Activi
Activi Rest

კერძის კალკულაცია და თვითღირებულება — როგორ დავთვალოთ ფუდქოსტი

როგორ შევადგინოთ კერძის ტექნოლოგიური ბარათი, დავთვალოთ თვითღირებულება და ფუდქოსტის პროცენტი, გავითვალისწინოთ დანაკარგები, დავადგინოთ ფასი და თვის ბოლოს შევამოწმოთ საწყობი.

კერძის კალკულაცია რესტორნის და კაფის ეკონომიკის საფუძველია: თუ არ იცით, რა ღირს ერთი პორცია, ვერც ფასს დაადგენთ სწორად და ვერც იმას გაიგებთ, სად იკარგება მოგება. ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ, როგორ შევადგინოთ ტექნოლოგიური ბარათი, როგორ დავთვალოთ კერძის თვითღირებულება და ფუდქოსტი და როგორ ვაკონტროლოთ შედეგი ყოველთვიურად.

რა არის ტექნოლოგიური ბარათი

ტექნოლოგიური ბარათი (ანუ რეცეპტის ბარათი) არის ერთი პორციის „პასპორტი“: რა ინგრედიენტები შედის კერძში, რა რაოდენობით, როგორ მზადდება და რა გამოსავალი აქვს. ის სამზარეულოს ყველა მზარეულისთვის ერთნაირი უნდა იყოს — სწორედ ეს უზრუნველყოფს, რომ ორშაბათს და შაბათს ერთი და იგივე კერძი ერთი ზომისა და გემოსი გამოვიდეს.

კარგ ბარათში მინიმუმ ეს მონაცემებია:

  • ინგრედიენტი და საზომი ერთეული (კგ, ლიტრი, ცალი);
  • ბრუტო — რამდენი აიღება საწყობიდან;
  • ნეტო — რამდენი რჩება გაწმენდის, ძვლისგან გათავისუფლების ან თერმული დამუშავების შემდეგ;
  • ერთეულის შესყიდვის ფასი — ბოლო ან საშუალო ფასი;
  • თანხა — რამდენი ღირს ინგრედიენტი ამ პორციაში;
  • გამოსავალი — პორციის საბოლოო წონა და მიწოდების წესი.

თვითღირებულება ყოველთვის ბრუტოდან ითვლება, რადგან საწყობიდან სწორედ ბრუტო გადის — ქერქი და ძვალი თქვენ ხომ მაინც იყიდეთ.

დანაკარგები და გამოსავალი

ყველაზე ხშირი შეცდომა კალკულაციაში ნეტო წონის გამოყენებაა. თუ ოჯახურისთვის 250 გრამი მზა ხორცი გჭირდებათ, მაგრამ მოჭრის და ცხიმის მოცილების შემდეგ ხორცის 15% იკარგება, საწყობიდან დაახლოებით 300 გრამი უნდა აიღოთ. კარტოფილის გაფცქვნაზე, ბოსტნეულის გაწმენდაზე და შემწვარ ხორცზე ანალოგიური დანაკარგი მოდის.

დანაკარგის პროცენტი ყველა სამზარეულოში განსხვავებულია — ის დამოკიდებულია მომწოდებელზე, ნედლეულის ხარისხზე და მზარეულზე. ამიტომ უმჯობესია, რამდენჯერმე თავად აწონოთ: ჩამოვიდა 10 კგ ხორცი, დამუშავების შემდეგ დარჩა 8,5 კგ — დანაკარგი 15%-ია. ეს ციფრი ბარათში ჩაწერეთ და პერიოდულად გადაამოწმეთ.

კერძის თვითღირებულების დათვლა — მაგალითი

ავიღოთ ოჯახური. ქვემოთ მოცემული ფასები და რაოდენობები პირობითია — მხოლოდ მაგალითისთვის; თქვენი ციფრები თქვენს შესყიდვებზე იქნება დამოკიდებული.

ინგრედიენტიბრუტონეტოფასი (მაგალითი)თანხა
ღორის ხორცი300 გ255 გ18,00 ₾/კგ5,40 ₾
კარტოფილი250 გ200 გ1,60 ₾/კგ0,40 ₾
ხახვი60 გ50 გ2,00 ₾/კგ0,12 ₾
მზესუმზირის ზეთი30 მლ30 მლ6,00 ₾/ლ0,18 ₾
მარილი, სანელებლები———0,15 ₾
მწვანილი, ბროწეული———0,25 ₾
სულ თვითღირებულება6,50 ₾

ერთი პორციის თვითღირებულება ამ მაგალითში 6,50 ₾-ია. თუ სხვა მომწოდებელთან ხორცი 20 ₾ დაჯდება, პორცია 0,60 ₾-ით გაძვირდება — ამიტომ კალკულაცია ერთხელ და სამუდამოდ კი არ კეთდება, არამედ ფასების ცვლილებასთან ერთად უნდა განახლდეს.

ფუდქოსტი: რას ნიშნავს და როგორ ითვლება

ფუდქოსტი (food cost) არის პროდუქტის ღირებულების წილი კერძის გასაყიდ ფასში:

ფუდქოსტი % = კერძის თვითღირებულება ÷ გასაყიდი ფასი დღგ-ის გარეშე × 100

თუ დღგ-ის გადამხდელი ხართ, ფასიდან ჯერ დღგ უნდა გამოაკლოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში ფუდქოსტი ხელოვნურად დაბალი გამოვა. ჩვენს მაგალითში ოჯახური მენიუში 22 ₾ ღირს:

  • ფასი დღგ-ის გარეშე: 22 ÷ 1,18 = 18,64 ₾;
  • ფუდქოსტი: 6,50 ÷ 18,64 = 34,9%;
  • თუ დღგ-ის გადამხდელი არ ხართ: 6,50 ÷ 22 = 29,5%.

რა არის „ნორმალური“ ფუდქოსტი? ორიენტირად ხშირად 25–35%-ს ასახელებენ, მაგრამ ერთიანი სწორი ციფრი არ არსებობს: ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს დაბალი ფუდქოსტი აქვთ, სტეიკს ან ზღვის პროდუქტებს — მაღალი. მთავარია, იცოდეთ თითოეული კერძის ციფრი და მენიუს საშუალო.

ფასის დადგენა კალკულაციის მიხედვით

თუ ფუდქოსტის სამიზნე იცით, ფასი უკუღმა ითვლება:

  1. აირჩიეთ სამიზნე ფუდქოსტი, მაგალითად 30%;
  2. გაყავით თვითღირებულება სამიზნეზე: 6,50 ÷ 0,30 = 21,67 ₾ (დღგ-ის გარეშე);
  3. დაამატეთ დღგ, თუ გადამხდელი ხართ: 21,67 × 1,18 = 25,57 ₾;
  4. დაამრგვალეთ მენიუსთვის და შეადარეთ ბაზარს — მაგალითად 25 ან 26 ₾.

ფორმულა მხოლოდ საწყისი წერტილია. ფასზე გავლენას ახდენს მდებარეობა, კონკურენცია, პორციის ზომა და ის, თუ რამდენს ხარჯავთ ხელფასზე, იჯარაზე და კომუნალურზე. ზოგი კერძი შეგნებულად დაბალი მარჟით იყიდება, რომ სტუმარი მოიზიდოს, ზოგი კი — მაგალითად სასმელები — ძირითად მოგებას აკეთებს.

ინგრედიენტების ავტომატური ჩამოწერა

ქაღალდზე შედგენილი კალკულაცია ფასს გაძლევთ, მაგრამ საწყობს ვერ აკონტროლებს. აქ პროგრამა გეხმარებათ. რესტორნის პროგრამა Activi Rest-ში კერძს რეცეპტს მიაბამთ, და გაყიდვისას ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება. ყოველი გაყიდული ოჯახური ნიშნავს, რომ ხორცის, კარტოფილის და ხახვის ნაშთი შესაბამისი რაოდენობით შემცირდა.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

  • რეცეპტში ჩაწერეთ ბრუტო რაოდენობა — ის, რაც რეალურად გადის საწყობიდან, რომ ნაშთი სინამდვილეს დაემთხვეს;
  • ერთეულები თანმიმდევრული იყოს: თუ ხორცი კილოგრამებით შემოდის, რეცეპტშიც კილოგრამის ნაწილით ჩაწერეთ (0,300 კგ);
  • პროდუქტის შემოსავალი პროგრამაში დროულად გაატარეთ — თვითღირებულება შესყიდვის ფასებიდან ითვლება;
  • რეცეპტი შეცვალეთ, როცა მზარეული პორციას ცვლის, და არა თვის ბოლოს.

შედეგად ნაშთები და კერძების თვითღირებულება ყოველთვის ცნობილია, და თუ რაიმე ნედლეული ელოდებოდით ადრე გათავდა, ამას მაშინვე ხედავთ. მიმტანი და სამზარეულო ჩვეულებრივად მუშაობენ — შეკვეთა სამზარეულოს ეკრანზე ან პრინტერზე მიდის, საწყობი კი ფონურად სწორდება.

თვის კონტროლი: თეორიული და ფაქტობრივი ხარჯი

ავტომატური ჩამოწერა აჩვენებს, რამდენი უნდა დახარჯულიყო გაყიდვების მიხედვით. რამდენი დაიხარჯა სინამდვილეში, ამას ფიზიკური დათვლა აჩვენებს. ამ ორის სხვაობა — ზედმეტი პორციები, დაზიანებული პროდუქტი, აღურიცხავი კერძები, ზოგჯერ კი ქურდობა.

მარტივი მაგალითი ხორცზე (ციფრები პირობითია):

მაჩვენებელირაოდენობა
ნაშთი თვის დასაწყისში20 კგ
შემოსავალი თვეში60 კგ
დათვლილი ნაშთი თვის ბოლოს15 კგ
ფაქტობრივი ხარჯი (20 + 60 − 15)65 კგ
თეორიული ხარჯი (200 პორცია × 0,300 კგ)60 კგ
სხვაობა5 კგ ≈ 90 ₾

5 კილოგრამი თვეში ერთ ინგრედიენტზე შეიძლება პატარად მოგეჩვენოთ, მაგრამ მთელ მენიუზე ასეთი სხვაობები მნიშვნელოვან თანხად იკრიბება. როცა პროგრამის ნაშთი და დათვლილი ნაშთი ერთმანეთს ადარებთ, ხედავთ, რომელ პროდუქტზე და რომელ თვეში გაიზარდა სხვაობა — და შეგიძლიათ მიზეზი მოძებნოთ: შეამოწმოთ პორციის ზომა, დაუწეროთ დანაკარგი, ან შეცვალოთ რეცეპტი.

ყოველთვიური ჩეკლისტი

  • განაახლეთ შესყიდვის ფასები და ნახეთ, რომელი კერძის თვითღირებულება გაიზარდა;
  • დათვალეთ ძირითადი ინგრედიენტები და შეადარეთ პროგრამის ნაშთს;
  • გამოიკვლიეთ ყველა სხვაობა, რომელიც თქვენს ზღვარს აჭარბებს;
  • გადახედეთ კერძებს, რომელთა ფუდქოსტი სამიზნეზე მაღალია;
  • ახალი კერძი მენიუში მხოლოდ კალკულაციის შემდეგ შეიტანეთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა კალკულაციასა და ფუდქოსტს შორის?

კალკულაცია ერთი პორციის თვითღირებულებას გაძლევთ ლარებში, ფუდქოსტი კი აჩვენებს, ფასის რა ნაწილია ეს თვითღირებულება პროცენტებში. პირველი ფასის დასადგენად გჭირდებათ, მეორე — მენიუს მომგებიანობის შესადარებლად.

რამდენად ხშირად უნდა განვაახლო კერძის თვითღირებულება?

ყოველ ჯერზე, როცა ძირითადი ინგრედიენტის ფასი შესამჩნევად იცვლება, და მინიმუმ თვეში ერთხელ. პროგრამაში, სადაც თვითღირებულება შესყიდვის ფასებიდან ითვლება, ეს ხელით გადათვლას აღარ მოითხოვს.

რა ხდება, თუ კერძს რეცეპტი არ აქვს მიბმული?

ის ჩვეულებრივ გაიყიდება, მაგრამ ინგრედიენტები საწყობიდან არ ჩამოიწერება და ნაშთი არასწორი იქნება. ამიტომ რეცეპტი ყველა კერძს და კოქტეილს უნდა ჰქონდეს, რომელიც საწყობის პროდუქტს ხარჯავს.

რა ღირს Activi Rest?

Standard პაკეტი 49 ₾-ია თვეში, Pro — ბუღალტერიის მოდულით — 89 ₾, ფასები დღგ-ის გარეშეა, პირველი 2 თვე კი უფასოა. დეტალურად იხილეთ Activi-ის ფასები და პაკეტები.

შეჯამება

კერძის კალკულაცია არ არის ერთჯერადი ცხრილი — ეს ყოველდღიური კონტროლია: ზუსტი ბარათი ბრუტო წონით, რეალისტური დანაკარგები, ფუდქოსტი დღგ-ის გარეშე და თვიური შედარება დათვლილ ნაშთთან. თუ რესტორნის სხვა პროცესებიც გაინტერესებთ, წაიკითხეთ რესტორნის მართვის პროგრამის მიმოხილვა, ხოლო ახალი ობიექტისთვის — კაფის გახსნის ტექნიკური ჩეკლისტი. მოითხოვეთ Activi Rest-ის დემო — გაჩვენებთ, როგორ მუშაობს რეცეპტები და ჩამოწერა თქვენი მენიუს მაგალითზე, ან ჩამოტვირთეთ პროგრამა და სცადეთ 2 თვე უფასოდ.

Activi Rest

დარბაზები და მაგიდები, შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი და პრინტერები, რეცეპტები და ინგრედიენტების ჩამოწერა — ყველაფერი, რაც ცვლას სჭირდება.

Activi Rest: რესტორანი და კაფე — შესაძლებლობები · Activi Rest-ის ფასები და პაკეტები

გაიგეთ მეტი

გინდათ ნახოთ, როგორ იმუშავებს თქვენთან?

გაჩვენებთ პროგრამას თქვენი ბიზნესის მაგალითზე — დისტანციურად ან ადგილზე.