად, Activi POS თავისი მაღაზიით, პირველ გაშვებაზე ჩნდება კითხვა „ამ კომპიუტერზე უკვე არის ბაზა“ ორი ღილაკით:
| ღილაკი | რა ხდება |
|---|---|
| ახალი, ცალკე ბაზა | Activi Rest დაიწყებს სუფთა ბაზით (%APPDATA%\CloudPos\data-cloudrest) და სხვა პროგრამის მონაცემებს არ შეეხება |
| საერთო ბაზა | იგივე პროდუქცია, თანამშრომლები, კლიენტები და ბუღალტერია, რაც სხვა პროგრამაში |
არჩევანი შემდეგ შეიძლება შეიცვალოს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ ბარათიდან (თავი ქსელი, ტაბლეტები და მონაცემთა ბაზები).
ახალ ბაზაში უკვე არის:
- ორი მოწყობილი დარბაზი — „მთავარი დარბაზი“ (8 მაგიდა, ფანჯრები, ბარი, სამზარეულოს კარი) და „ტერასა“ (4 მრგვალი მაგიდა). მათი შეცვლა, წაშლა ან ახლის დამატება შეიძლება (თავი დარბაზები და მაგიდების გეგმა);
- სამი სამზარეულოს სადგური — „ცხელი სამზარეულო“, „ცივი სამზარეულო“, „ბარი“ (პრინტერის გარეშე);
- სამი მომხმარებელი (იხ. ქვემოთ).
მენიუ ცარიელია — კერძებს თქვენ ამატებთ (თავი მენიუ).
სად ინახება მონაცემები: ბაზა Windows-ის მომხმარებლის საქაღალდეშია —
%APPDATA%\CloudPos\data(ანdata-cloudrest, თუ ცალკე ბაზა აირჩიეთ). პროგრამის წაშლა ან განახლება ბაზას არ შლის.
შესვლა

- ველში „მომხმარებელი“ აკრიფეთ შესასვლელი სახელი ან დააჭირეთ ისარს და აირჩიეთ თავი სიიდან.
- ველში „პაროლი“ აკრიფეთ პაროლი. სენსორულ ეკრანზე დააჭირეთ ბადის ხატულას — ეკრანზე გამოჩნდება ციფრების კლავიატურა; „თვალის“ ღილაკი აჩვენებს აკრეფილ პაროლს.
- მონიშვნა „დამახსოვრება“ ამ კომპიუტერზე იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს (პაროლს — არა).
- დააჭირეთ „შესვლა“ (ან
Enter).
ქვედა ველი „ბაზა / სერვერი“ აჩვენებს, რომელ ბაზაზე შედიხართ; ზედა მარჯვენა კუთხის ⚙ ღილაკი ხსნის „სერვერების კონფიგურაციას“ (ქსელისთვის). ფანჯრის მარცხენა მხარეს წერია: „რესტორნისა და კაფეს მართვა — დარბაზი, შეკვეთები, სამზარეულო და გადახდა — ერთ სისტემაში.“

საწყისი მომხმარებლები
| როლი | შესასვლელი სახელი | პაროლი |
|---|---|---|
| ადმინისტრატორი | admin | 1111 |
| მენეჯერი | manager | 2222 |
| მიმტანი / მოლარე | cashier | 3333 |
ყურადღება: საწყისი პაროლები ყველასთვის ცნობილია და პროგრამა მათ შეცვლას არ გაიძულებთ. პირველივე დღეს შეცვალეთ ისინი („ჩემი პროფილი“ → „პაროლის შეცვლა“) და თითოეულ მიმტანს შეუქმენით საკუთარი ანგარიში — თავი თანამშრომლები.
შესვლის შეცდომები
- „მომხმარებლის სახელი ან პაროლი არასწორია“ — შეამოწმეთ, ორივე სწორადაა თუ არა აკრეფილი.
- „კლავიატურა ქართულზეა…“ — შესასვლელი სახელი და პაროლი ლათინური ასოებით იკრიფება; გადართეთ კლავიატურა.
- 5 არასწორი ცდის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება: „ბევრი მცდელობა — ანგარიში დაიბლოკა 15 წუთით“. ადმინისტრატორს შეუძლია ბლოკი მოხსნას გვერდზე „თანამშრომლები“ („ბლოკის მოხსნა“).
- „ანგარიში დეაქტივირებულია“ — ადმინისტრატორმა ანგარიში გამორთო.
შესვლის შემდეგ ადმინისტრატორი და მენეჯერი ჯერ „მიმოხილვას“ ხედავენ, მიმტანი — პირდაპირ „მაგიდებს“. პროგრამა სრულ ეკრანზე იხსნება (F11 — სრული ეკრანის ჩართვა/გამორთვა).
პირველი დღის გეგმა
- „პარამეტრები“ → „მაღაზია“: რესტორნის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ, დღგ, ჩეკის ბოლო ტექსტი, გადახდის მეთოდები (თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი).
- დარბაზები: შეასწორეთ გეგმა ისე, როგორც თქვენი დარბაზი გამოიყურება (თავი დარბაზები და მაგიდების გეგმა).
- სადგურები და პრინტერები: „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „სამზარეულოს სადგურები“ (თავი სამზარეულო).
- მენიუ: კატეგორიები, კერძები, ფასები და სადგური (თავი მენიუ); სადაც საჭიროა — ინგრედიენტები და რეცეპტები (თავი რეცეპტები).
- თანამშრომლები: მიმტანები, მენეჯერი, სამზარეულოს ეკრანის ანგარიში; საწყისი პაროლების შეცვლა.
- სცადეთ: გახსენით მაგიდა, დაამატეთ კერძი, გააგზავნეთ სამზარეულოში, დაბეჭდეთ პირველადი ჩეკი და მიიღეთ გადახდა (თავები შეკვეთა მაგიდაზე და პირველადი ჩეკი და გადახდა).
რას შეიცავს სახელმძღვანელო
- დარბაზში: პროგრამის ფანჯარა, დარბაზები და მაგიდების გეგმა, შეკვეთა მაგიდაზე, სამზარეულო, პირველადი ჩეკი და გადახდა.
- მენიუ და საწყობი: მენიუ, რეცეპტები და ინგრედიენტები, საწყობი.
- დღის ბოლოს და ანალიზი: ჩეკები და დაბრუნება, სალაროს დახურვა, მიმოხილვა და ანგარიშები.
- ადმინისტრირება: თანამშრომლები, მოწყობილობები, ქსელი და ბაზები, ბექაპი, ლიცენზია, განახლებები, დახმარება, ბუღალტერია, ხშირი კითხვები.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.