Activi Dist: მიმოხილვა, დაყენება და პირველი გაშვება
რა არის Activi Dist, მთავარი ცნებები — აგენტი, მძღოლი, მაღაზია, მარშრუტი, შეკვეთა და მისი სტატუსები, აკრეფის სია, დატვირთვა, გაყიდვის დოკუმენტი, ვალი და ვადა — სისტემური მოთხოვნები, დაყენება, დემო ბაზა და პირველი შესვლა.
Activi Dist არის დისტრიბუციისა და საბითუმო ვაჭრობის პროგრამა. ის მიჰყვება მთელ გზას, მაღაზიაში აღებული შეკვეთიდან მაღაზიის ვალის დაფარვამდე:
- აგენტი მარშრუტით დადის და შეკვეთას მაღაზიაშივე ტელეფონიდან წერს.
- ოფისი შეკვეთას ადასტურებს, საწყობი აკრეფის სიით აგროვებს.
- დატვირთვისას თითო შეკვეთა ხდება გაყიდვის დოკუმენტი: ფაქტურით, ვალით და ზედნადებით.
- მძღოლი საქონელს აბარებს.
- აგენტი ვალს იღებს, ქვითრით.
ხელმძღვანელი ამ ყველაფერს ერთ დაფაზე ხედავს. Activi Dist აწყობილია Activi Build-ის საბითუმო ძრავზე. ამიტომ საბითუმო დოკუმენტები, ვალები, საწყობი, RS.ge და ბუღალტერია იმავე წესით მუშაობს.
ეს სახელმძღვანელო აღწერს ვერსიას 2.47. ყველა სურათი აღებულია ნამდვილი პროგრამიდან, სადემონსტრაციო ბაზიდან „დისტრიბუცია „სანიმუშო“ — დემო“. მაღაზიები, აგენტები, ტელეფონები და საიდენტიფიკაციო კოდები გამოგონილია.

მთავარი ცნებები
| ცნება | რას ნიშნავს პროგრამაში |
|---|---|
| აგენტი | გაყიდვების წარმომადგენელი. აქვს თავისი მაღაზიები, ვიზიტის დღეები, თვიური გეგმა და პროგრამაში შესასვლელი მომხმარებელი, ტელეფონიდან შესასვლელად |
| მძღოლი | ატარებს დატვირთულ შეკვეთებს. აქვს მანქანის ნომერი, რომელიც ზედნადებში ჩაიწერება, და ტელეფონზე თავისი ეკრანი |
| მაღაზია | კლიენტი, რომელსაც აწვდით. აქვს საიდენტიფიკაციო კოდი, აგენტი, ვიზიტის დღეები, ფასის დონე, კრედიტის ლიმიტი და გადახდის წესი |
| მარშრუტი | აგენტის მაღაზიები კვირის კონკრეტულ დღეს, მითითებული რიგით |
| შეკვეთა | რას უკვეთავს მაღაზია, ყუთებით ან ცალებით, მიტანის დღით და გადახდის წესით. ნომერი D-00615 ფორმისაა |
| ვიზიტი | აგენტის მისვლა მაღაზიაში. იწერება ან შეკვეთით, ან მიზეზით, თუ მაღაზიამ არ შეუკვეთა |
| აკრეფის სია | საწყობისთვის დასაბეჭდი ფურცელი: ჯამი ყუთებით და ცალებით, შემდეგ თითო შეკვეთა ცალკე |
| დატვირთვა | შეკვეთის მიბმა მძღოლზე. ამ დროს იწერება გაყიდვის დოკუმენტი (S-00601), საქონელი საწყობიდან ჩამოიწერება და თანხა მაღაზიის ვალში ჩაიწერება ვადით |
| ვალი / ვადა | თითო დოკუმენტს თავისი გადახდის თარიღი აქვს. ვადაგადაცილებული ვალი წითლად ჩანს |
| „მძინარე“ მაღაზია | მაღაზია, რომელსაც 30 დღეა არაფერი შეუკვეთავს |
| ნაღდი ხელზე | ნაღდი ფული, რომელიც აგენტმა ან მძღოლმა აიღო და ოფისში ჯერ არ ჩააბარა |
შეკვეთის სტატუსები
| სტატუსი | რას ნიშნავს | ვინ ცვლის |
|---|---|---|
| ახალი | აგენტმა გამოგზავნა, ოფისს ჯერ არ უნახავს | აგენტი (ან ოფისი, ტელეფონით) |
| დადასტურებული | ოფისმა შეამოწმა, ელოდება აკრეფას და დატვირთვას | ოფისი |
| მანქანაზე | დაიტვირთა: დოკუმენტი და ზედნადები დაიწერა, მძღოლი გზაშია | ოფისი („დატვირთვა“) |
| ჩაბარებული | მაღაზიამ ყველაფერი მიიღო | მძღოლი ან ოფისი |
| ნაწილობრივ | მაღაზიამ ნაწილი მიიღო, დანარჩენი საწყობში დაბრუნდა | მძღოლი ან ოფისი |
| უარი | მაღაზიამ არაფერი მიიღო, ყველაფერი საწყობში დაბრუნდა | მძღოლი ან ოფისი |
| გაუქმებული | შეკვეთა დატვირთვამდე გაუქმდა | ოფისი; აგენტი, თუ შეკვეთა ჯერ ახალია |
გადახდის წესები
| წესი | რა ხდება დატვირთვისას |
|---|---|
| ნაღდი მიტანისას | დოკუმენტი იწერება დღევანდელი ვადით. მძღოლი თანხას ადგილზე იღებს |
| კონსიგნაცია / ნისია (ვადით) | თანხა მაღაზიის ვალად ჩაიწერება. ვადა მოდის „დოკუმენტების პარამეტრებიდან“, ნაგულისხმევად 30 დღე |
| რეალიზაცია (დაბრუნების უფლებით) | საქონელი რეალიზაციაზე გადის: მაღაზია იხდის გაყიდულს, გაუყიდავი ბრუნდება |
| გადარიცხვა | დოკუმენტი ელოდება საბანკო ჩარიცხვას („გადარიცხვა (მოლოდინში)“) |
სისტემური მოთხოვნები
- ოფისის კომპიუტერი: Windows 10 ან 11 (64-ბიტი), 4 GB ოპერატიული მეხსიერება. აქ ინახება ბაზა.
- აგენტის და მძღოლის ტელეფონი: ნებისმიერი თანამედროვე ბრაუზერი (Chrome, Safari) და ინტერნეტი. პროგრამის დაყენება ტელეფონზე არ სჭირდება (თავი აგენტის ტელეფონი).
- ბეჭდვა: A4 პრინტერი დოკუმენტებისთვის, ფაქტურისთვის და აკრეფის სიისთვის.
- RS.ge: ზედნადების გასაგზავნად საჭიროა RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“).
დაყენება
- ჩამოტვირთეთ
Activi-Dist-Setup-….exeჩამოტვირთვის გვერდიდან. - გაუშვით და მიჰყევით ინსტალერს. პროგრამასთან ერთად დგება Activi Remote, დისტანციური დახმარებისთვის.
- პირველ გაშვებაზე აირჩიეთ: ახალი ბაზა სამუშაოდ, ან დემო ბაზა გასაცნობად.
ბაზა ინახება საქაღალდეში %APPDATA%\CloudPos\data-clouddist. ქსელის პორტია 3054 (თავი ქსელი და ბაზები).
დემო ბაზა
დემოში მზადაა:
- 87 საქონელი 7 კატეგორიაში, ცალით და ყუთით, საბითუმო და ქსელის ფასებით;
- 48 მაღაზია თბილისის რაიონებში;
- 4 აგენტი თვიური გეგმით და 2 მძღოლი;
- 60 დღის მუშაობა: დაახლოებით 600 შეკვეთა და დოკუმენტი, ვიზიტები, ნაწილობრივი მიტანები და უარები, ვალები და აღებული თანხები.
დემო ბაზა ცალკე ჩამოსატვირთადაც არის d.activi.ge-ზე: „Activi დემო ბაზები“ → Activi-Dist-Demo-DB.zip. ზიპის შიგნით ფაილი „როგორ ჩავტვირთო.txt“ გეტყვით, როგორ დაამატოთ.
| ვინ | მომხმარებელი | პაროლი |
|---|---|---|
| ოფისი (ადმინისტრატორი) | admin | 1111 |
| აგენტები | giorgi, nika, tamar, levan | 3333 |
| მძღოლები | zura, dato | 3333 |
პირველი შესვლა
- შესვლის ეკრანზე აირჩიეთ მომხმარებელი და აკრიფეთ პაროლი (ან PIN კოდი).
- ველში „ბაზა / სერვერი“ ჩანს, რომელ ბაზასთან შედიხართ.
- „შესვლა“. ადმინისტრატორი და მენეჯერი ხვდებიან „მართვის პანელზე“, აგენტი და მძღოლი — „ჩემ მარშრუტზე“.
ყურადღება: ახალ ბაზაში პირველივე შესვლისას შეცვალეთ ადმინისტრატორის პაროლი
1111(„ჩემი პროფილი“). აგენტების და მძღოლების პაროლებს „აგენტები და მძღოლები“ გვერდზე თავად აძლევთ.
რით დავიწყოთ სამუშაო ბაზაში
- კატალოგი: საქონელი ერთეულებით (ცალი და ყუთი) და ფასებით (თავი კატალოგი, ერთეულები და ფასები).
- აგენტები და მძღოლები: მომხმარებლით და პაროლით (თავი აგენტები და მძღოლები).
- მაღაზიები: აგენტით, დღეებით, ლიმიტით და გადახდის წესით (თავი მაღაზიები და მარშრუტები).
- საწყობის ნაშთი: შესყიდვით ან საწყისი ნაშთით (თავი კატალოგი, ერთეულები და ფასები).
- ტელეფონები: აგენტები შედიან თავისი მომხმარებლით (თავი აგენტის ტელეფონი).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.