შეკვეთა მაგიდაზე: გახსნა, კერძების დამატება, რაოდენობა და სამზარეულოში გაგზავნა
როგორ იღებს მიმტანი შეკვეთას Activi Rest-ში: მაგიდის გახსნა, კერძის ძებნა და დამატება, რაოდენობის შეცვლა, ხაზის სტატუსები (ახალი, გაგზავნილი, მზადაა), დამატებითი შეკვეთა, სამზარეულოში გაგზავნა და ცარიელი მაგიდის დახურვა.
შეკვეთა მაგიდასთან ერთად იხსნება და მასთან რჩება, სანამ სტუმრები არ გადაიხდიან. ერთ მაგიდაზე ერთდროულად ერთი ღია შეკვეთაა; მისი გახსნა, შევსება და გადახდა ნებისმიერ მიმტანს შეუძლია, ნებისმიერი კომპიუტერიდან ან ტაბლეტიდან.
შეკვეთა ნაბიჯ-ნაბიჯ
- „მაგიდები“ → აირჩიეთ დარბაზი და დააჭირეთ მაგიდას. იხსნება მისი შეკვეთა; თავისუფალ მაგიდაზე — ახალი, ცარიელი.
- მარჯვნივ, მენიუში, დააჭირეთ კერძს — ის შეკვეთაში ემატება (ყოველი დაჭერა +1). საჭირო კერძის სწრაფად საპოვნელად ჩაწერეთ დასახელების ნაწილი ველში „კერძის ძებნა…“.
- რაოდენობა შეცვალეთ ხაზის − / + ღილაკებით; ნაგვის ყუთი ხაზს შლის.
- დააჭირეთ „სამზარეულოში“ — ახალი ხაზები სამზარეულოს სადგურებზე იგზავნება (ტალონი და/ან სამზარეულოს ეკრანი).
- დაბრუნდით დარბაზში ღილაკით „დარბაზი“ — მაგიდა იისფრად, ჯამით ჩანს.
- როცა სტუმრები ანგარიშს ითხოვენ — „პირველადი ჩეკი“, გადახდისას კი „გადახდა“ (თავი პირველადი ჩეკი და გადახდა).

გვერდის სათაური მაგიდის სახელია, ქვეშ — „დარბაზი · 1 სტუმარი · გახსნა 19:42“. (სტუმრების რაოდენობის შესაყვანი ველი 2.38-ში არ არის — აქ ყოველთვის 1 წერია.)
მენიუ შეკვეთის ეკრანზე
- ფილაზე ჩანს კერძის აიკონი, დასახელება და ფასი; ფილები დასახელების მიხედვით, ანბანურადაა დალაგებული.
- „კერძის ძებნა…“ ეძებს დასახელების ნებისმიერ ნაწილს: „ხაჭ“ → „ხაჭაპური აჭარული“, „ხაჭაპური იმერული“. ერთდროულად ჩანს 60-მდე ფილა — დიდი მენიუსთვის ძებნა უფრო სწრაფია.
- კატეგორიების ჩანართები და ფოტოები აქ არ ჩანს (ფოტო ჩანს მხოლოდ „მენიუს“ სიაში).

ყურადღება: 2.38-ში შეკვეთის მენიუში ჩანს საწყობის ინგრედიენტებიც (მაგ. „იმერული ყველი“, „კარაქი“ — ფასით 0,00 ₾). ისინი შეკვეთაში არ დაამატოთ: გადახდისას პროგრამა ანგარიშს არ დახურავს — „„…“ საწყობის ინგრედიენტია და პირდაპირ არ იყიდება“. თუ შემთხვევით დაამატეთ, წაშალეთ ხაზი ნაგვის ყუთით.
ხაზის სტატუსები
თითოეული ხაზის ქვეშ წერია, სად არის კერძი:
| სტატუსი | რას ნიშნავს |
|---|---|
| ახალი (ნაცრისფერი) | დამატებულია, მაგრამ სამზარეულოს ჯერ არ მიუღია |
| გაგზავნილი (მწვანე) | „სამზარეულოში“ დაჭერის შემდეგ — მზადდება |
| მზადაა (იისფერი) | მზარეულმა სამზარეულოს ეკრანზე „მზადაა“ მონიშნა — შეგიძლიათ გაიტანოთ |



სტატუსი „მზადაა“ ჩანს მაშინ, როცა სამზარეულო სამზარეულოს ეკრანით მუშაობს (თავი სამზარეულო). მხოლოდ პრინტერით მომუშავე სამზარეულოში ხაზები „გაგზავნილი“ რჩება — ეს ნორმალურია.
დამატებითი შეკვეთა
სტუმრებმა მოგვიანებით კიდევ შეუკვეთეს — გახსენით იგივე მაგიდა და დაამატეთ კერძი მენიუდან:
- თუ იგივე კერძი უკვე „ახალი“ ხაზია, მისი რაოდენობა გაიზრდება;
- თუ ის უკვე გაგზავნილია, ემატება ახალი ხაზი („ახალი“ სტატუსით) — და შემდეგი „სამზარეულოში“ სამზარეულოს მხოლოდ ამ ახალ ხაზებს უგზავნის.
ღილაკი „სამზარეულოში“ აქტიურია მხოლოდ მაშინ, როცა შეკვეთაში „ახალი“ ხაზი არის.

ყურადღება: გაგზავნილ ხაზზე + რაოდენობას ზრდის, მაგრამ სამზარეულოს ახალ ტალონს არ უგზავნის (სამზარეულოს ეკრანზე ციფრი შეიცვლება, დაბეჭდილ ტალონზე — არა). დამატებითი კერძი ყოველთვის მენიუდან დაამატეთ და გააგზავნეთ „სამზარეულოში“.
რაოდენობის შემცირება და ხაზის წაშლა
− და ნაგვის ყუთი ცვლის ნებისმიერ ხაზს — გაგზავნილსა და მზადასაც; 0 რაოდენობა ხაზს შლის. სამზარეულო ამის შესახებ ტალონს არ იღებს, ამიტომ თუ გაგზავნილ კერძს აუქმებთ, მზარეულს სიტყვიერად უთხარით (სამზარეულოს ეკრანიდან ხაზი თავისით გაქრება).
ფასი შეკვეთაში
ხაზი იმ ფასით ემატება, რომელიც კერძს დამატების მომენტში აქვს. გადახდისას კი ჩეკი მენიუს მიმდინარე ფასით ითვლება.
ყურადღება: მენიუს ფასები შეცვალეთ მაშინ, როცა ღია შეკვეთები არ არის (მაგ. დღის დახურვის შემდეგ). თუ ფასი ღია შეკვეთის დროს შეიცვალა, შეკვეთის ეკრანზე და პირველად ჩეკზე ძველი ჯამი ჩანს, გადახდისას კი ჩეკი ახალი ფასით ტარდება — თანხა შეიძლება არ დაემთხვეს („გადახდილი თანხა არასაკმარისია“).
მიმტანი შეკვეთაზე
შეკვეთა ინახავს, ვინ გახსნა მაგიდა: მისი სახელი იბეჭდება სამზარეულოს ტალონზე და პირველად ჩეკზე („მიმტანი: …“) და ჩანს სამზარეულოს ეკრანზე. ჩეკზე („ჩეკებში“) კი იწერება ის, ვინც გადახდა მიიღო.
მაგიდის დახურვა გადახდის გარეშე
- ცარიელი შეკვეთა (მაგიდა შემთხვევით გახსენით): ღილაკი ჰქვია „დახურვა“ — მაგიდა თავისუფლდება. თუ ცარიელი შეკვეთიდან უბრალოდ „დარბაზში“ დაბრუნდებით, მაგიდა დაკავებულად (0,00 ₾) დარჩება — გახსენით და დააჭირეთ „დახურვა“.
- შეკვეთა ხაზებით: ღილაკი ჰქვია „გაუქმება“ და ეკითხება: „შეკვეთა წაიშლება. დარწმუნებული ხართ?“ (ფანჯარაში ორივე ღილაკს „გაუქმება“ აწერია: წითელი ადასტურებს, ნაცრისფერი — უარს ამბობს).

ყურადღება: 2.38-ში ხაზებიანი შეკვეთის „გაუქმება“ დადასტურების შემდეგაც შეკვეთას არ შლის — უბრალოდ დარბაზში გაბრუნებთ და მაგიდა ღია რჩება. შეკვეთის მოსახსნელად წაშალეთ ყველა ხაზი ნაგვის ყუთით და შემდეგ დააჭირეთ „დახურვა“.

გადახდილი შეკვეთის დაბრუნება აღწერილია თავში ჩეკები და დაბრუნება.
რა არ არის 2.38-ში
შეკვეთის ეკრანზე არ არის: სტუმრების ან ადგილების (სკამების) მიხედვით დაყოფა, კერძის კომენტარი ან მოდიფიკატორი („ხახვის გარეშე“), ფასდაკლება, მომსახურების საკომისიო და ჩაი (tips), შეკვეთის სხვა მაგიდაზე გადატანა, მაგიდების გაერთიანება და ანგარიშის გაყოფა. კომენტარი მზარეულს სიტყვიერად გადაეცით; ანგარიში შეიძლება გადაიხადონ რამდენიმე გადახდის სახით (ნაწილი ნაღდით, ნაწილი ბარათით) — თავი პირველადი ჩეკი და გადახდა.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.