Activi Lomb: მიმოხილვა, დაყენება და პირველი გაშვება
რა არის Activi Lomb, მთავარი ცნებები — სესხი, გირაო, სესხის პირობა, პერიოდი, პროცენტი, ჯარიმა, დაკავება, ცვლა — სისტემური მოთხოვნები, დაყენება, პირველი გაშვება (ახალი, დემო ან არსებული ბაზა) და შესვლა.
Activi Lomb არის ლომბარდის მართვის პროგრამა: სესხის გაცემა გირაოს სანაცვლოდ (ოქრო და სამკაული წონითა და სინჯით, ტექნიკა, iPhone „ტარების უფლებით“, სხვა ნივთი), თქვენი წესით აწყობილი სესხის პირობები კალკულატორით, პროცენტის შეტანა, ძირის მოკლება და თანხის დამატება, ვადაგადაცილება და ჯარიმა, სესხის დახურვა და გირაოს დაკავება, გირაოს საწყობი და დაკავებული ნივთის გაყიდვა, სალაროები და ცვლები, ხელშეკრულება და ქვითრები, ბუღალტერია — ერთ ფანჯარაში.
ეს სახელმძღვანელო აღწერს ვერსიას 2.38. ყველა სურათი და ციფრი აღებულია ნამდვილი პროგრამიდან — სანიმუშო ლომბარდიდან „ოქროს გასაღები“, რომელიც ხუთი თვე „მუშაობდა“: სესხები გაიცა, პროცენტები შევიდა, ზოგი დაგვიანდა, ზოგი დაიხურა, ზოგი ნივთი დაიკავა და გაიყიდა. ყოველი თანხა პროგრამამ თავად დაითვალა. კლიენტების სახელები, პირადი ნომრები (000…), ტელეფონები, IMEI და სერიული ნომრები გამოგონილია.

მთავარი ცნებები
| ცნება | რას ნიშნავს პროგრამაში |
|---|---|
| სესხი | ფული, რომელიც კლიენტს გირაოს სანაცვლოდ ეძლევა. ეკუთვნის ერთ კლიენტს და აქვს ნომერი (№7) |
| გირაო | დაგირავებული ნივთი. სახეები: „ოქრო / სამკაული“, „ტექნიკა“, „iPhone ტარების უფლებით“, „სხვა ნივთი“ |
| შეფასება | რამდენად აფასებთ ნივთს (₾). ზღვრავს სესხის თანხას — მაგ. „შეფასების 80%“ |
| სესხის პირობა | წესი, რომლითაც სესხი გაიცემა: პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, სრული პერიოდი, საშეღავათო დღეები, ჯარიმა, მინიმალური დღეები. სესხი გაცემისას პირობას იმახსოვრებს |
| პერიოდი | ერთი გადახდის მონაკვეთი — N დღე (მაგ. 30) ან კალენდარული თვე გაცემის რიცხვში. მეორდება სესხის დახურვამდე |
| ძირი | კლიენტის ვალი პროცენტის გარეშე. მცირდება „ძირის მოკლებით“, იზრდება „თანხის დამატებით“ |
| პროცენტი | პერიოდის პროცენტი ძირიდან; პერიოდის შიგნით — დღეების მიხედვით, „N დღის შემდეგ“ — მთლიანად |
| შემდეგი გადახდა | თარიღი, როდემდეც კლიენტმა მიმდინარე პერიოდის პროცენტი უნდა შეიტანოს |
| ვადაგადაცილება | შემდეგი გადახდის თარიღი გავიდა და პროცენტი შეტანილი არ არის |
| ჯარიმა | % ძირიდან ყოველ დღეზე — საშეღავათო დღეების შემდეგ |
| დასახურად | რამდენი უნდა გადაიხადოს კლიენტმა დღეს, რომ ნივთი წაიღოს: ძირი + პროცენტი + ჯარიმა |
| დაკავება | სესხი იხურება კლიენტის გადახდის გარეშე და ნივთი ლომბარდის საკუთრება ხდება — „გასაყიდი“ |
| სალარო და ცვლა | ნაღდი ფული ყოველთვის კონკრეტულ სალაროშია. ნაღდი ოპერაციისთვის თანამშრომელს გახსნილი უნდა ჰქონდეს ცვლა |
ყოველი გაცემა, გადახდა, დახურვა, დაკავება და გაყიდვა ბუღალტერიაში თავისით ტარდება და (ნაღდისას) სალაროს ნაშთს ცვლის.
სისტემური მოთხოვნები
- ოპერაციული სისტემა: Windows 10 ან Windows 11, 64-ბიტიანი.
- დამატებითი პროგრამები: არ სჭირდება — მონაცემთა ბაზა პროგრამაშივეა ჩაშენებული.
- ინტერნეტი: ყოველდღიური მუშაობა ინტერნეტის გარეშეც შეიძლება. ინტერნეტი საჭიროა ლიცენზიისთვის, განახლებებისთვის, ზუსტი დროის შემოწმებისთვის, RS.ge-დან კლიენტის სახელის მოძებნისთვის და დახმარების მოთხოვნისთვის.
- აპარატურა (არასავალდებულო): პრინტერი ხელშეკრულებისთვის (A4) და ქვითრებისთვის; ვებკამერა ან ტელეფონი ნივთის ფოტოსთვის; სასწორი და სინჯის შემოწმების საშუალებები — პროგრამის გარეთ. მეორე სალარო ან ოპერატორის კომპიუტერი — იმავე ქსელში (თავი ქსელი და ბაზები).
დაყენება
- ჩამოტვირთეთ ინსტალერი გვერდიდან activi.ge/download. ფაილს ჰქვია
Activi-Lomb-Setup-ვერსია.exe(მაგალითადActivi-Lomb-Setup-2.38.0.exe). - გაუშვით ფაილი. თუ Windows იკითხავს ნებართვას, დაადასტურეთ.
- წაიკითხეთ და მიიღეთ სალიცენზიო შეთანხმება.
- საჭიროებისას შეცვალეთ დაყენების საქაღალდე (ჩვეულებრივ ნაგულისხმევი ჯობს).
- დაასრულეთ. სამუშაო მაგიდაზე და Start მენიუში ჩნდება მალსახმობი „Activi Lomb“ და პროგრამა თავისით იხსნება.
შენიშვნა: ინსტალერი თან აყენებს Activi Remote-ს — დისტანციური დახმარების პროგრამას (თუ კომპიუტერზე უკვე არის, მეორედ აღარ დგება). რისთვის გამოიყენება — თავი დახმარება და Activi Remote.
პირველი გაშვება: ახალი, დემო თუ არსებული ბაზა
Activi Lomb ყოველთვის საკუთარ ბაზაზე მუშაობს (Activi POS-ის მაღაზიის ბაზას არ ეხება). პირველ გაშვებაზე პროგრამა გეკითხებათ: „მოგესალმებით! როგორ დავიწყოთ Activi Lomb?“ სამი ღილაკით:
| ღილაკი | რა ხდება |
|---|---|
| ახალი ბაზა | სუფთა ბაზა თქვენი მონაცემებისთვის. შიგნით უკვე არის ოთხი სანიმუშო სესხის პირობა („ოქრო — 585 სინჯი“ 5%, „ტექნიკა“ 8%, „iPhone ტარების უფლებით“ 10% + 1 ₾, „ჩვეულებრივი გირაო“ 7%), სალარო „მთავარი სალარო“ და სამი მომხმარებელი; კლიენტები და სესხები ცარიელია |
| დემო ბაზა | მზა ლომბარდი გასაცნობად: 8 კლიენტი, სხვადასხვა სახის სესხი რამდენიმე თვის ისტორიით (პროცენტი, ძირის მოკლება, თანხის დამატება), ერთი დაგვიანებული ჯარიმით, დახურული სესხი, დაკავებული ნივთები (ერთი გაყიდული), ორი სალარო, ადმინისტრატორის ცვლა გახსნილი. ბაზას ჰქვია „ლომბარდი — დემო“ |
| არსებული ბაზა… | ბაზა უკვე არის — სხვა კომპიუტერზე (ქსელში), მაშინ ეს კომპიუტერი იმ ბაზაზე იმუშავებს, ან საქაღალდეში (ძველი ბაზა, ასლი — საქაღალდე, სადაც cloudpos.db დევს) |
ცარიელ ბაზაში „მიმოხილვის“ გვერდზე ჩანს ბარათი „ჯერ სესხები არ არის“ ღილაკით „დემო ბაზის გახსნა“ — დემო იქმნება ცალკე და სამუშაო ბაზა ხელუხლებელი რჩება. დემოთი ვარჯიშის შემდეგ სამუშაო ბაზას შექმნით „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ახალი ბაზა“ (თავი ქსელი და ბაზები).
შენიშვნა: თუ ლომბარდი აქამდე მაღაზიის საერთო ბაზაზე მუშაობდა (ძველი ვერსიები), განახლების შემდეგ პროგრამა ერთხელ გკითხავთ: „ლომბარდისთვის ცალკე ბაზა?“ — „ცალკე ბაზა“ ან „დარჩეს საერთო“. თუ საერთო ბაზაში სესხები უკვე არის, ნაგულისხმევია „დარჩეს საერთო“. არაფერი იშლება.
სად ინახება მონაცემები:
%APPDATA%\CloudPos\data-cloudlombard(დემო და დამატებითი ბაზები — იქვე,db-1,db-2… საქაღალდეებში). ნივთების ფოტოები — ბაზის საქაღალდეში,loan-photos. პროგრამის წაშლა ან განახლება ბაზას არ შლის.
შესვლა

- ველში „მომხმარებელი“ აკრიფეთ შესასვლელი სახელი ან დააჭირეთ ისარს და აირჩიეთ თავი სიიდან.
- ველში „პაროლი“ აკრიფეთ პაროლი. სენსორულ ეკრანზე დააჭირეთ ბადის ხატულას — გამოჩნდება ციფრების კლავიატურა; „თვალის“ ღილაკი აჩვენებს აკრეფილს.
- „დამახსოვრება“ ამ კომპიუტერზე იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს.
- დააჭირეთ „შესვლა“ (ან
Enter).
ქვედა ველი „ბაზა / სერვერი“ აჩვენებს, რომელ ბაზაზე შედიხართ; ზედა მარჯვენა ⚙ ღილაკი ხსნის „სერვერების კონფიგურაციას“ (ქსელისთვის). მარცხნივ წერია: „ლომბარდის მართვა — სესხები, გირავნობა, სალარო და ვადები — ერთ სისტემაში.“

საწყისი მომხმარებლები
| როლი | შესასვლელი სახელი | პაროლი |
|---|---|---|
| ადმინისტრატორი | admin | 1111 |
| მენეჯერი | manager | 2222 |
| ოპერატორი | cashier | 3333 |
ლომბარდში რიგით თანამშრომელს „ოპერატორი“ ჰქვია (სხვა პროგრამებში — „მოლარე“). ახალ ბაზაში ოპერატორის ანგარიშის სახელია „მოლარე“ — შეცვალეთ თანამშრომლის ნამდვილი სახელით.
ყურადღება: საწყისი პაროლები ყველასთვის ცნობილია და პროგრამა მათ შეცვლას არ გაიძულებთ. პირველივე დღეს შეცვალეთ ისინი („ჩემი პროფილი“ → „პაროლის შეცვლა“) და თითოეულ ოპერატორს შეუქმენით საკუთარი ანგარიში — თავი თანამშრომლები. ლომბარდში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ყოველ სესხსა და გადახდაზე იწერება, ვინ გასცა და ვინ მიიღო ფული.
შესვლის შეცდომები
- „მომხმარებლის სახელი ან პაროლი არასწორია“ — შეამოწმეთ ორივე.
- „კლავიატურა ქართულზეა…“ — სახელი და პაროლი ლათინურად იკრიფება; გადართეთ კლავიატურა.
- 5 არასწორი ცდის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება; ადმინისტრატორს შეუძლია ბლოკი მოხსნას („თანამშრომლები“ → „ბლოკის მოხსნა“).
- „ანგარიში დეაქტივირებულია“ — ადმინისტრატორმა ანგარიში გამორთო.
შესვლის შემდეგ ყველა — ადმინისტრატორიც და ოპერატორიც — „მიმოხილვას“ ხედავს. პროგრამა სრულ ეკრანზე იხსნება (F11 — ჩართვა/გამორთვა).
პირველი დღის გეგმა
- „პარამეტრები“ → „მაღაზია“: ლომბარდის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ — ისინი იბეჭდება ხელშეკრულებასა და ქვითარზე (თავი რეკვიზიტები და ბეჭდვა).
- „სესხის პირობები“: შეცვალეთ ოთხი სანიმუშო პირობა თქვენი ციფრებით, ოქროსთვის ჩაწერეთ „ფასი გრამზე“, საჭიროებისას დაამატეთ ახალი (თავი სესხის პირობები).
- „სალაროები“: შეიტანეთ სალაროში არსებული ნაღდი („შეტანა“ — „საწყისი კაპიტალი“), საჭიროებისას დაამატეთ მეორე სალარო (თავი სალაროები და ცვლები).
- თანამშრომლები: ოპერატორები, მენეჯერი; საწყისი პაროლების შეცვლა.
- iPhone-ის სესხებისთვის (თუ გაცემთ): „მაილები და ნომრები“ — ჩატვირთეთ მომზადებული მაილები და ნომრები (თავი iPhone ტარების უფლებით).
- სცადეთ: გახსენით ცვლა, დაამატეთ კლიენტი, გაეცით სესხი, შეიტანეთ პროცენტი და დახურეთ სესხი (თავები ახალი სესხი და სრული მაგალითი).
რას შეიცავს სახელმძღვანელო
- სესხები: პროგრამის ფანჯარა, სესხის პირობები, კლიენტები, ახალი სესხი, სესხის ბარათი და ხელშეკრულება, პროცენტი, ძირი და დამატება, ვადაგადაცილება და ჯარიმა, დახურვა და დაკავება, სრული მაგალითი: ოქროს ბეჭედი.
- ნივთები: საწყობი და გაყიდვა, iPhone ტარების უფლებით.
- ფული და ანალიზი: სალაროები და ცვლები, მიმოხილვა და ანგარიშები.
- ადმინისტრირება: თანამშრომლები, რეკვიზიტები და ბეჭდვა, ქსელი და ბაზები, პროგრამის დრო, ბექაპი, ლიცენზია, განახლებები, დახმარება, ბუღალტერია, ხშირი კითხვები.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.